ლუკას სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 16

  1. 1
    თავის მოწაფეებსაც უთხრა: "იყო ერთი მდიდარი კაცი; ჰყავდა სახლმმართველი, რომელზეც ამბავი მიუტანეს, ქონებას გინიავებსო.
  2. 2
    დაიბარა და უთხრა: ეს რა გავიგე შენზე? ჩამაბარე შენი მმართველობის ანგარიში, რადგან სახლმმართველი ვეღარ იქნებიო.
  3. 3
    მაშინ თქვა სახლმმართველმა თავისთვის: როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მმართველობას მართმევს. ბარვა მე არ შემიძლია, მათხოვრობის კი მრცხვენია.
  4. 4
    ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მმართველობას ჩამომაშორებენ.
  5. 5
    სათითაოდ დაიბარა თავისი ბატონის მოვალეები; ჰკითხა პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?
  6. 6
    მიუგო: ასი საწყაო ზეთი. უთხრა: აიღე შენი თამასუქი, ახლავე დაჯექი და ორმოცდაათი დაწერე.
  7. 7
    შემდეგ სხვას ჰკითხა: შენ რამდენი გმართებს? მან თქვა: ასი საწყაო ხორბალი. უთხრა: აიღე შენი თამასუქი და ოთხმოცი დაწერე.
  8. 8
    და შეაქო ბატონმა უმართლო სახლმმართველი, გონივრულად რომ მოიქცა, რადგან წუთისოფლის შვილები სინათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ თაობაში.
  9. 9
    მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უმართლობის მამონით, რომ, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ მარადიულ სავანეში.
  10. 10
    მცირედში ერთგული დიდშიც ერთგულია; და მცირედში უმართლო, დიდშიც უმართლოა.
  11. 11
    ჰოდა, თუ უმართლო მამონაში არ იქნებით ერთგულნი, ჭეშმარიტს ვინ მოგანდობთ?
  12. 12
    და თუ სხვისაში არ იქნებით ერთგულნი, თქვენსას ვინ მოგცემთ?
  13. 13
    არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!”
  14. 14
    ყოველივე ეს ფარისევლებსაც ესმოდათ, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ, და სასაცილოდ იგდებდნენ მას.
  15. 15
    უთხრა მათ: "თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, რადგან, რაც ამაღლებულია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.
  16. 16
    რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო; ხოლო მას მერე ღმერთის სამეფო იქადაგება და ყველანი ძალისხმევით შედიან მასში.
  17. 17
    უფრო ადვილია ცისა და მიწის გარდასვლა, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილი ამოვარდეს რჯულიდან.
  18. 18
    ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და, ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს”.
  19. 19
    "იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა და ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა.
  20. 20
    ასევე იყო ერთი ღატაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა წყლულებით დაფარული.
  21. 21
    ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ.
  22. 22
    მოკვდა გლახაკი და ანგელოზებმა აბრაჰამის წიაღში მიიყვანეს. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს.
  23. 23
    და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აღაპყრო თვალები და დაინახა შორიდან აბრაჰამი და ლაზარეც მის წიაღში.
  24. 24
    შესძახა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ თითის წვერი დაისველოს წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიტანჯები ამ ალში.
  25. 25
    უთხრა აბრაჰამმა: შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენ სიცოცხლეში სიკეთენი, ლაზარემ კი - სიავენი. ამიტომ ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები.
  26. 26
    გარდა ამისა, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია, ისე რომ, გადმოსვლის მსურველები ვერც აქედან მანდეთ გადმოვლენ თქვენსკენ და ვერც მანდედან აქეთ ჩვენსკენ.
  27. 27
    უთხრა: რაკი ასეა, გევედრები, მამაო, მამაჩემის სახლში მაინც მიავლინე იგი.
  28. 28
    რადგან ხუთი ძმა მყავს, მივიდეს და გააფრთხილოს, რომ ისინიც არ მოხვდნენ ამ სატანჯველში.
  29. 29
    მაგრამ უთხრა მას აბრაჰამმა: მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი; მათ უსმინონ.
  30. 30
    მან კი თქვა: არა, მამაო აბრაჰამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ.
  31. 31
    და უთხრა მას აბრაჰამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ დაუგდეს ყური, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, იმასაც არ ერწმუნებიან”.
იტვირთება შემდეგი თავი