იესო ნავეს ძე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
თავი 1
- 1უფლის მსახურის, მოსეს გარდაცვალების შემდეგ უთხრა უფალმა იეშუა ნავეს ძეს, მოსეს მსახურს:
- 2"მოსე, ჩემი მსახური, გარდაიცვალა; ახლა ადექი და მთელ ხალხთან ერთად გადალახე იორდანე იმ ქვეყნისკენ, რომელსაც ვაძლევ ისრაელის ძეებს.
- 3და ყოველ ადგილს, რომელზეც ტერფს დაადგამთ, თქვენ გაძლევთ, როგორც ვუთხარი მოსეს:
- 4უდაბნოდან და ლიბანიდან დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე, ხეთელთა მთელ ქვეყანას, დიდ ზღვამდე, მზის დასალიერამდე იქნება თქვენი საზღვარი.
- 5წინ ვერავინ დაგიდგება მთელი შენი სიცოცხლე; როგორც მოსესთან ვიყავი, ისე ვიქნები შენთანაც; არ მიგატოვებ და თავს არ დაგანებებ.
- 6იყავი მტკიცე და გაბედული, რადგან შენ დაუნაწილებ ამ ხალხს იმ მიწას, რომელიც შევფიცე მათ მამებს მათთვის მისაცემად.
- 7ოღონდ განმტკიცდი და ძალზედ გამხნევდი, რათა დაიცვა აღსასრულებლად მთელი რჯული, რომელიც გამცნო მოსემ, ჩემმა მსახურმა; ნუ გადაუხვევ მისგან ნურც მარცხნივ და ნურც მარჯვნივ, რათა წარმატებას მიაღწიო ყველგან, სადაც მიხვალ.
- 8და ნუ განშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ - დღე და ღამე მასზე იფიქრე, რომ იფხიზლო ყოველივე მასში ჩაწერილის აღსასრულებლად, რადგან მაშინ მიაღწევ წარმატებას და სიკეთეს შენს გზებზე.
- 9განა ნაბრძანები არა მაქვს შენთვის, განმტკიცდი და ძლიერ გამხნევდი-მეთქი? ნუ შეძრწუნდები და შეთრთოლდები, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ!”
- 10და ასე უბრძანა იეშუამ ხალხის ზემდგომთ:
- 11"გაიარეთ ბანაკში და უბრძანეთ ხალხს, საგზალი გაიმზადონ, რადგან იორდანე უნდა გადალახოთ სამი დღის შემდეგ, რომ წახვიდეთ და დაიპყროთ მიწა, რომელსაც გაძლევთ დასამკვიდრებლად უფალი, თქვენი ღმერთი”.
- 12რეუბენელებს, გადელებს და მენაშეს ნახევარ ტომს ასე უთხრა იეშუამ:
- 13"გახსოვდეთ სიტყვა, რომელიც გამცნოთ მოსემ, უფლის მსახურმა: დაგასვენათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა და მოგცათ თქვენ ეს ქვეყანა.
- 14დარჩნენ თქვენი ცოლები, პატარები და საქონელი ქვეყანაში, რომელიც მოგცათ მოსემ იორდანეს გაღმა, თქვენ კი, ყველა მამაცი მებრძოლი, იარაღასხმულნი ივლით თქვენი ძმების წინაშე და დაეხმარებით მათ,
- 15ვიდრე თქვენსავით დაასვენებდეს უფალი თქვენს ძმებს და ვიდრე ისინიც დაიმკვიდრებენ ქვეყანას, რომელსაც აძლევს მათ უფალი, თქვენი ღმერთი. მაშინ დაუბრუნდებით და დაიმკვიდრებთ საკუთარ მიწას, რომელიც იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლისკენ მოგცათ მოსემ, უფლის მსახურმა.
- 16და უპასუხეს იეშუას: "ყველაფერს, რაც გვიბრძანე, გავაკეთებთ და ყველგან, საითაც მიგვავლენ, წავალთ.
- 17როგორც მოსეს ვუსმენდით, შენც ისე მოგისმენთ; ოღონდ უფალი, შენი ღმერთი იყოს შენთან ისე, როგორც მოსესთან იყო.
- 18და ყოველი, ვინც ეურჩება შენს ბრძანებას და არ დაემორჩილება შენს სიტყვას, რასაც უბრძანებ, მოკვდება! ოღონდ განმტკიცდი და ძალზედ გამხნევდი”.
იტვირთება შემდეგი თავი