ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1თუ სამშვიდობო შესაწირია მსხვერპლი და თუ მსხვილფეხას სწირავს, ხარს ან ფურს, უმანკო შესწიროს უფლის წინაშე.
- 2თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან; და აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, მოაპკურონ სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
- 3შესწიროს უფალს სამშვიდობო შესაწირის მსხვერპლისგან საცეცხლო შესაწირად: ქონი, რომელიც შიგნეულს ფარავს და მთელი ქონი, რაც შიგნეულობაზეა.
- 4ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმელებს.
- 5დააკმიონ იგი აჰარონის ძეებმა სამსხვერპლოზე სრულადდასაწველთან ერთად, რომელიც ცეცხლზე, შეშის ზემოთ დევს; ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისთვის.
- 6თუ ფარიდან იქნება მისი მსხვერპლი, სამშვიდობო შესაწირად უფლისთვის, უმანკო მამალი ან დედალი შესწიროს.
- 7თუ კრავს სწირავს, შესწიროს იგი უფლის წინაშე.
- 8თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან. მოაპკურონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
- 9სამშვიდობო შესაწირის მსხვერპლისგან შესწიროს საცეცხლო შესაწირად უფალს: მისი ქონი, მთელი დუმა, თეძოსთავამდე მოაცილოს იგი; ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულობაზეა.
- 10ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმელებს.
- 11და დააკმიოს იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე: ეს არის საცეცხლო საზრდო, შესაწირი უფლისთვის.
- 12თუ თხაა მისი შესაწირი, შესწიროს იგი უფლის წინაშე;
- 13თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან; და მოაპკურონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
- 14შესწიროს საცეცხლო შესაწირად უფალს სამშვიდობო შესაწირის მსხვერპლისგან: ქონი, რომელიც შიგნეულს ფარავს და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულობაზეა.
- 15ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმელებს.
- 16დააკმიოს ეს მღვდელმა სამსხვერპლოზე: ეს არის საცეცხლო საზრდო, კეთილსურნელება. მთელი ქონი უფლისაა.
- 17სამარადისო წესია ეს თქვენს თაობებში, ყველგან, სადაც კი იცხოვრებთ; არავითარი ქონი და სისხლი არ ჭამოთ”.
იტვირთება შემდეგი თავი