მარკოზის სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 11
- 1როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგესა და ბეთანიას მხრიდან, ზეთისხილის მთის მახლობლად, თავისი ორი მოწაფეთაგანი წარგზავნა
- 2და უთხრა: "წადით თქვენს პირდაპირ მდებარე სოფელში. როგორც კი მიხვალთ, მაშინვე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ შემჯდარა; ახსენით და მოიყვანეთ.
- 3თუ ვინმემ გკითხოთ, ამას რას შვრებითო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალე ისევ აქ დააბრუნებს-თქო”.
- 4წავიდნენ, იპოვეს ქუჩაში კართან დაბმული ჩოჩორი და ახსნეს იგი.
- 5იქ მდგომთაგან ზოგიერთმა უთხრა მათ: "რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს?”
- 6მათ უთხრეს, როგორც იესომ დაარიგა, და ისინიც მოეშვნენ.
- 7მიუყვანეს ჩოჩორი იესოს. ზედ თავიანთი ტანისამოსი დაუფინეს და შეჯდა მასზე.
- 8ბევრმა დაუფინა გზაზე თავისი ტანისამოსი, ზოგმა კი - ველზე მოჭრილი რტოები.
- 9ღაღადებდნენ წინ მიმავალნი და უკან მიმყოლნიც: "ოსანა! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!
- 10კურთხეულია ჩვენი მამის, დავითის მომავალი სამეფო! ოსანა, მაღალთა შინა!”
- 11იერუსალიმში კი ტაძარში შევიდა იესო და დაათვალიერა ყველაფერი; უკვე გვიანი იყო და თორმეტთან ერთად ბეთანიისკენ გაემართა.
- 12მეორე დღეს ბეთანიიდან რომ გამოვიდნენ, მოშივდა.
- 13შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე. მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო. რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი, რადგან ჯერ არ იყო ლეღვობის დრო.
- 14უთხრა მას: "ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე შენი ნაყოფი!” და გაიგონეს მისმა მოწაფეებმა.
- 15მივიდნენ იერუსალიმში, შევიდა იესო ტაძარში და დაიწყო ტაძრიდან გამყიდველთა და მყიდველთა გამორეკვა; ააყირავა ფულის გადამცვლელთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები.
- 16არავის ანებებდა რაიმეს გატან-გამოტანას ტაძარში.
- 17ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: "განა არ წერია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ერში? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი”.
- 18გაიგონეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა და ეძიებდნენ როგორ დაეღუპათ იგი, რადგან ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელი ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით.
- 19როცა მოსაღამოვდა გავიდნენ ქალაქიდან.
- 20დილით რომ გამოიარეს დაინახეს: ფესვებიანად გამხმარიყო ლეღვის ხე.
- 21გაახსენდა პეტრეს და უთხრა: "რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დაწყევლე, გახმა”.
- 22პასუხად უთხრა მათ იესომ: "გქონდეთ ღმერთის რწმენა!
- 23ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც ამ მთას ეტყვის, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, გულში კი არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, ექნება მას.
- 24ამიტომ გეუბნებით, ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ, და მოგეცემათ.
- 25ხოლო, როცა ლოცულობთ, მიუტევეთ თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც მოგიტევოთ თქვენი ცოდვები.
- 26ვინაიდან, თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, არ მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს”.
- 27კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და როდესაც ტაძარში მიმოდიოდა მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი მივიდნენ მასთან.
- 28ჰკითხეს: "რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება, რომ ესენი მოიმოქმედო?”
- 29იესომ უპასუხა მათ: "მეც გკითხავთ ერთ სიტყვას; მიპასუხეთ და გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
- 30იოანეს ნათლობა ზეციდან იყო თუ კაცთაგან? მიპასუხეთ!”
- 31ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ; ამბობდნენ: თუ ვიტყვით, ზეციდანო, გვეტყვის: მაშ რატომ არ იწამეთო მისი?
- 32თუ ვიტყვით - კაცთაგანო, ხალხის ეშინოდათ, რადგან ყველას მიაჩნდა, რომ იოანე ნამდვილად წინასწარმეტყველი იყო.
- 33უთხრეს იესოს: არ ვიცითო. მაშინ იესომაც მიუგო: "არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას!”
იტვირთება შემდეგი თავი