მსაჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1უთხრეს მას ეფრემის კაცებმა: "ასე რატომ მოგვექეცი, რატომ არ გვიხმე, მიდიანთან რომ მიდიოდი საბრძოლველად?” მაგარი კამათი გაუმართეს.
- 2მიუგო გედეონმა: "თქვენოდენი რა გამიკეთებია? ეფრემის ყურძნის ნამცვრევი არ სჯობია აბიყეზერის რთველს?
- 3ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები, ყორები და ზეები; მე სად შემეძლო თქვენოდენი გამეკეთებინა?” და დაცხრა მათი რისხვა, როცა უთხრა ეს სიტყვები.
- 4მიადგნენ დევნისგან დაქანცული გედეონი და მასთან მყოფი სამასი კაცი და გადალახეს იორდანე.
- 5სთხოვა მან სუქოთელებს: "მიეცით პური ხალხს, მე რომ მომყვება, რადგან მოიქანცნენ; მიდიანის მეფეებს მივდევ, ზებახს და ცალმუნაყს”.
- 6ჰკითხეს სუქოთის მთავრებმა: "განა უკვე ხელში ჩაიგდე ზებახი და ცალმუნაყი, რომ პური მივცეთ შენს ლაშქარს?”
- 7თქვა გედეონმა: "როცა ხელში ჩამიგდებს უფალი ზებახს და ცალმუნაყს, უდაბნოს ეკლით და კვრინჩხის ტოტებით დაგიფლეთთ ხორცს”.
- 8იქიდან ფენუელს მიადგა და იგივე სთხოვა; ფენუელის მკვიდრებმაც უარი უთხრეს სუქოთელებივით.
- 9მაშინ ფენუელის მკვიდრთაც იგივე უთხრა: "უკან რომ მოვბრუნდები დავანგრევ ამ კოშკს”.
- 10კარკორში იდგნენ ზებახი და ცალმუნაყი თავიანთი ლაშქრით, თხუთმეტი ათასამდე კაცით, რომლებიც აღმოსავლეთის ძეთა ლაშქრიდან გადარჩენილიყვნენ; დაცემით კი ასოცი ათასი კაცი დაეცა, მახვილის ხელში ამღები.
- 11და წავიდა გედეონი კარვებში მობინადრეთა გზით, შემოუარა ნობახისა და იოგბოჰას აღმოსავლეთიდან და დაეცა ლაშქარს, როცა უზრუნველად იყო ბანაკი.
- 12გაიქცნენ ზებახი და ცალმუნაყი, დაედევნა და შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე, ზებახიც და ცალმუნაყიც. შიშის ზარი დაეცა მთელ ლაშქარს.
- 13ბრძოლის შემდეგ ქერესის მაღლობიდან უკან გამობრუნდა გედეონ იოაშის ძე.
- 14შეიპყრო ერთი სუქოთელი ჭაბუკი, დაჰკითხა და ჩამოაწერინა სუქოთის სამოცდაჩვიდმეტი მთავრისა და უხუცესის სახელი.
- 15მოვიდა სუქოთის კაცებთან და უთხრა: "აჰა, ზებახი და ცალმუნაყი, ამათ გამო დამცინოდით და მეუბნებოდით: განა უკვე ხელში ჩაიგდე ზებახი და ცალმუნაყი, რომ პური მივცეთო შენს დაქანცულ ხალხს?”
- 16გაიყვანა ქალაქის უხუცესნი, აიღო უდაბნოს ეკალი და კვრინჩხის ტოტები და იმით დასაჯა სუქოთის კაცები.
- 17ფენუელის კოშკიც დაანგრია და მოსრა იმ ქალაქის კაცები.
- 18უთხრა ზებახსა და ცალმუნაყს: "როგორები იყვნენ ის კაცები, თაბორში რომ დახოცეთ?” უპასუხეს: "შენი მსგავსნი იყვნენ, მეფისწულებს ჰგავდნენ თვალტანადობით”.
- 19თქვა გედეონმა: "ჩემი ძმები იყვნენ ისინი, დედაჩემის ძენი. უფალს გეფიცებით არ დაგხოცავდით, ხელი რომ არ გეხლოთ მათთვის”.
- 20და უთხრა იეთერს, თავის პირმშოს: "ადექი და დახოცე ესენი!” ვერ გაბედა ყრმამ მახვილის ამოღება, შეშინდა, რადგან ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო.
- 21უთხრეს ზებახმა და ცალმუნაყმა: "ადექი და შენ დაგვხოცე, რადგან როგორიც კაცია, ისეთივეა მისი ძალაც”. ადგა გედეონი, განგმირა ზებახი და ცალმუნაყი და მათ აქლემებს ნახევარმთვარეები ჩამოხსნა კისრიდან.
- 22უთხრეს ისრაელიანებმა გედეონს: "იუფლე ჩვენზე შენც, შენმა ძემაც და შენი ძის ძემაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანელთა ხელისგან”.
- 23უპასუხა გედეონმა: "მე არ ვიუფლებ თქვენზე და არც ჩემი ძე იუფლებს თქვენზე, უფალი უფლობდეს თქვენზე”.
- 24უთხრა გედეონმა: "ერთი თხოვნა მაქვს: თითოეულმა ერთი საყურე მომცეს თავისი ნადავლიდან”. ოქროს საყურეები ეკეთათ, რადგან ისმაელიანები იყვნენ.
- 25უპასუხეს: "მოგცემთ”. გაშალეს მოსასხამი და თითოეულმა თითო საყურე დააგდო თავისი ნადავლიდან.
- 26ათას შვიდასი შეკელი იყო გამოთხოვილი ოქროს საყურეების წონა. გარდა მიდიანის მეფეებისგან ართმეული ნახევარმთვარეებისა, გულსაკიდებისა, მეფეთა ძოწეულისა და აქლემების კისრებიდან ჩამოხსნილი ოქროს ჯაჭვებისა.
- 27ეფოდი გააკეთა ამისგან გედეონმა და თავის ქალაქში, ყოფრაში გამოფინა. და მეძავობდა იქ მთელი ისრაელი მის კვალზე და მახედ ექცა იგი გედეონსა და მის სახლეულს.
- 28დაემორჩილა მიდიანი ისრაელის ძეებს, მეტად აღარ აუწევიათ თავი და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი გედეონის სიცოცხლის დღეებში.
- 29წავიდა იერუბაყალი, იოაშის ძე და ცხოვრობდა თავის სახლში.
- 30სამოცდაათი ძე ჰყავდა გედეონს, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ჰყავდა.
- 31შექემელმა ხარჭამაც უშვა ძე და დაარქვა სახელად აბიმელექი.
- 32მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში და დაიკრძალა მამის, იოაშის აკლდამაში, აბიყეზერის ყოფრაში.
- 33ბაყალის კვალზე გადაუხვიეს ისრაელის ძეებმა გედეონის სიკვდილის შემდეგ და ღმერთად დაიდგეს ბაყალ-ბერითი.
- 34აღარ ახსოვდათ ისრაელის ძეებს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ირგვლივ მყოფი ყველა მტრის ხელიდან იხსნა ისინი.
- 35არც იერუბაყალ-გედეონის სახლეულისადმი გამოიჩინეს წყალობა, იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.
იტვირთება შემდეგი თავი