იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

თავი 1

  1. 1
    სიტყვა იერემიასი, ხილკიას ძისა, რომელიც ყანათოთელ ღვთისმსახურთაგან იყო, ბენიამინის ქვეყანაში,
  2. 2
    ვისზეც გადმოვიდა უფლის სიტყვა იოშია ყამონის ძის, იუდას მეფის დღეებში, მისი მეფობის მეცამეტე წელს.
  3. 3
    ეს იყო იეჰოიაკიმის, იოშიას ძის, იუდას მეფის დღეებში, იოშიას, იუდას მეფის ძის, ციდკიას მეთერთმეტე წლის გასრულებამდე, იერუსალიმის მკვიდრთა გადასახლებამდე, მეხუთე თვეს.
  4. 4
    და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
  5. 5
    "სანამ მუცელში გამოგსახავდი, მანამდე გიცნობდი, სანამ საშოდან გამოხვიდოდი გამოგარჩიე და წინასწარმეტყველად დაგადგინე ერებში”.
  6. 6
    მივუგე: "ო, უფალო ღმერთო, აჰა, არ ვიცი როგორ ვილაპარაკო, რადგან ყმაწვილი ვარ”.
  7. 7
    მომიგო უფალმა: "ნუ იტყვი, ყმაწვილი ვარო, ვინაიდან ყველგან, სადაც გაგგზავნი, წახვალ და ყველაფერს იტყვი, რასაც გიბრძანებ.
  8. 8
    ნუ შეუშინდები მათ სახეებს, რადგან შენთან ვარ და დაგიფარავ!” - ამბობს უფალი.
  9. 9
    გამოიწოდა ხელი უფალმა, შეეხო ჩემს ბაგეს და მითხრა: "აი, ბაგეებში ჩაგიდე ჩემი სიტყვები.
  10. 10
    აჰა, დაგაყენე დღეს ხალხებსა და სამეფოებზე, რათა აღმოფხვრა და დაამსხვრიო, მოსპო და დაანგრიო, ააშენო და დარგო”.
  11. 11
    და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი: "რას ხედავ, იერემია?” ვუთხარი: "ნუშის ხის ტოტს ვხედავ”.
  12. 12
    მითხრა უფალმა: "კარგად ხედავ, რადგან ვაჩქარებ ჩემს სიტყვას შესასრულებლად!”
  13. 13
    და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი მეორედ: "რას ხედავ?” მივუგე: "მოთუხთუხე ქვაბს ვხედავ, ჩრდილოეთიდან რომ ეშვება”.
  14. 14
    მითხრა უფალმა: "ჩრდილოეთიდან დაიძრება უბედურება ქვეყნის ყველა მცხოვრებზე.
  15. 15
    რადგან მოვუხმობ ჩრდილოეთის სამეფოების ყველა ტომს, ამბობს უფალი, მოვლენ და დაიდგამს თითოეული ტახტს იერუსალიმის კარიბჭეთა შესასვლელებში, მისი კედლების ირგვლივ, ყველგან, იუდას ყველა ქალაქში.
  16. 16
    და გამოვაცხადებ ჩემს მსჯავრს მათზე მათი ბოროტმოქმედების გამო, რადგან მიმატოვეს, სხვა ღმერთებს უკმევდნენ და თავიანთ ნახელავს სცემდნენ თაყვანს.
  17. 17
    შენ კი, შემოისარტყლე წელი, აღსდექ და უთხარი მათ ყველაფერი, რასაც გიბრძანებ. ნუ შედრკები მათ წინაშე, რათა მეც არ შეგაძრწუნო.
  18. 18
    აჰა, მე გაქციე დღეს გამაგრებულ ქალაქად, რკინის სვეტად და სპილენძის გალავნად მთელ ამ ქვეყანაზე - იუდას მეფეების, მისი მთავრების, მისი ღვთისმსახურებისა და მთელი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ.
  19. 19
    შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ დაგძლევენ, რადგან მე ვარ შენთან, შენს გადასარჩენად!” - ამბობს უფალი.
იტვირთება შემდეგი თავი