ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 25

  1. 1
    უფალო, ღმერთო ჩემო! აგამაღლებ და მადლობას ვუძღვნი შენს სახელს, რადგან საოცრებანი მოიმოქმედე სრული ერთგულებით. ეს იყო შენი ჩანაფიქრი ადრინდელი დროიდან!
  2. 2
    შენ აქციე ქალაქი ქვის გროვად, გამაგრებული დედაქალაქი - ნანგრევებად; უცხოთა სასახლედ, აღარაა ქალაქი, აღარ აშენდება უკუნისამდე.
  3. 3
    ამის გამო გადიდებს ძლევამოსილი ხალხი, ულმობელი ერების ქალაქებს შეეშინდებათ შენი.
  4. 4
    რადგან შენ იყავი უმწეოს სიმაგრე, გაჭირვებულის სიმაგრე მის სივიწროვეში, თავშესაფარი ნიაღვრებისას, ჩრდილი პაპანაქებაში; ვინაიდან ულმობელთა სუნთქვა ღვარცოფივით ეხლებოდა კედელს.
  5. 5
    შენ ჩაახშე უცხოთა ბრდღვინვა, როგორც ხვატი უწყლო ადგილზე; როგორც ხვატი ღრუბლის ჩრდილით, ისე დაითრგუნა სასტიკთა სიმღერა.
  6. 6
    მსუყე ნადიმს მოუმზადებს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე, ძველი ღვინოებით, ძვლის ტვინიანი საჭმელებით, თხლისგან დაწმენდილი ღვინით.
  7. 7
    ამ მთაზე შთანთქავს ყველა ხალხზე აფარებულ პირბადეს და ყველა ერზე აფარებულ რკინის ნიღაბს.
  8. 8
    სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს უფალი ღმერთი და მოსწმენდს ცრემლს ყველა სახიდან, მოაშორებს სირცხვილს თავის ხალხს მთელ ქვეყნიერებაზე, რადგან თქვა უფალმა.
  9. 9
    იტყვიან იმ დღეს: "აჰა, ესაა ჩვენი ღმერთი, მას ველოდით და გვიხსნა, უფალს ველოდით და ვხარობთ და ვზეიმობთ მისმიერი ხსნით”.
  10. 10
    რადგან ამ მთაზე დაივანებს უფლის ხელი და გაითელება მოაბი თავის ადგილზე, როგორც ჩალას თელავენ სანაგვეზე.
  11. 11
    თუმცა გაშლის ხელებს თავის წიაღში, როგორც მოცურავე გასაცურად, მაგრამ უფალი დაამცირებს მის სიამაყეს მისი ხელის ცბიერებასთან ერთად.
  12. 12
    ის დაამდაბლებს შენი მაღალი კედლების სიმაგრეს, მიწამდე დაამდაბლებს, მტვრად აქცევს.
იტვირთება შემდეგი თავი