იოველი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
თავი 1
- 1უფლის სიტყვა, რომელიც იყო იოელ ფეთუელის ძის მიმართ.
- 2ისმინეთ ეს, უხუცესებო! გაიგონეთ, ქვეყნის ყველა მკვიდრნო. თუ მომხდარა ასეთი რამ თქვენს დღეებში ან თქვენი მამების დღეებში?
- 3ამაზე უამბეთ თქვენს შვილებს, თქვენმა შვილებმა - თავიანთ შვილებს, მათმა შვილებმა - შემდეგ თაობას.
- 4რაც მუხლუხოს გადაურჩა, კალიამ შეჭამა; რაც კალიას გადაურჩა, კუტკალიამ შეჭამა; რაც კუტკალიას გადაურჩა, ბოცომკალმა შეჭამა.
- 5გაიღვიძეთ, ლოთებო, და იტირეთ ღვინის მსმელნო! ივალალეთ ტკბილ ღვინოზე, ბაგიდან რომ მოგწყვიტეს.
- 6რადგან ხალხი შემოესია ჩემს ქვეყანას, ძლიერი და ურიცხვი. მისი კბილები ლომის კბილებია, ეშვები ძუ ლომისა აქვს.
- 7მან ააოხრა ჩემი ვენახი, გააჩანაგა ლეღვის ხეები; ქერქი გააძრო და გადაყარა, ტოტები გაუთეთრდა.
- 8იტირე ძაძებშემოსილი ქალწულივით, თავისი სიქალწულის ნეფეს რომ დასტირის.
- 9მოწყდა პურეულის შესაწირი და საღვრელი უფლის სახლიდან, გოდებენ მღვდელნი, უფლის მსახურნი.
- 10მინდვრები გაჩანაგდა, გლოვობს მიწა, ვინაიდან ხორბალი გაოხრდა, მაჭარი გაშრა, გახმა ზეთისხილი.
- 11შერცხვნენ მიწათმოქმედნი, მოთქვამენ ხორბალზე და ქერზე, რადგან განადგურდა სამკალი.
- 12გახმა ვენახი და დაჭკნა ლეღვი. გაქრა ბროწეული, ფინიკი და ვაშლი, მინდვრის ყველა ხე გახმა; სიხარული დაუჭკნა ადამის ძეებს.
- 13ძაძით შეიმოსეთ და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურებო! მოდით, ძაძებში გაათიეთ ღამე, ჩემი ღმერთის მსახურნო, რადგან შეწყდა თქვენი ღმერთის სახლში შესაწირი და საღვრელი.
- 14მარხვა დათქვით და საყოველთაო შეკრება გამოაცხადეთ. შეკრიბეთ უხუცესნი და ქვეყნის ყოველი მკვიდრი უფლის, თქვენი ღვთის სახლთან და შეჰღაღადეთ უფალს.
- 15ვაი იმ დღეს! რადგან მოახლოვდა უფლის დღე და ნგრევასავით მოვა ყოვლადძლიერისგან.
- 16განა ჩვენ თვალწინ არ მოისპო საზრდო, მხიარულება და ლხინი ჩვენი ღმერთის სახლიდან?
- 17გაფუჭდა მარცვალი მიწის ბელტების ქვეშ, დაცარიელდა საცავები, დაინგრა ბეღლები, რადგან გადახმა მარცვლეული.
- 18როგორ გმინავს პირუტყვი, ნახირი უპატრონოდ დაეხეტება, რადგან აღარა აქვს საძოვარი; ცხვრის ფარაც შეწუხდა.
- 19შენ შემოგღაღადებ, უფალო, რადგან ცეცხლმა შეჭამა უდაბნოს საძოვრები და ალმა გადაწვა მინდვრის ყველა ხე.
- 20ველის მხეცებიც შენ შემოგღაღადებენ, რადგან დაიშრიტა წყლის სათავეები და ცეცხლმა შეჭამა უდაბნოს საძოვრები.
იტვირთება შემდეგი თავი