მსაჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1აბიმელექის შემდეგ ისრაელის სახსნელად თოლაყი, ძე ფუყასი, ძისა დოდოსი, ისაქარის კაცი აღდგა. შამირში ცხოვრობდა იგი, ეფრემის მთაზე.
- 2ოცდასამი წელი განსჯიდა ისრაელს, მერე მოკვდა და დამარხეს შამირში.
- 3მის შემდგომ გილყადელი იაირი აღდგა და განსჯიდა ისრაელს ოცდაორი წელი.
- 4ოცდაათი ვაჟი ჰყავდა, ოცდაათ ჩოჩორზე ამხედრებული, ოცდაათი ქალაქის მფლობელი, დღემდე ხავოთიაირად წოდებული გილყადის ქვეყანაში.
- 5მოკვდა იაირი და დაიმარხა კამონში.
- 6ისევ ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში, ემსახურებოდნენ ბაყალებს, ყაშთაროთებს, არამისა და ციდონის ღმერთებს, მოაბის, ყამონისა და ფილისტიმის ღმერთებს. მიატოვეს უფალი და აღარ ემსახურებოდნენ მას.
- 7აღინთო უფლის რისხვა ისრაელზე და ხელში ჩაუგდო ისინი ფილისტიმელებსა და ყამონელებს.
- 8იმ წლიდან მოყოლებული ავიწროებდნენ და ჩაგრავდნენ ისინი ისრაელიანებს თვრამეტი წელი, ყველა ისრაელიანს, ვინც იორდანეს გაღმა, ამორელთა მიწაზე იყო, გილყადში.
- 9გადალახეს ყამონის ძეებმა იორდანე, რომ შებრძოლებოდნენ იუდას, ბენიამინსა და ეფრემის სახლს. ძლიერ გაუჭირდა ისრაელს.
- 10შეჰღაღადეს უფალს ისრაელის ძეებმა და უთხრეს: "შევცოდეთ შენს წინააღმდეგ, რადგან მივატოვეთ ჩვენი ღმერთი და ვემსახურებოდით ბაყალებს!”
- 11უთხრა უფალმა ისრაელიანებს: "ხომ დაგიხსენით ეგვიპტელთაგან, ამორელთაგან, ყამონელთაგან და ფილისტიმელთაგან.
- 12ციდონელები, ყამალეკი და მაყონი გავიწროებდნენ; როცა კი შემომღაღადეთ, ხომ მიხსნიხართ მათი ხელიდან?
- 13თქვენ კი მიმატოვეთ და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს. ამიტომაც აღარ გიხსნით.
- 14წადით და შეჰღაღადეთ იმ ღმერთებს, რომლებიც აირჩიეთ. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში!”
- 15უთხრეს ისრაელის ძეებმა უფალს: "შევცოდეთ; რაც გინდა გვიყავი, ოღონდ დღეს გვიხსენი”.
- 16განიშორეს უცხო ღმერთები თავისი წიაღიდან და შეუდგნენ უფლის მსახურებას; და ვეღარ აიტანა უფალმა ისრაელის ტანჯვა.
- 17შეიყარნენ ყამონელები და დაბანაკდნენ გილყადში. ისრაელიანებიც შეიკრიბნენ და დაბანაკდნენ მიცფაში.
- 18უთხრეს ერთმანეთს გილყადში ხალხმა და მთავრებმა: "ვინც პირველი შეებრძოლება ყამონელებს, ის იყოს გილყადის მკვიდრთა წინამძღოლი”.
იტვირთება შემდეგი თავი