იაკობის წერილი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1მოდით ახლა, მდიდრებო, იტირეთ და ივალალეთ იმ უბედურებისთვის, თქვენზე რომ მოდის.
- 2თქვენი სიმდიდრე დალპა, თქვენი სამოსელი კი ჩრჩილმა შეჭამა.
- 3თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმედ თქვენს წინააღმდეგ და ცეცხლივით შეჭამს თქვენს ხორცს. მოგროვებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისთვის.
- 4აჰა, ღაღადებს მუშაკთა საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, და ცაბაოთ უფლის ყურამდე აღწევს მომკელთა ღაღადი.
- 5განცხრომას ეძლეოდით ამ ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის დაისუქეთ გულები.
- 6თქვენ დასდეთ მსჯავრი და მოკალით მართალი, ის კი არ შეგეწინააღმდეგათ.
- 7ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწის მუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, მოთმინებით ელის საადრეო და საგვიანო წვიმის მოსვლას.
- 8თქვენც სულგრძელობა გამოიჩინეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა.
- 9ნუ ჩივით ერთმანეთზე, ძმებო, რათა არ გასამართლდეთ. აჰა, მოსამართლე კარზეა მომდგარი.
- 10ჩემო ძმებო, ტანჯვისა და სულგრძელობის მაგალითად გყავდეთ წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ.
- 11აჰა, ჩვენ შევნატრით მათ, რომლებმაც დაითმინეს. იობის მოთმინება გაგიგონიათ და უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რადგან შემბრალე და თანამგრძნობია უფალი.
- 12პირველ რიგში, ჩემო ძმებო, ნუ დაიფიცებთ ნურც ზეცას და ნურც დედამიწას, ნურც სხვა რაიმე საფიცარს. თქვენი ჰო - ჰო იყოს და არა - არა, რათა სამსჯავროში არ მოხვდეთ.
- 13იტანჯება რომელიმე თქვენგანი? ილოცოს. ხარობს? იგალობოს.
- 14არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი, ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ უფლის სახელით.
- 15და რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვა ჩაუდენია, მიეტევება.
- 16აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას.
- 17ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა და არ უწვიმია ქვეყნად სამ წელსა და ექვს თვეს.
- 18კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თავისი ნაყოფი.
- 19ჩემო ძმებო, თუ ერთი თქვენგანი გადაუხვევს ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას,
- 20იცოდეთ, რომ ცოდვილის ცდომილების გზიდან მომქცევი სიკვდილისგან იხსნის მის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს.