იუდა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

თავი 1

  1. 1
    იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა - მოწოდებულებს, საყვარელთ მამა ღმერთში და დაცულებს იესო ქრისტეში.
  2. 2
    წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გაგიმრავლდეთ.
  3. 3
    საყვარელნო! ძალიან მოწადინებული ვიყავი ჩვენს საერთო ხსნაზე მომეწერა თქვენთვის; მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე წერილობით შემეგონებინეთ, რომ იღწვოდეთ რწმენისთვის, რომელიც ერთხელ წმიდანებს გადაეცათ.
  4. 4
    ვინაიდან შემოიპარნენ ზოგიერთნი, რომელთაც ადრიდანვე ეწერათ ეს სასჯელი, უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ერთადერთ მბრძანებელსა და ჩვენს უფალ იესო ქრისტეს.
  5. 5
    მინდა შეგახსენოთ, თუმცა ეს ყველაფერი იცით, რომ უფალმა ჯერ იხსნა ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და შემდეგ დაღუპა ურწმუნონი.
  6. 6
    ხოლო ანგელოზნი, რომელთაც არ დაიცვეს საკუთარი ღირსება და მიატოვეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შემოინახა წყვდიადში, რათა გაასამართლოს დიად დღეს.
  7. 7
    როგორც სოდომი და გომორა და მოსაზღვრე ქალაქები, მათ მსგავსად რომ მეძავობდნენ და აჰყვნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის ნიმუშად არიან დადგენილნი,
  8. 8
    ასევე დაემართებათ ამ მეოცნებეებსაც, ხორცს რომ ბილწავენ, ძალაუფლებას უარყოფენ და დიდებას გმობენ.
  9. 9
    მიქაელ მთავარანგელოზმაც, ეშმაკთან პაექრობისას, მოსეს სხეულის გამო რომ ედავებოდა, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: "შეგრისხოს უფალმა!”
  10. 10
    ესენი კი გმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებრივად იციან, როგორც უგუნურმა პირუტყვებმა, იმით იხრწნიან თავს.
  11. 11
    ვაი მათ, რადგან კაენის გზით მიდიან, საზღაურისთვის აჰყვნენ ბილყამის ცდომილებას და სიჯიუტით იღუპებიან, როგორც კორახი.
  12. 12
    ისინი ლაქებად ჩანან თქვენი სიყვარულის სერობებზე; თავხედურად ნადიმობენ თქვენთან ერთად და მასპინძლობენ საკუთარ თავს; ქარის მიერ მიმოფანტული უწყლო ღრუბლები, შემოდგომის უნაყოფო ხეები, ორგზის გამხმარნი და ძირფესვიანად აღმოფხვრილნი;
  13. 13
    ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთი სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავები, რომლებისთვისაც სიბნელის წყვდიადია შენახული საუკუნოდ.
  14. 14
    ენოქმაც, ადამის შემდეგ მეშვიდემ, იწინასწარმეტყველა მათზე და თქვა: აჰა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდანთან ერთად.
  15. 15
    რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღმერთობით ჩაუდენიათ, და ყველა სასტიკი სიტყვა, მის მიმართ რომ უთქვამთ იმ უღვთო ცოდვილებს.
  16. 16
    ისინი არიან მდრტვინავნი, უკმაყოფილონი, თავიანთი გულისთქმებით მავალნი, რომელთა ბაგენი მაღალფარდოვან სიტყვებს წარმოთქვამენ და ანგარების გამო პირფერობენ.
  17. 17
    თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწართქმული.
  18. 18
    ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკიცხავნი, თავიანთი უღვთო გულისთქმებით მავალნი.
  19. 19
    ესენი არიან განხეთქილების მომტანნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი.
  20. 20
    ხოლო თქვენ, საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით,
  21. 21
    დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისგან, იესო ქრისტესგან წყალობას საუკუნო სიცოცხლისთვის.
  22. 22
    ზოგიერთ დაეჭვებულს წყალობით მოექეცით;
  23. 23
    სხვანი კი შიშით იხსენით, ვითარცა ცეცხლისგან გამოტაცებით და ხორცისგან დაბინძურებული სამოსელიც კი შეიზიზღეთ.
  24. 24
    ხოლო ვისაც ძალუძს დაგიცვათ დაცემისგან და უბიწონი წარგადგინოთ თავისი დიდების წინაშე სიხარულით,
  25. 25
    ერთადერთ ღმერთს, ჩვენს მაცხოვარს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, დიდება, სიდიადე, ძალა და ხელმწიფება ყოველთა საუკუნეთა უწინარეს, და ახლა და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!