ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1წინასწარმეტყველება ხილვათა ხეობაზე: რა დაგემართა, მთლიანად ერდოებზე რომ ამოსულხართ,
- 2მღელვარებით სავსე, ხმაურიანო ქალაქო! შენი განგმირულნი მახვილით არ დაცემულან და არც ბრძოლაში დაღუპულან.
- 3ყველა შენი მთავარი ერთად გაიქცა, უმშვილდოთ შეიპყრეს, ვინც შენში ჰპოვეს, ყველანი ერთად შეიპყრეს, თუმცა შორს იყვნენ გაქცეულნი.
- 4ამიტომ ვთქვი: "მზერა მომარიდეთ, მაცალეთ მწარედ ტირილი, ნუ იჩქარებთ მანუგეშოთ ჩემი ერის ასულის უბედურების გამო”.
- 5რადგან ჩოჩქოლის, დამორჩილებისა და დაბნეულობის დღეა ხილვის ხეობაში ღვთისგან, ცაბაოთ უფლისგან. კედლებს ანგრევენ და მთებს შეჰღაღადებენ.
- 6კაპარჭი აიღო ყელამმა, მეეტლეები და მხედრები მოდიან, ფარი გააშიშვლა კიროსმა.
- 7შენი რჩეული ველები ეტლებით გაივსო, კარიბჭესთან მწყობრად განლაგდნენ მხედრები.
- 8ჯავშანი შემოეძარცვა იუდას და იმ დღეს ხის სასახლის საჭურველზე დადე შენი იმედი.
- 9ნახეთ ნაპრალების სიმრავლე დავითის ქალაქის კედლებში და ქვემო აუზის წყალს ხაპავდით,
- 10აღრიცხავდით იერუსალიმის სახლებს და ანგრევდით მათ გალავნის გასამაგრებლად,
- 11წყალსატევი გაიკეთეთ ორ გალავანს შორის, ძველი აუზის წყლებისთვის. მაგრამ მის შემოქმედს არ შეხედეთ და ძველთაგანვე მისი დამსახველი არ შეიცანით.
- 12იმ დღეს იყო, რომ მოგიხმოთ ცაბაოთ უფალმა სატირლად და საგლოვად, თმების გადასაპარსად და ჯვალოთი შესამოსად.
- 13მაგრამ, აჰა, ილხენდით და მხიარულობდით! ხარებს კლავდით და ცხვარს ჟლეტდით, ხორცს ჭამდით და ღვინოს სვამდით: ვჭამოთ და ვსვათ, ხვალ მაინც დავიხოცებითო!
- 14გამოუცხადა ცაბაოთ უფალმა ჩემს ყურს: "ნამდვილად არ მიგეტევებათ ეს დანაშაული, სანამ არ მოკვდებით”, ამბობს ღმერთი, ცაბაოთ უფალი.
- 15ასე ამბობს ღმერთი, ცაბაოთ უფალი: "ადექი, მიდი მაგ კარისმცველთან, შებნასთან, სასახლეს რომ განაგებს და უთხარი:
- 16რა უფლება გაქვს, ან ვინა გყავს აქ, სამარხი რომ გამოგიკვეთია შენთვის? მაღლობზე გაგიჭრია სამარხი და კლდეში გამოგიკვეთია მოსასვენებელი.
- 17აჰა, შურდულივით გისვრის უფალი; მტკიცე ალყაში მოგაქცევს.
- 18ფუთასავით დაგგორგლავ და ბურთივით გისვრი შორეულ მიწაზე; იქ მოკვდები და იქ დარჩება შენი დიდების ეტლები, სირცხვილო შენი ბატონის სახლისა!
- 19გადაგაყენებ შენი მსახურებიდან და გადაგაგდებ შენი ადგილიდან.
- 20იმ დღეს მოვუხმობ ჩემს მსახურ ელიაკიმს, ხილკიაჰუს ძეს.
- 21შენი მოსასხამით შევმოსავ, წელზე შენს სარტყელს შემოვარტყამ და ხელთ გადავცემ შენს ძალაუფლებას. ის იქნება მამა იერუსალიმის მკვიდრთათვის და იუდას სახლისთვის.
- 22მხარზე დავადებ დავითის სახლის გასაღებს; გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვერავინ გააღებს.
- 23სოლივით ჩავარჭობ მტკიცე ადგილზე და დიდების ტახტად იქნება თავისი მამის სახლისთვის.
- 24მასზე ჩამოკიდებენ მამამისის სახლის მთელ დიდებას, შთამომავალსა და ნაშიერს, ყველა მცირე ჭურჭელს თასებიდან ქოთნამდე.
- 25იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, შეირყევა მტკიცე ადგილზე ჩასობილი სოლი, გადატყდება და დაეცემა. მოსწყდება ტვირთი, ზედ რომ აწევს, რადგან უფლის ნათქვამია ეს”.
იტვირთება შემდეგი თავი