ლუკას სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 19
- 1შევიდა და გაიარა იერიხოზე.
- 2აჰა, იყო ვინმე მდიდარი კაცი, სახელად ზაქე - მებაჟეთა უფროსი.
- 3უნდოდა იესოს ხილვა, რომ გაეგო, ვინ იყო იგი, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლო, რადგან ტანდაბალი იყო.
- 4წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე ავიდა, რომ დაენახა, რადგან იესოს აქეთ უნდა გამოევლო.
- 5როცა იმ ადგილამდე მივიდა, აიხედა იესომ მაღლა და უთხრა: "ზაქე, სწრაფად ჩამოდი! რადგან დღეს შენს სახლში მომიწევს დარჩენა”.
- 6და სწრაფად ჩამოსულმა, სიხარულით მიიღო იგი.
- 7ვინც ეს დაინახა, ყველანი აბუზღუნდნენ; ამბობდნენ: "ცოდვილ კაცთან შევიდა დასარჩენად”.
- 8ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: "უფალო, აჰა, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ, ხოლო თუ ვინმესთვის რაიმე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ”.
- 9უთხრა იესომ: "დღეს მოხდა ამ სახლის გადარჩენა, რაკი ისიც აბრაჰამის ძეა.
- 10ვინაიდან ძე კაცისა დაკარგულის მოსაძებნად და გადასარჩენად მოვიდა”.
- 11ამას რომ ისმენდნენ, ერთი იგავიც დაურთო, რადგან ახლოს იყო იერუსალიმთან და ეგონათ, ღმერთის სამეფო ახლავე გამოჩნდებაო.
- 12ამის გამო თქვა: "წავიდა ერთი კეთილშობილი კაცი შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო.
- 13მოუხმო თავის ათ მონას, მისცა ათი მინა და უთხრა, ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთო.
- 14მაგრამ მისი ქალაქის მკვიდრთ სძულდათ იგი, უკან ელჩები დაადევნეს და დააბარეს: არ გვსურს, რომ მაგან იმეფოს ჩვენზეო.
- 15მეფობა რომ მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მოეგვარათ მისთვის ის მონები, ვერცხლი რომ მისცა, რათა გაეგო, ვინ როგორ ივაჭრა.
- 16მოვიდა პირველი და უთხრა: ბატონო, შენმა მინამ ათი მინა მოიგო.
- 17უთხრა მას: კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფებაო.
- 18მოვიდა მეორე და უთხრა: ბატონო, შენმა მინამ ხუთი მინა მოიტანა.
- 19მასაც უთხრა: შენ ხუთ ქალაქზე დადექიო.
- 20სხვა მოვიდა და უთხრა: ბატონო, აჰა, შენი მინა, რომელიც ხელსახოცში მქონდა გამოკრული,
- 21შემეშინდა, რადგან მკაცრი კაცი ხარ - იღებ, რაც არ დაგიდევს, და იმკი, რაც არ დაგითესავს.
- 22უთხრა მას: შენივე ნათქვამით განგიკითხავ, ბოროტო მონავ. იცოდი, რომ მკაცრი კაცი ვარ - ვიღებ, რაც არ დამიდევს და ვიმკი, რაც არ დამითესავს.
- 23მაშ, რატომ არ მიეცი ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთ, რომ დაბრუნებულს სარგებლითურთ მიმეღო უკან?
- 24და უთხრა იქ მდგომთ: წაართვით ამას მინა და მიეცით ათი მინის მქონეს.
- 25მათ უთხრეს: უფალო, მას ისედაც ათი მინა აქვს.
- 26გეუბნებით თქვენ, რომ ყოველ მქონეს კიდევ მიეცემა, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
- 27ჩემი მტრები კი, რომლებსაც არ სურდათ, რომ მათზე მემეფა, მომგვარეთ აქ და დახოცეთ ჩემ წინაშე”.
- 28ეს თქვა და გაუდგა გზას იერუსალიმში ასასვლელად.
- 29ბეთბაგესა და ბეთანიას რომ მიუახლოვდა, ზეთისხილად წოდებული მთის მოპირდაპირედ, მოწაფეთაგან ორნი მიავლინა.
- 30უთხრა: "წადით მოპირდაპირე სოფელში. შეხვალთ თუ არა, დაბმულ ჩოჩორს დაინახავთ, რომელზეც ჯერ არ მჯდარა კაცი. ახსენით და მომიყვანეთ.
- 31თუ ვინმემ გკითხოთ, რატომ ხსნითო, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო”.
- 32წავიდნენ წარგზავნილები და ჰპოვეს მისი ნათქვამისამებრ.
- 33ჩოჩორის ახსნისას, ჰკითხეს მისმა პატრონებმა: "რატომ ხსნით ჩოჩორს?”
- 34უპასუხეს: "უფალს ესაჭიროება”.
- 35მიჰგვარეს იესოს, ტანისამოსი დააფინეს ჩოჩორს და ზედ შესვეს იგი.
- 36მიმავალს კი თავის ტანისამოსს უფენდნენ გზაზე.
- 37ზეთისხილის მთის დაღმართს რომ მიუახლოვდა, მისმა მრავალრიცხოვანმა მოწაფეებმა ხმამაღლა და სიხარულით იწყეს ღმერთის ქება-დიდება ყველა ძალთაქმედებისათვის, რაც იხილეს.
- 38ამბობდნენ: "კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ზეცად და დიდება მაღალთა შინა!”
- 39ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: "მოძღვარო, აუკრძალე შენს მოწაფეებს”.
- 40მიუგო მან პასუხად: "თქვენ გეუბნებით, ესენი რომ გაჩუმდნენ, ქვები აღაღადდებიან”.
- 41ქალაქს რომ მიუახლოვდა და დაინახა, ატირდა მის გამო.
- 42ამბობდა: "დღეს რომ მაინც გცოდნოდა, რა არის სამშვიდობო შენთვის, მაგრამ ახლა დაფარულია ეს შენს თვალთაგან.
- 43რადგან დაგიდგება დღეები, როცა მტრები გამოვლენ შენს წინააღმდეგ, ყოველი მხრიდან მიწაყრილს შემოგავლებენ და შეგავიწროვებენ.
- 44მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, რადგან ვერ შეიცანი შენი მონახულების ჟამი”.
- 45შევიდა ტაძარში და დაიწყო მოვაჭრეთა გამორეკვა.
- 46ეუბნებოდა მათ: "დაწერილია, ჩემი სახლი, სამლოცველო სახლია, თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი”.
- 47ყოველდღე ტაძარში ასწავლიდა. ხოლო მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ერისმთავარნი მის დაღუპვას ცდილობდნენ.
- 48მაგრამ ვერ მოიფიქრეს, რა ექნათ, რადგან მთელი ხალხი მოუშორებლად უსმენდა მას.
იტვირთება შემდეგი თავი