მარკოზის სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1ტაძრიდან გამოსვლისას ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: "შეხედე, მოძღვარო, რა მშვენიერი ქვებია და რა მშვენიერი შენობები!”
- 2მიუგო იესომ: "ხედავ ამ დიდ შენობებს?! ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, ყველაფერი ჩამოიქცევა”.
- 3ზეთისხილის მთაზე რომ იჯდა, ტაძრის პირდაპირ, განმარტოებით ჰკითხეს მას პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ:
- 4"გვითხარი, როდის მოხდება ეს, ანდა რა იქნება იმის ნიშანი, როცა ყოველივე ეს უნდა აღსრულდეს?”
- 5და დაუწყო მათ იესომ ლაპარაკი: "გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ,
- 6რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის, რომ ‘მე ვარ’ და მრავალს შეაცდენენ.
- 7თქვენ კი, როცა მოისმენთ ომების შესახებ და ომების ამბებს, ნუ შეძრწუნდებით, ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
- 8ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ და შიმშილობანი. ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
- 9თქვენ კი გაფრთხილდით, ვინაიდან გადაგცემენ სამსჯავროებზე, სინაგოგებში გცემენ, და გამგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემ გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად.
- 10მაგრამ ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს.
- 11როცა წაგიყვანენ გადასაცემად, წინასწარ ნუ იდარდებთ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.
- 12ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს; აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
- 13და ყველანი შეგიძულებენ ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.
- 14ხოლო როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, იქ მდგომს, სადაც არ უნდა იყოს, წამკითხველმა გაიგოს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს.
- 15ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა და ნურც შინ შევა სახლიდან რაიმეს გამოსატანად.
- 16ველზე მყოფიც ნუ დაბრუნდება უკან, თავისი სამოსლის ასაღებად.
- 17ხოლო ვაი ორსულებსა და მეძუძურებს იმ დღეებში!
- 18ილოცეთ, რომ ზამთარში არ მოხდეს ეს.
- 19ვინაიდან ისეთი გასაჭირი იქნება იმ დღეებში, რომლის მსგავსიც დღემდე არ ყოფილა დასაბამიდან ქვეყნიერებისა, რომელიც შექმნა ღმერთმა და აღარც ოდესმე იქნება.
- 20და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, არავინ გადარჩებოდა ხორციელთაგან. მაგრამ შეამოკლა ის დღეები რჩეულთათვის, რომლებიც ამოირჩია.
- 21მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არისო ქრისტე, ან: აჰა, იქო, ნუ ერწმუნებით.
- 22ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
- 23თქვენ კი გაფრთხილდით, რადგან წინასწარ გითხარით ყველაფერი.
- 24იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე შუქს აღარ გამოსცემს.
- 25იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალები.
- 26მაშინ იხილავენ ძე კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალითა და დიდებით.
- 27მაშინ წარგზავნის იგი თავის ანგელოზებს და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხთავ ქართაგან, დედამიწის კიდიდან ცის კიდემდე.
- 28"ლეღვის ხისგან ისწავლეთ მაგალითი: რტოები რომ დაურბილდება და გაიფოთლება, იცით, რომ მოახლოებულია ზაფხული.
- 29თქვენც ასევე, როცა იხილავთ, რომ ეს ყოველივე ხდება, იცოდეთ - კარსაა მომდგარი.
- 30ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ - არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ეს ყოველივე არ მოხდება.
- 31ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.
- 32მაგრამ იმ დღესა და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
- 33აჰა, იფხიზლეთ და ილოცეთ! ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი.
- 34ისევე, როგორც შორ გზაზე მიმავალმა კაცმა მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს ფხიზლად ყოფნა უბრძანოს.
- 35ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი - საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას.
- 36რათა მოულოდნელად არ მოვიდეს და მძინარეებს არ წაგასწროთ.
- 37რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები - იფხიზლეთ!”
იტვირთება შემდეგი თავი