ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 39

  1. 1
    იმ დროს მეროდახ-ბალყადანმა, ბალყადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, წერილები და საჩუქრები გაუგზავნა ხიზკიაჰუს, რადგან ესმა, რომ ავად იყო და გამოჯანმრთელდა.
  2. 2
    გაუხარდა ხიზკიაჰუს და უჩვენა მათ თავისი საგანძურის სახლი, ვერცხლი და ოქრო, სურნელოვანი და ძვირფასი ნელსაცხებლები და სახლი, მთელი თავისი საჭურველი და ყველაფერი, რაც მის საუნჯეში მოიპოვებოდა; არ დარჩენილა ნივთი, რომ არ ეჩვენებინა მათთვის ხიზკიაჰუს თავის სახლსა და მთელ თავის სამფლობელოში.
  3. 3
    მოვიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიაჰუსთან და უთხრა: "რა თქვეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ ისინი შენთან?” უპასუხა: "შორი ქვეყნიდან მოვიდნენ, ბაბილონიდან”.
  4. 4
    ჰკითხა ესაიამ: "რა ნახეს?” უპასუხა: "ჩემი სახლი და ყველაფერი, რაც ჩემს სახლშია; არ დარჩენილა ნივთი, რომ არ მეჩვენებინა ჩემი საუნჯიდან”.
  5. 5
    მიუგო ესაიამ ხიზკიაჰუს: ისმინე სიტყვა ცაბაოთ უფლისა:
  6. 6
    "აჰა, მოდიან დღენი, და ბაბილონში იქნება წაღებული ყოველივე, რაც შენმა მამებმა მოაგროვეს დღემდე, აღარაფერი დარჩება! - ამბობს უფალი.
  7. 7
    შენს ძეებს, რომლებიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ შობ, წაიყვანენ და საჭურისებად ეყოლებათ ბაბილონის მეფის სასახლეში”.
  8. 8
    უთხრა ხიზკიაჰუმ ესაიას: "კეთილია სიტყვა უფლისა, რომელიც შენ წარმოსთქვი, რადგან ჩემს დღეებში მაინც იქნება მშვიდობა და სიმართლე”.
იტვირთება შემდეგი თავი
ესაია 39 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა