იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 37

  1. 1
    და ქონია იეჰოიაკიმის ძის ნაცვლად გამეფდა ციდკიაჰუ იოშიას ძე, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გაამეფა იუდას ქვეყანაში.
  2. 2
    არ ისმენდნენ ის და მისი მსახურნი და არც ქვეყნის ხალხი უფლის სიტყვას, რასაც იგი წინასწარმეტყველ იერემიას მეშვეობით ამბობდა.
  3. 3
    გაგზავნა მეფე ციდკიაჰუმ იეჰუქალი, შელემიას ძე და ცეფანია, ღვთისმსახურ მაყასეიას ძე, წინასწარმეტყველ იერემიასთან ამის სათქმელად: "შეევედრე ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს”.
  4. 4
    ხალხში მიმოდიოდა იერემია, რადგან ჯერ კიდევ არ იყო საპატიმროში ჩაგდებული.
  5. 5
    გამოვიდა ფარაონის ლაშქარი ეგვიპტიდან; ეს რომ შეიტყვეს ქალდეველებმა, რომელთაც ალყა შემოერტყათ იერუსალიმისთვის, უკუიქცნენ ქალაქიდან.
  6. 6
    ასეთი სიტყვა მოვიდა უფლისგან წინასწარმეტყველ იერემიასთან:
  7. 7
    "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, უთხარით იუდას მეფეს, რომელიც ჩემთან გგზავნით შესაკითხად: ფარაონის ლაშქარი, თქვენს დასახმარებლად რომ გამოვიდა, თავის ქვეყანაში, ეგვიპტეში დაბრუნდება.
  8. 8
    მობრუნდებიან ქალდეველნი, შეებრძოლებიან ამ ქალაქს, დაიპყრობენ და ცეცხლით გადაბუგავენ.
  9. 9
    ასე ამბობს უფალი: თავს ნუ მოიტყუებთ, თავს დაგვანებებენო ქალდეველნი! არ დაგანებებენ.
  10. 10
    კიდეც რომ დაამარცხოთ ქალდეველთა მთელი ლაშქარი, თქვენ რომ გებრძვით, მათგან მხოლოდ დაჭრილებიღა რომ დარჩნენ, ისინი წამოდგებიან თავ-თავისი კარვებიდან და ცეცხლით გადაბუგავენ ამ ქალაქს”.
  11. 11
    ფარაონის ლაშქრის შიშით ქალდეველთა ჯარი იერუსალიმს რომ გაეცალა,
  12. 12
    იერემია იერუსალიმიდან ბენიამინის ქვეყანაში წავიდა, რათა თავის ხალხს შორის თავისი წილი მიეღო.
  13. 13
    მივიდა ბენიამინის კარიბჭესთან, სადაც ზედამხედველთა უფროსი, სახელად ირყია, ძე შელემიასი, ხანანიას ძისა, დახვდა. შეაჩერა წინასწარმეტყველი იერემია და უთხრა: "ქალდეველებთან აპირებ გაქცევას”.
  14. 14
    მიუგო იერემიამ: "ტყუილია, არ გავრბივარ ქალდეველებთან!” მაგრამ არ დაუჯერეს; შეიპყრო ირყიამ იერემია და მიიყვანა მთავრებთან.
  15. 15
    განურისხდნენ მთავრები იერემიას, სცემეს და საპატიმროში შეაგდეს. ეს იყო იონათან მწერლის სახლი, რომელსაც ციხედ იყენებდნენ.
  16. 16
    გავიდა მრავალი დღე, რაც იერემია დილეგში იჯდა.
  17. 17
    წარგზავნა მეფე ციდკიაჰუმ, წამოაყვანინა იგი თავის სახლში და ფარულად ჰკითხა მას: "არის რამე სიტყვა უფლისგან?” უპასუხა იერემიამ: "არის!” და უთხრა: "ბაბილონის მეფეს ჩაუვარდები ხელში!”
  18. 18
    ჰკითხა იერემიამ მეფე ციდკიაჰუს: "რა შევცოდე შენ წინაშე, შენი მსახურებისა და ამ ხალხის წინაშე, ციხეში რომ ჩამსვით?
  19. 19
    სად არიან თქვენი წინასწარმეტყველნი, რომლებიც გამშვიდებდნენ: არ გამოვა ბაბილონის მეფე თქვენს და ამ ქვეყნის წინააღმდეგო?
  20. 20
    ახლა კი მისმინე, მეფევ ბატონო! შეისმინე ჩემი ვედრება, ნუ დამაბრუნებ მწერალ იონათანის სახლში, რათა იქ არ მოვკვდე”.
  21. 21
    ბრძანა მეფე ციდკიაჰუმ, რომ საყარაულო ეზოში დაეკავებინათ იერემია. ქალაქში პურის გამოლევამდე დღიურად პურის წილობს აძლევდნენ მცხობელთა ქუჩიდან; იჯდა იერემია საყარაულო ეზოში.
იტვირთება შემდეგი თავი
იერემია 37 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა