მარკოზის სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
თავი 1
- 1დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთის ძისა.
- 2როგორც ესაია წინასწარმეტყველის მიერაა დაწერილი: "აჰა, მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოამზადებს შენს გზას.
- 3ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, გაუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”.
- 4მოვიდა იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.
- 5იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი გამოდიოდა მასთან, ინათლებოდნენ მის მიერ მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.
- 6აქლემის ბეწვით იყო შემოსილი იოანე, წელზე ტყავის სარტყელი ერტყა და კალიასა და ველურ თაფლს ჭამდა.
- 7ქადაგებდა და ამბობდა: "ჩემს შემდეგ ჩემზე ძლიერი მოდის, რომლის წინაშე დახრისა და სანდლის თასმის გახსნის ღირსიც კი არა ვარ.
- 8მე წყლით გნათლავთ, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ”.
- 9და იყო: მოვიდა იმ დღეებში იესო გალილეის ნაზარეთიდან და მონათლულ იქნა იორდანეში იოანეს მიერ.
- 10და წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა გახსნილი ცანი და სული ღვთისა, მტრედივით გადმომავალი მასზე.
- 11ხმა გაისმა ციდან: "შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე”.
- 12და დაუყოვნებლივ წაიყვანა იგი ღვთის სულმა უდაბნოში.
- 13ორმოცი დღე იყო უდაბნოში და სატანისგან იცდებოდა იგი. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ.
- 14მას შემდეგ, რაც გადაცემულ იქნა იოანე, იესო გალილეაში დაბრუნდა და ქადაგებდა ღვთის სახარებას.
- 15ამბობდა: "აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება”.
- 16გალილეის ზღვის პირას რომ დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა, ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ.
- 17უთხრა მათ იესომ: "მე გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”.
- 18მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.
- 19ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე; ისინი ნავში ბადეებს კემსავდნენ.
- 20მაშინვე დაუძახა. მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მოჯამაგირეებთან ერთად და გაჰყვნენ მას.
- 21კაპერნაუმში მივიდნენ თუ არა, შაბათ დღეს, შევიდნენ სინაგოგაში და ასწავლიდა მათ.
- 22გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი.
- 23იქვე, კაცი იყო სინაგოგაში, არაწმიდა სულით შეპყრობილი და იყვირა:
- 24"რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ”.
- 25იესომ შერისხა იგი და უთხრა: "გაჩუმდი და გადი მაგისგან!”
- 26არაწმიდა სულმა შეანჯღრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან.
- 27ყველანი განცვიფრდნენ, ისე, რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც კი ემორჩილებიანო მას?
- 28და მყისვე გალილეის მთელ მხარეს მოედო მისი ამბავი.
- 29სინაგოგიდან რომ გამოვიდა, სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა იოანესა და იაკობთან ერთად.
- 30სიმონის სიდედრი ციებ-ცხელებით შეპყრობილი იწვა; მაშინვე უთხრეს იესოს მასზე.
- 31მივიდა, ხელი მოკიდა და ფეხზე წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ.
- 32საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც სნეული და ეშმაკეული იყო.
- 33მთელი ქალაქი შეიკრიბა კართან.
- 34ბევრი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისგან, ბევრი ეშმაკი განდევნა, თან ნებას არ რთავდა ეშმაკებს ელაპარაკათ, რადგან იცნობდნენ მას.
- 35განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას და იქ ლოცულობდა.
- 36სიმონი და მასთან მყოფნიც გაედევნენ მას.
- 37იპოვეს იგი და უთხრეს: "ყველა შენ გეძებს”.
- 38უთხრა მათ: "წავიდეთ სხვა ახლო-მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისთვის ვარ მოსული”.
- 39დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და დევნიდა ეშმაკებს.
- 40მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა, შეევედრა და უთხრა: "თუ ისურვებ, შეგიძლია ჩემი განწმედა”.
- 41შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: "მსურს, განიწმიდე!”
- 42მყისვე მოშორდა კეთრი და განწმედილ იქნა.
- 43მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაუშვა.
- 44უთხრა: "აჰა, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისთვის, რაც ბრძანა მოსემ, მათდა დასამოწმებლად”.
- 45ის კი გამოვიდა და დაიწყო მრავლად ქადაგება და ისე გაახმაურა ეს ამბავი, რომ იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან.
იტვირთება შემდეგი თავი