იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 38
- 1მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
- 2„ვინ არის ეს, ჩემს ჩანაფიქრს რომ აბნელებს უმეცარი სიტყვებით?
- 3წელზე სარტყელი შემოირტყი, როგორც კაცს შეჰფერის; შეგეკითხები და მიპასუხე:
- 4სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება.
- 5ვინ დაადგინა მისი საზომი, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი?
- 6რაზე დგას მისი საძირკვლები, ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი?
- 7როცა ერთობლივად გალობდნენ ცისკრის ვარსკვლავები და ყიჟინებდა ღვთის ყველა შვილი?
- 8ვინ ჩაკეტა ზღვა კარიბჭეებით, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან?
- 9როცა ნისლი სამოსელად მივეცი და სქელი ღრუბელი - სახვევებად,
- 10როცა დავუდგინე ჩემი წესები, დავუყენე ურდული და ბჭენი?
- 11ვუთხარი: აქამდე მოხვალ, მეტად არა; აქ უნდა შედგნენ შენი ამაყი ზვირთები-მეთქი.
- 12შენს დღეში თუ გიბრძანებია განთიადისთვის და გიჩვენებია მისი ადგილი ცისკრისთვის,
- 13რომ მოეცვა დედამიწის კიდეები და ბოროტეულნი ჩამოეფერთხა მისგან,
- 14შეეცვალა იგი, როგორც თიხა ტვიფარის ქვეშ და ისინი დგანან, როგორც სამოსელი.
- 15რათა წართმეოდათ ნათელი ბოროტეულთ და შემუსვროდათ შემართული მკლავი.
- 16თუ ჩასულხარ ზღვის სიღრმეებში და უფსკრულის ფსკერზე თუ გივლია?
- 17თუ გახსნილან შენთვის სიკვდილის ბჭენი და ბნელეთის ბჭენი თუ გინახავს?
- 18თუ განგიჭვრიტავს დედამიწის სიგრძე-სიგანე? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი.
- 19სად არის გზა, სინათლის სამკვიდრებლისკენ და სად არის ადგილი წყვდიადისა?
- 20ნამდვილად მიგიღწევია მის საზღვრებამდე და იცი მისი სახლის ბილიკები?!
- 21გეცოდინება ეს, რადგან უკვე დაბადებული იყავი და მრავალია რიცხვი შენი დღეების!
- 22თუ შესულხარ თოვლის სანახებში და სეტყვის სანახები თუ გინახავს?
- 23შეჭირვების ჟამისთვის რომ შემოვინახე, ბრძოლისა და ომის დღისთვის.
- 24რა გზით ნაწილდება ნათელი და როგორ ვრცელდება მიწაზე აღმოსავლეთის ქარი?
- 25ვინ გაიყვანა არხი ნიაღვრისთვის და გზა - ელვისა და ქუხილისთვის?
- 26რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე, უდაბნოში, სადაც არ არის ადამიანი,
- 27რომ დაარწყულოს უდაბური ხრიოკი და ჯეჯილი აღმოაცენოს?
- 28თუ ჰყავს წვიმას მამა ან ვინ დაბადა ცვარის წვეთები?
- 29ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი ვინ დაბადა?
- 30წყალი ქვასავით მაგრდება და მყარდება უფსკრულის ზედაპირი.
- 31თუ შეკრავ თანავარსკვლავედის საბელებს ან თუ გახსნი საბელებს ორიონისას?
- 32თუ ამოიყვან თანავარსკვლავედს თავის დროზე და თუ წარუძღვები დიდ დათვს თავის ბელებთან ერთად?
- 33თუ იცი ცათა დადგენილებანი და თუ დაადგენ მის წესს მიწაზე?
- 34თუ მიაწვდენ ხმას ღრუბლებს, რათა დაგფაროს წყლის სიუხვემ?
- 35ელვებს თუ წარავლენ, რომ წავიდნენ და თქვან, აჰა, აქა ვართო?
- 36ვინ ჩადო სიბრძნე გულის სიღრმეში და ვინ მისცა გონებას გაგება?
- 37ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით ან ვინ წამოაქცევს ცათა წყლის ჭურჭელს,
- 38როცა მტვერი გამაგრდება და გოროხები ერთმანეთს მიეწებება?
- 39შენ უნადირებ მსხვერპლს ძუ ლომს და უკლავ შიმშილს ლომის ბოკვრებს,
- 40როცა განირთხმებიან ბუნაგებში ან თავიანთ საფარში ისვენებენ?
- 41საკვებს ვინ უმზადებს ყორანს, როცა ღმერთს შესჩხავიან მისი ბახალები და უსაზრდოოდ წანწალებენ?
იტვირთება შემდეგი თავი