იოველი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1აჰა, იმ დღეებში და იმ დროს იქნება: დავაბრუნებ ტყვეობაში მყოფ იუდასა და იერუსალიმს.
- 2შევკრებ ყველა ხალხს და იოშაფატის ველზე ჩავიყვან; იქ გავასამართლებ მათ ჩემი ხალხისა და ჩემი სამკვიდროს, ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი ხალხებში და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა.
- 3წილი ჰყარეს ჩემს ხალხზე, ბიჭი მეძავში გაცვალეს, ყმაწვილქალი ღვინოზე გაყიდეს, რომ დაელიათ.
- 4რა ხართ ჩემთვის, ტვიროსო, ციდონო და ფილისტიმის ყველა მხარევ? სამაგიერო გინდათ მომაგოთ? თუ სამაგიეროს მოგებას აპირებთ, სწრაფად და იოლად მოვაქცევ თქვენზევე თქვენს სამაგიეროს.
- 5იმის გამო, რომ ჩემი ვერცხლი და ოქრო წაიღეთ და ჩემი ძვირფასი საგანძური თქვენს ტაძრებში შეიტანეთ;
- 6ბერძენთა ძეებს მიჰყიდეთ იუდასა და იერუსალიმის ძენი, რომ თავიანთი საზღვრებიდან მოგეშორებინათ ისინი.
- 7აჰა, ავიყვან მათ იმ ადგილიდან, სადაც გაყიდეთ და თქვენზევე მოვაქცევ თქვენს საქმეებს;
- 8თქვენს ვაჟებსა და ასულებს იუდას ძეებს მივყიდი და ისინი მათ შაბაელთ მიჰყიდიან, შორეულ ხალხს, რადგან უფალმა ბრძანა.
- 9აუწყეთ ეს ამბავი ხალხებს, მოემზადეთ საომრად; გამოაღვიძეთ ძლიერი ვაჟკაცები, ამოვიდნენ და ახლოს მოდგნენ მეომრები.
- 10სახნისებისგან მახვილები გამოჭედეთ, თოხებისგან - შუბები; დაე, თქვას სუსტმა: "ძლიერი ვარ!”
- 11იჩქარეთ, მოდით, ხალხებო, ყოველი მხრიდან და შეგროვდით! უფალო, დაუძახე შენს ძლიერ მებრძოლებს.
- 12გამოიღვიძონ ხალხებმა და იოშაფატის ველს მიაშურონ, რადგან იქ დავჯდები, რომ გავასამართლო ირგვლივ მცხოვრები ხალხები.
- 13მიუშვით ნამგლები, რადგან მოიწია სამკალმა; მოდით და დაწურეთ, რადგან სავსეა საწნახელი; გაივსო კოდები, რადგან დიდია მათი ბოროტება.
- 14ხალხთა სიმრავლე, ხალხთა სიმრავლეა განაჩენის ველზე! რადგან უფლის დღე მოახლოვდა განაჩენის ველზე.
- 15მზე და მთვარე ბნელდება, ვარსკვლავები სინათლეს კარგავენ.
- 16სიონიდან დაიგრგვინებს უფალი და იერუსალიმიდან გამოსცემს ხმას; ცანი და მიწა თრთიან; მაგრამ თავშესაფარია უფალი თავისი ხალხისთვის და ციხე-სიმაგრე ისრაელის ძეთათვის.
- 17მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე დამკვიდრებული. წმიდა იქნება იერუსალიმი და ვეღარასოდეს გაივლის მასში უცხოელი.
- 18იმ დღეს იქნება: მთები ტკბილ ღვინოს გამოიღებენ, ბორცვებზე კი რძე გადმოდინდება. წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და მორწყავს შიტიმის ველს.
- 19გაპარტახდება ეგვიპტე და უკაცრიელ უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან იძალადეს იუდას ძეებზე და უდანაშაულო სისხლი დაღვარეს მათ ქვეყანაში.
- 20იუდა კი სამუდამოდ დარჩება და თაობიდან თაობამდე - იერუსალიმი.
- 21და მოვიკითხავ მათ სისხლს, რომელიც არ მომიკითხავს, რადგან სიონზე მკვიდრობს უფალი”.