ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 32
- 1აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და სამართლით იმთავრებენ მთავრები.
- 2ისე იქნება ყოველი მათგანი, როგორც თავშესაფარი ქარში და სამალავი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები გამომშრალ ქვეყანაში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი გამოფიტულ მიწაზე.
- 3არ დაიბინდება მხედველთა თვალები და მათგან მსმენელთა ყურები გაიგონებენ.
- 4თავქარიანთა გული ჭეშმარიტებას ჩაწვდება და ენაბორძიკთა ენა სწრაფად და გარკვევით იმეტყველებს.
- 5უგუნურზე აღარ იტყვიან ღირსეულიაო და თაღლითზე აღარ იტყვიან პატიოსანიაო,
- 6რადგან უაზროდ ლაპარაკობს უგუნური, მისი გული ბოროტს იზრახავს, რათა უღმერთოდ მოიქცეს და მრუდედ ილაპარაკოს უფალზე, უქონელი მშიერი დატოვოს და მწყურვალს სასმელი დაუკავოს.
- 7თაღლითს ბოროტება აქვს იარაღად, მზაკვრობას განიზრახავს, რათა ღატაკი და გაჭირვებული გაანადგუროს, თუნდაც ის სიმართლეს ლაპარაკობდეს.
- 8ღირსეული კი ღირსეულს განიზრახავს და ღირსეულ ზრახვებზე დგას.
- 9უზრუნველო ქალებო, წამოდექით, შეისმინეთ ჩემი ხმა! უდარდელო ასულნო, ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს!
- 10ერთი წლის და რამდენიმე დღის შემდეგ შეშფოთდებით, უდარდელნო, რადგან აღარ იქნება რთველი, აღარ დადგება მოსავლის აღების ჟამი.
- 11თრთოდეთ უზრუნველნო, შეშფოთდით უდარდელნო, გაიხადეთ, გაშიშვლდით და ძაძა შემოირტყით წელზე.
- 12მკერდს იცემდეთ საამური მინდვრებისა და ნაყოფიერი ვენახების გამო,
- 13ჩემი ხალხის მიწის გამო, სადაც ნარი და ეკალი ამოვა; ყველა მხიარული სახლისა და მოზეიმე ქალაქის გამო.
- 14რადგან დაცარიელებულია სასახლე, მიტოვებულია ხმაურიანი ქალაქი, მაღლობი და საგუშაგო გოდოლი სამუდამოდ გამოქვაბულებად იქცნენ, ველური ვირების სალაღობოდ და ფარათა საძოვრად.
- 15სანამ მაღლიდან არ გადმოიღვრება ჩვენზე სული და უდაბნო ნაყოფიერ მინდვრად არ გადაიქცევა და ნაყოფიერი მინდორი ტყედ არ შეირაცხება;
- 16აჰა, მაშინ დამკვიდრდება სამართალი უდაბნოში და სიმართლე ნაყოფიერ მინდორში დასახლდება,
- 17სამართალი შექმნის მშვიდობას და იქნება სიმშვიდე და უსაფრთხოება უკუნისამდე.
- 18დასახლდება ჩემი ხალხი მშვიდობის სავანეში, უსაფრთხო სამკვიდრებელსა და უზრუნველ სადგომში.
- 19და იქნება სეტყვა - ტყე მოიკვეთება და ქალაქი დადაბლდება.
- 20ნეტარნი ხართ მთესველნი ყველა წყალთან და ხარისა და სახედრის ნებაზე მიმშვებნი.
იტვირთება შემდეგი თავი