იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 18
- 1სიტყვა, რომელიც უფლისგან იყო იერემიას მიმართ:
- 2"ადექი, ჩადი მექოთნის სახლში და იქ გამოგიცხადებ ჩემს სიტყვას!”
- 3ჩავედი მექოთნის სახლში და, აჰა, რაღაცას აკეთებდა იგი საქოთნე ბორბალზე,
- 4მაგრამ ჭურჭელი, რომელსაც იგი თიხისგან აკეთებდა, გაფუჭდა მექოთნის ხელში; მაშინ მიუბრუნდა იმავე თიხას და სხვა ჭურჭელი გააკეთა, ისეთი, როგორიც სურდა.
- 5და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი ნათქვამი:
- 6"განა არ შემიძლია ამ მექოთნესავით მოგექცე, ისრაელის სახლო? ამბობს უფალი, აჰა, როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ისე ხარ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო.
- 7ერთ წამში მოვინდომებ რომელიმე ერის ან სამეფოს აღმოფხვრას, დამხობასა და განადგურებას;
- 8მაგრამ ის ერი, რომელზეც ვთქვი, თუ მოიქცევა თავისი ბოროტებისგან, გადავიფიქრებ და აღარ დავატეხ იმ ბოროტებას, მას რომ ვუპირებდი.
- 9ერთ წამში მოვინდომებ რომელიმე ერის ან სამეფოს აშენებასა და გამაგრებას;
- 10მაგრამ თუ ბოროტებას ჩაიდენს ჩემს თვალში და არ შეისმენს ჩემს ხმას, მაშინ მეც გადავიფიქრებ იმ სიკეთეს, მას რომ ვუპირებდი.
- 11ახლა უთხარი იუდას კაცებსა და იერუსალიმის მკვიდრთ: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას ვამზადებ თქვენთვის, ბოროტი განვიზრახე თქვენს წინააღმდეგ. დატოვოს თითოეულმა თავისი უკუღმართი გზა, გამოისწოროს გზა და საქმეები!
- 12მაგრამ იტყვიან: უგუნურებაა! ჩვენ-ჩვენი ზრახვების კვალს გავყვებით და თითოეული ჩვენგანი ჩვენი ბოროტი გულის სიჯიუტის მიხედვით მოვიქცევითო.
- 13ამიტომ ასე ამბობს უფალი: აბა, გამოიკითხეთ ხალხებში, ვის სმენია ამგვარი ამბავი? მრავალი საშინელება ჩაიდინა ისრაელის ქალწულმა.
- 14განა მიატოვებს ლიბანის თოვლი მთათა მწვერვალებს? განა შეწყდება უცხო ადგილებიდან მოწანწკარე ცივი წყლები?
- 15მაგრამ დამივიწყა ჩემმა ხალხმა, უსარგებლო კერპებს უკმევენ, თავიანთ გზაზე, უძველეს ბილიკზე წაბორძიკდნენ, რომ გაუკვალავი გზით ევლოთ,
- 16რომ უდაბურ ადგილად ექციათ თავიანთი ქვეყანა და მარად ესტვინათ მისთვის, რომ ყოველი გამვლელი გაოცებულიყო და თავი გაექნია.
- 17აღმოსავლეთის ქარივით მიმოვფანტავ მათ მტრის წინაშე, მათი უბედურების დღეს ზურგს ვუჩვენებ მათ და არა სახეს”.
- 18თქვეს: "მოდით, პირი შევკრათ იერემიას წინააღმდეგ, რადგან მღვდელს რჯული არ დაეკარგება, ბრძენს - რჩევა და წინასწარმეტყველს - სიტყვა; მოდით და ენით განვგმიროთ იგი, რომ ყური აღარ ვუგდოთ მის სიტყვებსო”.
- 19ყური მომაპყარ, უფალო, ისმინე ჩემი მოწინააღმდეგეების ხმა.
- 20განა სიკეთეს ბოროტებით უხდიან, ორმო რომ გამითხარეს? გაიხსენე, შენ წინაშე რომ ვიდექი და მათდა სასიკეთოდ ვლაპარაკობდი, შენი რისხვა რომ შემებრუნებინა მათგან.
- 21ამიტომ შიმშილი დაუშვი მათ შვილებზე, მახვილის კერძი გახადე; დაე, უშვილოდ დარჩნენ მათი ცოლები და დაქვრივდნენ. სიკვდილმა მოსრას მათი კაცები და მახვილით დაეცნენ მათი ჭაბუკნი ომში.
- 22დაე, კვნესა ისმოდეს მათი სახლებიდან, როცა უცაბედად მძარცველები წამოადგებიან თავს, რადგან ორმო გათხარეს ჩემს დასაჭერად და ფარულად მახე დაუგეს ჩემს ფეხს.
- 23უფალო, შენ იცი მათი ყველა ბოროტი განზრახვა ჩემ წინააღმდეგ; ნუ აპატიებ დანაშაულს, ნუ წაშლი მათ ცოდვებს შენს თვალთაგან. დაე, დაემხონ შენ წინაშე. შენი რისხვის ჟამს გაუსწორდი მათ.
იტვირთება შემდეგი თავი