ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

თავი 1

  1. 1
    ესაიას, ამოცის ძის ხილვა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში:
  2. 2
    ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ.
  3. 3
    ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი - თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.
  4. 4
    ჰოი, ცოდვილო ერო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა თესლო, გახრწნილების ძენო; მათ მიატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, ზურგი აქციეს.
  5. 5
    როდემდე უნდა იცემებოდეთ და უმატებდეთ განდგომას? ყოველი თავი სნეულია და ყოველი გული უძლური.
  6. 6
    აღარ შეგრჩათ ჯანსაღი ადგილი ტერფიდან თხემამდე, ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ, ჩირქოვანი იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, ზეთით დაუამებელი.
  7. 7
    გაუდაბურდა თქვენი ქვეყანა, გადაიწვა თქვენი ქალაქები, უცხონი ჭამენ თქვენი მინდვრების ნაყოფს თქვენს თვალწინ, ყოველივე გაცამტვერდა, თითქოს მომხდურთ დაერბიოთ.
  8. 8
    და დარჩა სიონის ასული, როგორც სადგომი ვენახში და ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.
  9. 9
    ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა გადარჩენილნი ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით.
  10. 10
    ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდეთ ჩვენი ღმერთის სჯულს, გომორას ხალხო:
  11. 11
    "რად მიმრავლებთ შესაწირს? ამბობს უფალი. გამძღარი ვარ სრულადდასაწველი ვერძებითა და მსუქანი საქონლის ცხიმით; არ მახარებს მოზვერთა, ცხვართა და ვაცთა სისხლი.
  12. 12
    ჩემს წინაშე წარსადგომად რომ მოდიხართ, ვინ მოგთხოვათ ჩემი ეზოების გათელვა?
  13. 13
    აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან - ურჯულოებას და დღესასწაულს!
  14. 14
    თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა.
  15. 15
    ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ - ხელები სისხლით გაქვთ სავსე.
  16. 16
    განიბანეთ, განიწმიდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემს წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ.
  17. 17
    სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.
  18. 18
    მერე მოდით და ვიდავოთ, ამბობს უფალი, მეწამულივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება.
  19. 19
    თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ,
  20. 20
    მაგრამ თუ იუარებთ და ამიჯანყდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის პირმა თქვა ასე.
  21. 21
    როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სამართლის ნაყოფი, სიმართლის სავანე, ახლა კი მკვლელები არიან იქ!
  22. 22
    შენი ვერცხლი გაუფასურდა, შენი ღვინო გაწყალდა.
  23. 23
    შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.
  24. 24
    ამიტომ აცხადებს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ძლევამოსილი: "ჰოი, მოვისვენებ ჩემს შემავიწროებელთაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.
  25. 25
    შენს წინააღმდეგ მოვაქცევ ხელს და სახმილით განვწმედ შენს ნატამალს, მოვაცილებ მთელ მინარევს.
  26. 26
    აღვადგენ შენს მსაჯულთ, როგორც უწინ, და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში! ამის შემდეგ დაგერქმევა სიმართლის სადარაჯო, სარწმუნო ქალაქი.
  27. 27
    სამართლით გამოისყიდება სიონი და სიმართლით - მისკენ მოქცეულნი.
  28. 28
    ერთად შეიმუსრებიან ბოროტმოქმედნი და ცოდვილნი; დაიღუპებიან უფლის მიმტოვებელნი.
  29. 29
    უსათუოდ შეგრცხვებათ მუხების გამო, რომელთაც ნატრობდით და ბაღნარების გამო, რომლებსაც ირჩევდით.
  30. 30
    ვინაიდან ფოთოლშემჭკნარი მუხასავით და უწყლო ბაღნარივით იქნებით.
  31. 31
    ძლიერი ძენძად იქცევა და საქმენი მისი - ნაპერწკლად; ერთად დაიწვება ორივე და არავინ იქნება ჩამქრობი”.
იტვირთება შემდეგი თავი