ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 47
- 1"ჩამოემხე და მტვერში ჩაჯექი, ქალწულო, ასულო ბაბილონისა, მიწაზე დაჯექი ტახტის გარეშე, ქალდეველთა ასულო, რადგან ნაზსა და სათუთს აღარ გიწოდებენ.
- 2აიღე დოლაბი და დაფქვი, მოიშორე პირბადე, აიწიე კალთა, გამოაჩინე წვივები, გადაიარე მდინარეები;
- 3გამოჩნდება შენი სიშიშვლე და წარმოჩინდება შენი სირცხვილი; შურს ვიძიებ და არ დავინდობ ადამიანს.
- 4მხსნელი ჩვენი - ცაბაოთ უფალია მისი სახელი, წმიდა ისრაელისა.
- 5მდუმარედ იჯექ და წყვდიადს მიდი, ქალდეველთა ასულო, რადგან სამეფოთა დედოფალს აღარ გიწოდებენ.
- 6განვრისხდი ჩემს ხალხზე, შევბღალე ჩემი სამკვიდრებელი და ხელში გადმოგეცი, შენ კი წყალობა არ გაიმეტე, ფრიად დაუმძიმე მოხუცს უღელი.
- 7ამბობდი: მუდამ ქალბატონი ვიქნებიო! გულთან არ მიიტანე და შედეგი არ გაიხსენე.
- 8ახლა კი ისმინე, ფაქიზო, უსაფრთხოდ მჯდომო, რომ ამბობ შენს გულში: მე ვარ და არავინააო ჩემს გარდა, არ დავქვრივდები და არ ვიგემებო შვილის სიკვდილს!
- 9ერთ დღესაც ორივე უცბად მოგეწევა, შვილსაც დაკარგავ და კიდეც დაქვრივდები, მიუხედავად შენი დიდი ჯადოსნობისა და მრავალი ჯადოებისა.
- 10შენი ბოროტმოქმედების იმედი გქონდა; ამბობდი: ვერავინ მხედავსო. შენმა სიბრძნემ და ცოდნამ გაგრყვნა, გულში ამბობდი: მე ვარ და ჩემს გარდა არავინააო!
- 11მოგეწევა ბოროტი და არ გეცოდინება მისი შელოცვა. დაგატყდება უბედურება და ვერ შეძლებ მისგან გამოსყიდვას, ისე მოულოდნელად მოგივა წარწყმედა, რომ ვერც მიხვდები.
- 12დარჩი ახლა შენს ჯადოსნობასა და მრავალ გრძნეულებაში, რაზეც სიყმაწვილიდან ზრუნავდი; იქნებ მიიღო სარგებელი, იქნებ შიში მოჰგვარო ხალხს.
- 13დაქანცული ხარ მრავალი რჩევისგან; ახლა ადგნენ და გიხსნან ცისმზომელებმა და ვარსკვლავთმრიცხველებმა, ახალმთვარობისას რომ წინასწარმეტყველებენ და გეუბნებიან რა მოგივა.
- 14აჰა, ბზესავით გახდნენ, ცეცხლმა დაწვა ისინი, ვერ გადაირჩინეს სული ალისგან; არ დარჩა ნაკვერჩხალი გასათბობად, ცეცხლი - მის წინ დასაჯდომად.
- 15ასეთები გახდნენ შენთვის ისინი, ვისთვისაც იღწვოდი, ვისთანაც შენი სიყმაწვილიდან ვაჭრობდი; თითოეული თავის მხარეს წაჩანჩალდა, არავინაა შენი მხსნელი!
იტვირთება შემდეგი თავი