მსაჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 14

  1. 1
    ჩავიდა სამსონი თიმნათში, ნახა იქ ერთი ფილისტიმელი ქალი და მოეწონა.
  2. 2
    აბრუნდა და უთხრა თავის მამას და დედას: "ერთი ფილისტიმელი ქალი ვნახე თიმნათში, ის მომიყვანეთ ცოლად”.
  3. 3
    უთხრეს მამამ და დედამ: "ნუთუ ქალი დაილია შენს სანათესაოში და მთელს შენს ხალხში, წინადაუცვეთელ ფილისტიმელთაგან რომ თხოულობ ცოლს?” უთხრა სამსონმა მამამისს: "ის მომიყვანე, რადგან მომეწონა”.
  4. 4
    არ იცოდა მისმა დედ-მამამ, რომ უფლისგან იყო ეს, ფილისტიმელებზე შურის საძიებელ საბაბს ეძებდა; ფილისტიმელები ბატონობდნენ ისრაელზე იმ დროს.
  5. 5
    და წავიდა სამსონი თავის მშობლებთან ერთად თიმნათში. თიმნათის ვენახებს რომ მიუახლოვდნენ, აჰა, ლომის ბოკვერი მოდის მათკენ ღრიალით.
  6. 6
    უფლის სული გადმოვიდა მასზე და თიკანივით შუაზე გახლიჩა ლომი, ისე რომ ხელში არაფერი სჭერია, მაგრამ მშობლებისთვის არ უთქვამს, რაც ჩაიდინა.
  7. 7
    ჩავიდა, ელაპარაკა ქალს და მოეწონა იგი სამსონს.
  8. 8
    რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ დაბრუნდა მის წასაყვანად; შეუხვია ლომის ჩონჩხის სანახავად და აჰა, ფუტკრის გუნდი და თაფლია ლომის ჩონჩხში.
  9. 9
    მტევანზე გადმოიფხიკა თაფლი, მიდიოდა და ჭამდა გზადაგზა. წამოეწია თავის დედ-მამას, მისცა თაფლი და მათაც ჭამეს. და არ უთქვამს, რომ ლომის ჩონჩხიდან იყო გამოღებული.
  10. 10
    ჩავიდა სასიძოს მამა ქალთან და იქვე გამართა სამსონმა ნადიმი, როგორც ამას ჭაბუკები აკეთებდნენ ხოლმე.
  11. 11
    როცა ნახეს იგი, გამოარჩიეს ოცდაათი მაყარი, რათა მასთან ყოფილიყვნენ.
  12. 12
    უთხრა მათ სამსონმა: "ერთ გამოცანას გეტყვით; თუ გამოიცნობთ ამ შვიდდღიანი ნადიმის დროს, ოცდაათ ხელ სელის სამოსსა და ოცდაათ ხელ საცვალს მოგცემთ.
  13. 13
    თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით ოცდაათი ხელი სელის სამოსი და ოცდაათი ხელი საცვალი”. უთხრეს: "გვითხარი გამოცანა, მოგისმენთ”.
  14. 14
    უთხრა: "მჭამელისგან საჭმელი გამოვიდა და ძლიერისგან ტკბილი გამოვიდა”. სამი დღის განმავლობაში ვერ გამოიცნეს გამოცანა.
  15. 15
    მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს: "დაიყოლიე შენი ქმარი, რომ გვითხრას გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვად მოგვიპატიჟეთ?”
  16. 16
    ქვითინებდა სამსონის ცოლი მის წინაშე და ეუბნებოდა: "არ გიყვარვარ, არამედ გძულვარ - გამოცანა მიგიცია მაყრებისთვის, ახსნას კი არ მეუბნები”. უპასუხა: "ჩემი დედ-მამისთვის არ მითქვამს და შენ როგორ გეტყვი?”
  17. 17
    შვიდ დღეს შესტიროდა ქალი სამსონს, რამდენ ხანსაც ნადიმი გრძელდებოდა. მეშვიდე დღეს მობეზრდა და გაუმხილა პასუხი, მან კი თავისი ხალხის ძეებს უთხრა;
  18. 18
    და უთხრეს სამსონს ქალაქის კაცებმა, მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე: "რა არის თაფლზე ტკბილი და ლომზე ძლიერი?” მიუგო: "ჩემი დეკეულით რომ არ გეხნათ, ვერ ამოხსნიდით ჩემს გამოცანას”.
  19. 19
    გადმოვიდა მასზე უფლის სული, ჩავიდა აშკელონში, დახოცა ოცდაათი იქაური კაცი, გახადა სამოსელი და მისცა გამოცანის გამომცნობთ. რისხვით აღენთო და წავიდა თავისი მამის სახლში,
  20. 20
    სამსონის ცოლი კი ერთ-ერთ მაყარს მისცეს ცოლად.
იტვირთება შემდეგი თავი