იოანეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1პასექის დღესასწაული ახლოვდებოდა. იესომ იცოდა, რომ დადგა ამ წუთისოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. შეიყვარა რა თავისიანები, წუთისოფელში რომ იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი.
- 2სერობის დროს, ეშმაკს უკვე ჩაედო იუდა სიმონ ისკარიოტელის ძის გულში, რომ გაეცა იგი.
- 3იესომ იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მას მისცა ხელთ, რომ ღმერთისგან გამოვიდა და ღმერთთანვე მიდის,
- 4წამოდგა სერობიდან, ზედა სამოსელი გაიხადა, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა.
- 5მერე წყალი ჩაასხა საბანელში და მოწაფეთათვის ფეხების ბანა დაიწყო; თან იმ პირსახოცით უმშრალებდა წელზე რომ ერტყა.
- 6სიმონ-პეტრესთან რომ მივიდა, უთხრა მან: "უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები?!”
- 7იესომ უთხრა მას: "ახლა არ იცი, რას ვაკეთებ, მერე კი გაიგებ”.
- 8იუარა პეტრემ: "უკუნისამდე არ დამბან ფეხებს!” მიუგო იესომ: "თუ არ დაგბან, წილი არ გექნება ჩემთან”.
- 9შესძახა სიმონ-პეტრემ: "უფალო, მაშინ მარტო ფეხები კი არა, არამედ ხელებიც და თავიც!”
- 10იესომ უთხრა: "განბანილს მხოლოდ ფეხების დაბანა ჭირდება; რადგან ის მთლად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა”.
- 11რადგან იცოდა ვის უნდა გაეცა, ამიტომ თქვა, ყველანი არ ხართო სუფთა.
- 12მათთვის ფეხების ბანას რომ მორჩა, აიღო თავისი სამოსელი, კვლავ დაჯდა და უთხრა მათ: "იცით, რა გაგიკეთეთ?
- 13თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ. მართალს ამბობთ, რადგან ვარ.
- 14ამიტომ, თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები.
- 15მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.
- 16ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მონა არ არის თავის ბატონზე დიდი და არც მოციქულია თავის წარმგზავნელზე დიდი,
- 17რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ.
- 18ყველა თქვენგანზე არ ვამბობ. მე ვიცი, ვინც ამოვარჩიე, მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემი პურის მჭამელმა აღმართა ქუსლი ჩემზე.
- 19წინასწარ გეუბნებით, სანამ ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ.
- 20ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ღებულობს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავლინებელსაც ღებულობს”.
- 21ამის თქმის შემდეგ სულით აღელდა იესო, დაამოწმა და თქვა: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს მე”.
- 22გაოგნებული მოწაფეები ერთმანეთს უყურებდნენ, ვისზე ამბობსო.
- 23ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, უბეზე მიყრდნობოდა მას.
- 24ანიშნა ამ მოწაფეს სიმონ-პეტრემ, ჰკითხე, ვინ არის, ვისზე ამბობსო.
- 25მკერდზე მიეკრა იგი იესოს და ჰკითხა: "უფალო, ვინაა იგი?”
- 26მიუგო იესომ: "ისაა, ვისაც ლუკმას ამოვუწობ და მივაწვდი”. ამოაწო ლუკმა და იუდას, სიმონ ისკარიოტელისას მიაწოდა.
- 27და ამ ლუკმის შემდეგ, სატანა შევიდა მასში. უთხრა მას იესომ: "რასაც აკეთებ, მალე გააკეთე”.
- 28მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რატომ უთხრა ეს.
- 29რაკი ყულაბა იუდას ჰქონდა, ზოგმა იფიქრა, იესო ეუბნება, გვიყიდე, რაც სადღესასწაულოდ არის საჭირო ან რაიმე მიეციო ღარიბებს.
- 30მან კი, ლუკმა აიღო თუ არა, მაშინვე გავიდა. და იყო ღამე.
- 31იუდა რომ გავიდა, თქვა იესომ: "ახლა განდიდდა ძე კაცისა და ღმერთი განდიდდა მასში.
- 32რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავის თავში და უმალვე განადიდებს მას.
- 33შვილებო, კიდევ მცირე ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, მაგრამ როგორც იუდევლებს ვუთხარი, სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ-მეთქი მოსვლას, თქვენც ამასვე გეუბნებით ახლა.
- 34ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.
- 35იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი”.
- 36სიმონ-პეტრემ ჰკითხა: "უფალო, სად მიდიხარ?” იესომ მიუგო: "ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მივდივარ, მერე კი გამომყვები”.
- 37უთხრა მას პეტრემ: "უფალო, ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? ჩემს სიცოცხლეს დავდებ შენთვის”.
- 38მიუგო იესომ: "სიცოცხლეს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ!”
იტვირთება შემდეგი თავი