იოანეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 17

  1. 1
    ამ ლაპარაკის შემდეგ, იესომ ცას მიაპყრო თვალები და თქვა: "მამაო, დადგა ჟამი განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ.
  2. 2
    ვინაიდან ყველა ხორციელზე მას მიეცი ხელმწიფება, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.
  3. 3
    ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს.
  4. 4
    მე განგადიდე დედამიწაზე, აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცი გასაკეთებლად.
  5. 5
    ახლა კი განმადიდე შენით მამაო, იმავე დიდებით, რაც წუთისოფლის გაჩენამდე მქონდა შენთან.
  6. 6
    გამოვუცხადე შენი სახელი იმ ადამიანებს, შენ რომ მომეცი წუთისოფლისგან. შენები იყვნენ ისინი, მე მომეცი და დაიცვეს შენი სიტყვა.
  7. 7
    ახლა შეიცნეს, რომ რაც მომეცი, ყველაფერი შენგანაა;
  8. 8
    ვინაიდან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ მივეცი; მათ კი მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან გამოვედი; და ირწმუნეს, რომ შენ წარმომგზავნე.
  9. 9
    მათთვის გთხოვ, წუთისოფლისთვის კი არ გთხოვ, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი, რადგან შენები არიან ისინი.
  10. 10
    ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი. და მე მათში განვდიდდი.
  11. 11
    მე აღარ ვარ წუთისოფელში, ისინი კი წუთისოფელში არიან; მე შენთან მოვდივარ. წმიდა მამავ, შენი სახელით დაიცავი ესენი, შენ რომ მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ!
  12. 12
    ვიდრე მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, შენ რომ მომეცი; და დავიცავი, არავინ დაღუპულა მათგან, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულებულიყო წერილი.
  13. 13
    ახლა კი შენთან მოვდივარ; და ამას ვლაპარაკობ წუთისოფელში, რათა სრული იყოს მათში ჩემი სიხარული.
  14. 14
    მე მივეცი მათ შენი სიტყვა და წუთისოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან წუთისოფლისანი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა.
  15. 15
    არ გთხოვ, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისგან.
  16. 16
    წუთისოფლისგან არ არიან ისინი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისგან.
  17. 17
    განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით; შენი სიტყვაა ჭეშმარიტება.
  18. 18
    როგორც შენ მომავლინე წუთისოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი წუთისოფელში.
  19. 19
    ჩემს თავს განვწმედ მათთვის, რათა ისინიც განწმედილნი იყვნენ ჭეშმარიტებით.
  20. 20
    მხოლოდ ამათთვის არ გთხოვ, არამედ იმათთვისაც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს.
  21. 21
    რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამავ, მე კი - შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში და ირწმუნოს წუთისოფელმა, რომ შენ წარმომგზავნე.
  22. 22
    დიდება, შენ რომ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთი.
  23. 23
    მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთობაში და იცოდეს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
  24. 24
    მამავ, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც, შენ რომ მომეცი, ჩემთან იყვნენ, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან წუთისოფლის შექმნამდე შემიყვარე.
  25. 25
    მამავ მართალო, წუთისოფელმა ვერ შეგიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ წარმომგზავნე.
  26. 26
    მე განვუცხადე მათ შენი სახელი და კვლავაც განვუცხადებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათშიც იყოს და მეც ვიყო მათში”.
იტვირთება შემდეგი თავი