იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 9

  1. 1
    მიუგო იობმა და უთხრა:
  2. 2
    "ჭეშმარიტად ვიცი, რომ ასეა, მაგრამ როგორ გამართლდება კაცი ღმერთთან?
  3. 3
    თუ ვინმე მოისურვებს მასთან დავას ათასიდან ერთზეც კი ვერ გასცემს პასუხს.
  4. 4
    გულით ბრძენია და ძალით ძლიერი, ვინ გაუჯიუტდა მას და არ დაზიანდა?
  5. 5
    გადააადგილებს მთებს და არ იციან, როცა ამხობს მათ თავის რისხვაში;
  6. 6
    არყევს დედამიწას თავის ადგილზე და ტორტმანებენ მისი სვეტები.
  7. 7
    ვინც უბრძანებს მზეს და აღარ ამოდის; და ბეჭედს ასვამს ვარსკვლავებს.
  8. 8
    მან მარტომ გადაჭიმა ზეცა და ფეხქვეშ თელავს ზღვის წყლებს.
  9. 9
    მან შექმნა დათვის, ორიონისა და შვიდი მნათობის თანავარსკვლავედი და სამხრეთის პალატები.
  10. 10
    დიად და გამოუკვლეველ საქმეებს იქმს და აურაცხელ საოცრებებს!
  11. 11
    აჰა, ჩამივლის და ვერ დავინახავ, ჩაიქროლებს და ვერ შევნიშნავ.
  12. 12
    აჰა, წარიტაცებს და ვინ დააკავებს? ვინ ეტყვის, რას აკეთებო?
  13. 13
    არ შეატრიალებს თავის რისხვას ღმერთი, მის ქვეშ დამდაბლდებიან ქედმაღალნი.
  14. 14
    და განა ძალმიძს პასუხი გავცე, სიტყვები შევარჩიო მის წინაშე?
  15. 15
    მართალიც რომ ვიყო, არ შევეპასუხებოდი, მხოლოდ შევევედრებოდი ჩემს მსაჯულს.
  16. 16
    თუ მოვუხმობდი და პასუხს გამცემდა, ვერ დავიჯერებდი, რომ ჩემი ხმა შეისმინა,
  17. 17
    რომელიც ქარიშხალივით მმუსრავს და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს,
  18. 18
    სულს არ მათქმევინებს და სიმწრით მანაყრებს.
  19. 19
    თუ ძალაზე მიდგა საქმე, აჰა, ძლიერია იგი, თუ სამართალზე - ვინ მოსთხოვს პასუხს?
  20. 20
    მართალიც რომ ვიყო, ჩემი პირი გამამტყუნებს, უდანაშაულოც რომ ვიყო - ის დამდებს ბრალს.
  21. 21
    უდანაშაულო ვარ, არაფრად ვაგდებ ჩემს თავს - სიცოცხლე მომძულდა!
  22. 22
    სულერთია და მეც ვამბობ, უდანაშაულოს და ბოროტს ერთნაირად ანადგურებს.
  23. 23
    თუ შოლტი მოკლავს ანაზდეულად, უდანაშაულოთა უიმედობას დასცინებს იგი.
  24. 24
    ქვეყნიერება ბოროტეულთა ხელს გადაეცა, იგი უფარავს სახეს მსაჯულებს. თუ ის არა, მაშ ვინ?
  25. 25
    ჩემი დღენი მალემსრბოლზე უსწრაფესია, მიჰქრიან და სიკეთეს ვერ ხედავენ.
  26. 26
    ლერწმის ნავებივით ჩაიქროლეს, ნადავლზე შემართული არწივის მსგავსად.
  27. 27
    ვიფიქრე: აღარ დავიჩივლებ, მოღუშული აღარ ვიქნები და გავმხნევდები-მეთქი,
  28. 28
    მაგრამ მაძრწუნებს თითოეული ჩემი სატკივარი, ვიცი, მაინც არ გამამართლებ.
  29. 29
    და თუ ავკაცად შევირაცხები, ამაოდ რისთვისღა გავისარჯო?
  30. 30
    თოვლითაც რომ განვიბანო და ბოლომდე გავისუფთავო ხელები,
  31. 31
    მაშინაც ჩემს წუმპეში ჩამძირავდი და ჩემსავე სამოსელს შევზიზღდებოდი.
  32. 32
    რადგან ჩემსავით ადამიანი არ არის იგი, რომ შევეპასუხო და ერთად წავიდეთ სასამართლოში.
  33. 33
    არც არის ჩვენ შორის შუამავალი, რომ ორივეს დაგვადოს ხელი.
  34. 34
    ნეტავ განაშორებდეს ჩემგან თავის კვერთხს და აღარ მაძრწუნებდეს მისი შიში!
  35. 35
    მაშინ ვილაპარაკებდი და არ შევუშინდებოდი, რადგან ასეთი არ ვარ ჩემს თავთან.
იტვირთება შემდეგი თავი