ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 34

  1. 1
    ახლოს მოდით, ერებო, რომ მოისმინოთ და, ტომებო, რომ გაიგონოთ! მოისმინოს ქვეყანამ და მისმა სისავსემ, ქვეყნიერებამ და ყოველმა აღმონაცენმა მისმა.
  2. 2
    რადგან რისხვა უფლისა ყველა ერზეა და გულისწყრომა მთელ მათ ლაშქარზე. მან მოსპო და სასაკლაოს გადასცა ისინი.
  3. 3
    მათი დახოცილნი გადაიყრებიან, მათი მძორები აყროლდებიან; მთები გაიჟღინთება მათი სისხლით.
  4. 4
    ცის მთელი მხედრობა დალპება, ცა გრაგნილივით დაიგრაგნება, გახმება და ჩამოცვივა მთელი მისი მხედრობა, როგორც ფოთოლი ხმება და ცვივა ვაზიდან ან ლეღვის ხიდან.
  5. 5
    რადგან გაძღება ჩემი მახვილი ცაში და აჰა, ედომის განსაკითხად დაეშვება იგი, ჩემს მიერ მსჯავრდადებულ ხალხზე.
  6. 6
    სისხლითაა გამძღარი უფლის მახვილი, გაპოხილია ქონით, კრავთა და ვაცთა სისხლით, ვერძების თირკმელთა ქონით, რადგან მსხვერპლთშეწირვა აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის ქვეყანაში.
  7. 7
    ველური ხარებივითა და მოზვრებივით დაეცემიან მათი ძლიერნი; მიწა სისხლით გაიჟღინთება, ქონით გაიპოხება მისი მტვერი.
  8. 8
    რადგან შურისგების დღე აქვს უფალს, სამაგიეროს მიგების წელი სიონის სარჩელის გამო.
  9. 9
    მისი ნაკადები კუპრად იქცევა და მისი მტვერი - გოგირდად; მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი გახდება.
  10. 10
    არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე, უკუნისამდე აედინება კვამლი, თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება და უკუნისამდე არავინ გაივლის იქ.
  11. 11
    ვარხვი და ზღარბი დაიმკვიდრებენ მას, ბუ და ყორანი დაიბუდებენ მასში; გავერანების ლარს გადაჭიმავს მასზე და აოხრების შვეულს.
  12. 12
    ღირსეულთაგან აღარავინ ეყოლებათ იქ, რომ მეფედ გამოაცხადონ; ყველა მისი მთავარი არარაობა იქნება.
  13. 13
    მის დარბაზებში ეკალი ამოვა, ჭინჭარი და ნარშავა - მის ციხე-სიმაგრეებში; ტურების სავანედ იქცევა და სირაქლემათა სამკვიდროდ.
  14. 14
    იქ შეხვდებიან უდაბნოს მხეცები ტურებს, ჭინკები ერთმანეთს გასძახებენ. იქ დაბინავდება ლილიტი, ღამის დემონი და ჰპოვებს სიმშვიდეს.
  15. 15
    იქ დაიბუდებს ხის გველი, დადებს კვერცხებს, გამოჩეკავს და თავის ჩრდილში მოუყრის თავს. აქ შეიყრებიან ძერები წყვილ-წყვილად.
  16. 16
    მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არცერთი მათგანი არ დააკლდება, მდედრს მამალი არ მოაკლდება, რადგან მისმა ბაგეებმა ბრძანეს და მისმა სულმა მოუყარა თავი.
  17. 17
    მან უყარა მათ წილი და მისმა ხელმა დაუდგინა საზღვარი; საუკუნოდ დაიმკვიდრებენ მას, თაობიდან თაობამდე დამკვიდრდებიან მასში.
იტვირთება შემდეგი თავი