იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1უფლის სიტყვა, იერემიას რომ ესმა:
- 2"უფლის სახლის კარიბჭეში დადექი და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა. თქვი: ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდევლებო, ამ კარში შემომსვლელნო, უფლის თაყვანისსაცემად.
- 3ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქციელი და მე დაგამკვიდრებთ ამ ადგილზე.
- 4ნუ მიენდობით ყალბ სიტყვებს, რომ ამბობენ - უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარიაო ეს!
- 5რადგან თუ გამოასწორებთ თქვენს გზებსა და თქვენს საქციელს, თუ სიმართლით განიკითხავთ მოდავეებს,
- 6არ დაჩაგრავთ მწირს, ობოლსა და ქვრივს, არც უდანაშაულო სისხლს დაღვრით ამ ადგილზე და სხვა ღმერთებს არ გამოედევნებით თქვენდა საუბედუროდ,
- 7მაშინ დაგამკვიდრებთ ამ ადგილზე, ქვეყანაში, რომელიც მე მივეცი თქვენს მამებს სამარადისოდ.
- 8აჰა, ყალბ და უსარგებლო სიტყვებზე ხართ დაიმედებულნი;
- 9იპარავთ, კლავთ და მრუშობთ, ცრუდ იფიცებთ, ბაყალს უკმევთ და სხვა ღმერთებს მისდევთ, რომელთაც არ იცნობდით.
- 10მერე კი მოხვალთ და დადგებით ჩემ წინაშე ამ სახლში, ჩემი სახელით რომ იწოდება და ამბობთ - გადავრჩითო! რათა მერე ისევ ჩაიდინოთ ყველა ეს სისაძაგლე.
- 11ავაზაკთა ბუნაგად იქცა თქვენთვის ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება? აჰა, მეც ვხედავ ამას!” - ამბობს უფალი.
- 12"ახლა წადით ჩემს ადგილზე, რომელიც შილოშია, იქ, სადაც პირველად დავავანე ჩემი სახელი და ნახეთ, რა დავმართე მას ჩემი ხალხის, ისრაელის, ბოროტმოქმედების გამო.
- 13ახლა კი, რადგან ყველა ეს საქმე ჩაიდინეთ, ამბობს უფალი, რადგან განთიადიდანვე გეუბნებოდით, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, გიხმობდით და არ მპასუხობდით,
- 14რაც შილოს მოვაწიე, იმასვე მოვაწევ სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რომელზეც დაიმედებულხართ და იმ ადგილს, რომელიც თქვენ და თქვენს მამებს მოგეცით;
- 15გაგყრით ჩემს თვალთაგან, როგორც ყველა თქვენი ძმა, ეფრემის მთელი შთამომავლობა გავყარე.
- 16შენ კი, ნურც ილოცებ ამ ხალხისთვის და ნურც ვედრებასა და ლოცვას აღავლენ მათთვის, ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ.
- 17განა ვერ ხედავ, რას სჩადიან ისინი იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში?
- 18ძენი შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს აჩაღებენ, ქალები კი ცომს ზელენ, რომ კვერები დააცხონ ცათა დედოფლის პატივსაცემად, და სასმელს ღვრიან სხვა ღმერთებისთვის, რათა გამაბრაზონ.
- 19მაგრამ მე მაბრაზებენ ისინი, ამბობს უფალი, თუ თავს ირცხვენენ?”
- 20ამიტომ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: "აჰა, გადმოინთხევა ამ ადგილზე ჩემი რისხვა და ჩემი გულისწყრომა ადამიანსა და საქონელზე, მინდვრის ხეებსა და მიწის ნაყოფზე, აგიზგიზდება და არ მინავლდება”.
- 21ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა: "თქვენი ყოვლადდასაწველი სხვა მსხვერპლებს მიუმატეთ და ჭამეთ ხორცი.
- 22რადგან მე არაფერი მითქვამს თქვენი მამებისთვის, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამომყავდა, და არ მომითხოვია მათთვის სრულადდასაწველი და მსხვერპლები;
- 23მაგრამ აი რა ვუბრძანე მათ: გაიგონეთ ჩემი სიტყვა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ხალხი იქნებით; იარეთ იმ გზებით, რომლებზეც მიგითითებთ და სიკეთეს ეწევით-მეთქი.
- 24მაგრამ არ გაიგონეს, ყური არ დამიგდეს, საკუთარი გონებითა და ბოროტი გულის სიჯიუტით იარეს, უკან მიდიოდნენ და არა წინ.
- 25ეგვიპტის ქვეყნიდან თქვენი მამების გამოსვლის დღიდან დღემდე გიგზავნიდით ჩემს მსახურებს, წინასწარმეტყველებს; ყოველი დღის განთიადიდანვე ვგზავნიდი მათ.
- 26მაგრამ არ მომისმინეს, ყური არ დამიგდეს, ქედი გაიფიცხეს და თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ.
- 27ახლა შენც ეტყვი ამ სიტყვებს, მაგრამ არც შენ მოგისმენენ; მოუხმობ და არ გიპასუხებენ.
- 28უთხარი: აი, ხალხი, რომელიც არ დაემორჩილა უფლის, თავისი ღმერთის ხმას და არ მიიღო დარიგება; დაიკარგა ჭეშმარიტება, მოიკვეთა მათი ბაგეებიდან.
- 29შეიჭერი თმა და გადაყარე, მოტიტვლებულ სიმაღლეებზე გოდება გამართე, რადგან მოიძულა და მიატოვა უფალმა მისგან შერისხული თაობა.
- 30რადგან ბოროტს სჩადიან ჩემს თვალწინ იუდას ძენი, ამბობს უფალი, თავიანთი სისაძაგლენი დაადგინეს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა შებილწონ იგი.
- 31თოფეთის სიმაღლეები აღმართეს ბენჰინომის ჭალებში, რათა ცეცხლში დაეწვათ საკუთარი ძენი და ასულნი, რაც არ მიბრძანებია მათთვის, გულშიც არ გამივლია.
- 32ამიტომ მოდის დღეები, ამბობს უფალი, როცა მეტად აღარ დაუძახებენ ამ ადგილს თოფეთსა და ბენჰინომის ჭალას, არამედ - სასაკლაო ჭალას, თოფეთში დამარხავენ ხოლმე უადგილობის გამო.
- 33და იქნება ამ ხალხის გვამები ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა საჭმელად, აღარავინ იქნება მათი დამფრთხობი.
- 34შევწყვეტ იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში მხიარულებისა და ლხინის ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას, რადგან გაუდაბურდება ეს მიწა”.
იტვირთება შემდეგი თავი