ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 50
- 1ასე ამბობს უფალი: "სად არის გაყრის წერილი, რომლითაც დედათქვენი გავუშვი? ან რომელ ჩემს მოვალეს მიგყიდეთ? აჰა, თქვენი ურჯულოების გამო გაიყიდეთ და თქვენი დანაშაულის გამო იქნა დედათქვენი გაშვებული.
- 2რატომ არავინ იყო, როცა მოვედი? ვიძახდი და არ იყო პასუხის გამცემი. ნუთუ დამოკლდა ჩემი ხელი გამოსასყიდად, იქნებ აღარ მაქვს გამოხსნის ძალა? აჰა, ავუკრძალავ და დაშრება ზღვა, მდინარეებს უდაბნოდ ვაქცევ, აყროლდება მათი თევზი უწყლობით და წყურვილით დაიხოცება.
- 3მე ვმოსავ ცებს წყვდიადით და ჯვალოს ვაფარებ მოსასხამად.
- 4უფალმა ღმერთმა მომცა დამმოძღვრავის ენა, რათა შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. დილაობით მაღვიძებს, ჩემს ყურს აღვიძებს, რომ მოწაფესავით მოვისმინო.
- 5უფალმა ღმერთმა გამიხსნა ყური და არ შევწინააღმდეგებივარ, ზურგი არ შემიქცევია მისთვის.
- 6ზურგი ჩემს მცემელთ მივეცი და ლოყები - წვერების მგლეჯელთ; არ დამიფარავს პირსახე დამცირებისგან და ფურთხისგან.
- 7მაგრამ მეხმარება უფალი ღმერთი, ამიტომაც არ ვიჩაგრები; სახე გავიკაჟე, ვიცი, რომ არ დავრჩები შერცხვენილი.
- 8ახლოს არის ჩემი გამმართლებელი, ვინ შემედავება? ერთად დავდგეთ! ვინ არის ჩემი მომჩივანი? მომიახლოვდეს.
- 9აჰა, უფალი ღმერთი მეხმარება, მსჯავრს ვინ დამდებს? აჰა, სამოსელივით გაიცრიცებიან ყველანი, ჩრჩილის კერძად იქცევიან.
- 10ვის ეშინია თქვენში უფლისა და ვინ ემორჩილება მისი მსახურის ხმას? ვინ დადის ბნელში უსინათლოდ? მიენდოს უფლის სახელს და თავის ღმერთს დაეყრდნოს.
- 11აჰა, ცეცხლის წამკიდებლებო, აალებული ისრებით გარშემორტყმულნო, იარეთ თქვენი ცეცხლისა და თქვენს მიერ აალებული ისრების სინათლეში! ამას მიიღებთ ჩემი ხელიდან; ტანჯვებში განერთხმებით!”
იტვირთება შემდეგი თავი