იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა:
- 2"რა სარგებელი აქვს ღმერთს კაცისგან? ან რას არგებს მას, სიბრძნის მქონე?
- 3ნუთუ აამებს ყოვლადძლიერს შენი სიმართლე? ან რას სარგებლობს შენი გზების უბიწოებით?
- 4განა შენი ღვთისმოშიშების გამო შეგაგონებს, ანდა წამოვა შენთან ერთად სასამართლოში?
- 5განა დიდი არ არის შენი ბოროტება და შენი ბრალი - უსაზღვრო?
- 6რადგან არაფრის გამო ართმევდი გირაოს შენს ძმებს და სამოსელს ხდიდი ნახევრად შიშვლებს;
- 7წყურვილით ტანჯულს წყალს არ ასმევდი და მშიერს პურს არ აწვდიდი;
- 8ძლიერი კაცის არის ეს ქვეყანა და წარჩინებული მკვიდრობს აქ.
- 9ქვრივებს ხელცარიელს ისტუმრებდი და ობლების მკლავებს მუსრავდი;
- 10ამიტომ არის შენ გარშემო მახეები და გაძრწუნებს უეცარი შიში;
- 11ნათელი ბნელად გადაგექცა და დიდმა წყლებმა დაგფარეს ძილში!
- 12განა ცათა მწვერვალზე არ იმყოფება ღმერთი? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია!
- 13შენ კი ამბობ: რა იცისო ღმერთმა, სქელი ღრუბლიდან რა უნდა განსაჯოსო?!
- 14სქელი ღრუბელი უდევს საფარად, ვერაფერს ხედავს, ისე დადის ცის კაბადონზე.
- 15ნუთუ იმ ძველ ბილიკს ადგახარ, ბოროტეულნი რომ დადიოდნენ,
- 16რომლებიც ნაადრევად წარიტაცნენ და რომელთა საძირკველიც წარხოცა მდინარემ?
- 17ღმერთს უთხრეს: გაგვშორდი, რას გვარგებსო ყოვლადძლიერი?!
- 18მან კი სიკეთით აუვსო სახლები, თუმცაღა შორსაა ჩემგან ურჯულოთა რჩევა.
- 19დაინახეს ეს მართლებმა და გაეცინათ, უწიკვლოები კი დასცინოდნენ მათ:
- 20იტყვიან: "აჰა, განადგურდა ჩვენი მტერი და ცეცხლმა შთანთქა მათი ნატამალი”.
- 21ემსახურე მას და სიმშვიდეში დარჩი, ამით მოვა შენთან სიკეთე.
- 22მიიღე რჯული მისი პირიდან და გულში ჩაიდე სიტყვები მისი;
- 23თუ დაუბრუნდები ყოვლადძლიერს, კვლავ აშენდები, მოაშორე უმართლობა შენს კარავს;
- 24შენი ოქრო მტვერში გააბნიე, ოფირის ოქრო - ხევის ლოდებში;
- 25მაშინ ყოვლადძლიერი იქნება შენთვის ოქრო და რჩეული ვერცხლი,
- 26რადგან მაშინ დატკბები ყოვლადძლიერში და ღმერთს მიაპყრობ სახეს.
- 27შეევედრები მას და მოგისმენს იგი და შეუსრულებ შენს დაპირებებს.
- 28რასაც გადაწყვეტ - აგისრულდება, სინათლე გაბრწყინდება შენს გზაზე.
- 29რადგან ამდაბლებს ამაყად მოლაპარაკეს, თვალდახრილს კი იხსნის!
- 30იმათაც იხსნის, ვინც არაა უბიწო, აჰა, შენი ხელების სიწმიდით იხსნის მათ!”
იტვირთება შემდეგი თავი