ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
თავი 1
- 1მოუხმო უფალმა მოსეს და ელაპარაკა მას საკრებულო კარვიდან:
- 2"ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი: თუ ვინმე თქვენ შორის შესწირავს უფალს, იყოს თქვენი მსხვერპლი პირუტყვი, მსხვილფეხასა და წვრილფეხასაგან.
- 3თუ სრულადდასაწველია მისი მსხვერპლი, მაშინ შესწიროს უნაკლო მოზვერი მსხვილფეხა საქონლიდან; საკრებულო კარვის შესასვლელთან შესწიროს, რათა მიღებული იყოს იგი უფლის მიერ.
- 4თავზე დაადოს ხელი სრულადდასაწველს და მიღებული იქნება მსხვერპლი მის ცოდვათა გამოსასყიდად.
- 5დაკლას მოზვერი უფლის წინაშე და შესწირონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, და აპკურონ სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ, რომელიც საკრებულოს კარვის შესასვლელთანაა.
- 6გაატყაოს სრულადდასაწველი მსხვერპლი და ნაწილებად დაჭრას.
- 7დაანთონ აჰარონ მღვდლის ძეებმა ცეცხლი სამსხვერპლოზე და დააწყონ ცეცხლზე შეშა.
- 8და განალაგონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, ეს ნაწილები, თავი და ქონი შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე.
- 9მისი შიგნეული და წვივები წყლით გარეცხოს; სამსხვერპლოზე დაწვას მღვდელმა ყველაფერი: სრულადდასაწველია ეს, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის.
- 10თუ ფარიდან იქნება მისი სრულადდასაწველი შესაწირი, ცხვარი ან თხა, შესწიროს უნაკლო მამალი.
- 11დაკლას იგი სამსხვერპლოს ჩრდილო მხარეს უფლის წინაშე და მოაპკურონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
- 12დაჭრას იგი ნაწილებად და დააწყონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, ეს ნაწილები თავიანად და ქონიანად შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე.
- 13შიგნეული და წვივები წყლით გარეცხოს; და დაწვას მღვდელმა ყველაფერი სამსხვერპლოზე: სრულადდასაწველია ეს, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის.
- 14თუ უფლისთვის სრულადდასაწველი მსხვერპლი ფრინველი იქნება, მაშინ შესწიროს გვრიტი ან მტრედის ხუნდები.
- 15მოიტანოს იგი მღვდელმა სამსხვერპლოსთან, თავი წარკვეთოს და დაწვას სამსხვერპლოზე; მისი სისხლი კი სამსხვერპლოს კედელს მიაწუროს;
- 16მოაცალოს ჩიჩახვი ბუმბულიანად და დააგდოს სამსხვერპლოსთან, აღმოსავლეთით, ნაცრის ადგილზე.
- 17გადაუმტვრიოს ფრთები, ოღონდ არ გააცალოს და დაწვას იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე, შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა; სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის.
იტვირთება შემდეგი თავი