ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 66

  1. 1
    ასე ამბობს უფალი: "ცა ტახტია ჩემი, დედამიწა კი ჩემს ფეხთა სადგამი. სად არის სახლი, რომელიც უნდა ამიშენოთ და სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი?
  2. 2
    ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი!” - ამბობს უფალი. "აი, ვის მივაპყრობ მზერას: თავმდაბალს და სულით მოდრეკილს, ჩემს სიტყვაზე რომ თრთის.
  3. 3
    უკეთური რომ ხარს მწირავს, თუნდაც კაცი დაეკლას; კრავს რომ მწირავს, თუნდაც ძაღლი დაეხრჩოს; ძღვენს რომ აღმივლენს, თუნდაც ღორის სისხლი შემოეწიროს; გუნდრუკს რომ მიკმევს, თუნდაც კერპთან ელოცოს; მაგრამ მათ თავად აირჩიეს თავიანთი გზა და სისაძაგლენი სიამოვნებთ მათ სულებს.
  4. 4
    მეც ავარჩევ მათთვის სასჯელებს და რისიც ეშინიათ, იმას მოვუვლენ, რადგან ვეძახდი და არ იყო პასუხის გამცემი, ვლაპარაკობდი და არავის ესმოდა, ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში და რაც არ მახარებდა იმას ირჩევდნენ!”
  5. 5
    ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვენ, რომლებიც თრთიხართ მის სიტყვაზე: "თქვენი ძმები, თქვენი მოძულენი და უარმყოფელნი - ჩემი სახელის გამო - ამბობენ: "გვაჩვენოს უფალმა თავისი დიდება, რომ ვიხილოთ თქვენი სიხარული!” მაგრამ შერცხვებიან ისინი.
  6. 6
    ღრიალის ხმა მოდის ქალაქიდან, ხმა მოდის ტაძრიდან, ხმა უფლისა, თავისი მტრებისთვის სამაგიეროს მიმზღველისა.
  7. 7
    შვა, სანამ დაიტანჯებოდა; ვიდრე ტკივილი მოუწევდა, ვაჟი გააჩინა.
  8. 8
    ვის გაუგონია ასეთი ამბავი, ვის უნახავს ასეთი საქმე? თუ გაჩენილა ქვეყანა ერთ დღეში, თუ შობილა ერი ერთბაშად? როგორც კი ასტკივდა სიონს, შვა კიდეც თავისი ძენი.
  9. 9
    მშობიარობამდე მივიყვან და არ ვამშობიარებ? - ამბობს უფალი. როგორ დავხშავ, როცა მე ვარ მამშობიარებელი? - ამბობს შენი ღმერთი.
  10. 10
    გაიხარეთ იერუსალიმთან ერთად, ყველა მისმა მოყვარულმა მის გამო იმხიარულეთ! დიდად გაიხარეთ მასთან ერთად, ყველამ, ვინც გლოვობთ მასზე!
  11. 11
    რათა მოსწოვოთ და გაძღეთ მისი მანუგეშებელი ძუძუებით, რათა მოსწოვოთ და დატკბეთ მისი სიუხვის დიდებისგან.
  12. 12
    რადგან ასე ამბობს უფალი: "აჰა, მდინარესავით გადავჭიმავ მასზე მშვიდობას, და ერებისდიდებას - როგორც ადიდებულ ნაკადს; გამოგკვებავენ, ხელში აყვანილს გატარებენ და მუხლებზე გალოლიავებენ.
  13. 13
    როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი.
  14. 14
    დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, ბალახივით აბიბინდება თქვენი ძვლები და უფლის ხელი მის მსახურებს გამოეცხადება. მისი რისხვა კი მისი მტრების წინააღმდეგ მიიმართება.
  15. 15
    რადგან, აჰა, ცეცხლში მოვა უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლები, რათა მიუზღოს თავისი რისხვა მძვინვარებით და თავისი საყვედური ცეცხლის ალით.
  16. 16
    რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და მახვილით ყოველ ხორციელს; ბევრნი იქნებიან უფლის მიერ დახოცილნი.
  17. 17
    ისინი, რომლებიც ბაღებში წასასვლელად იწმიდებიან და სუფთავდებიან, რომლებიც მის შუაგულში ჭამენ ღორის ხორცს, სისაძაგლეს და თაგვებს, ერთიანად მოისპობიან! - ამბობს უფალი.
  18. 18
    ვიცი მათი საქმეები და მათი ფიქრები. მოდის ჟამი ყველა ერისა და ყველა ენის შეკრებისა, მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას.
  19. 19
    ნიშანს დავდებ მათ შორის და გავგზავნი მათ ნატამალს ხალხებთან: თარშიშში, ფულში და ლუდში, მშვილდის მომზიდველებთან თუბალში და იაბანში, შორეულ ნაპირებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი ამბავი და არ უნახავთ ჩემი დიდება. ისინი გამოაცხადებენ ჩემს დიდებას ერებში.
  20. 20
    ისინი მოიყვანენ ყველა თქვენს ძმას ყველა ერიდან, ძღვნად უფლისთვის, ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებით და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში! - ამბობს უფალი - როგორც ისრაელის ძეთ მოაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლებით უფლის სახლში.
  21. 21
    მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად! ამბობს უფალი.
  22. 22
    რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც ვქმნი მე, იქნებიან ჩემს წინაშე - ამბობს უფალი - ასევე იქნება თქვენი თესლი და თქვენი სახელი.
  23. 23
    და იქნება, ახალმთვარიდან ახალმთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი თაყვანსაცემად ჩემს წინაშე! - ამბობს უფალი.
  24. 24
    გამოვლენ და დაინახავენ ჩემს წინააღმდეგ შემცოდე ადამიანთა გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის!
ესაია 66 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა