მარკოზის სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1შაბათი რომ გავიდა, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ სურნელებანი იყიდეს, რომ მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.
- 2კვირის პირველ დღეს, დილაადრიანად, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან.
- 3ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ვინ გადაგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო?
- 4გაიხედეს და დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ის კი ძალიან დიდი იყო.
- 5შევიდნენ სამარხში და დაინახეს მარჯვნივ მჯდომი ჭაბუკი, სპეტაკი სამოსით შემოსილი; და დიდად შეშინდნენ.
- 6უთხრა მან: "ნუ გეშინიათ! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. ის აღსდგა, აქ არ არის. აჰა, ადგილი, სადაც ის დაასვენეს.
- 7მაშ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისკენ, იქ ნახავთ მას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის”.
- 8გამოვიდნენ და გაიქცნენ სამარხიდან, რადგან ცახცახმა და ძრწოლამ მოიცვა ისინი. არავის არაფერი უთხრეს, რადგან ეშინოდათ.
- 9კვირის პირველი დღის დილას, მკვდრეთით აღმდგარი პირველად მარიამ მაგდალელს ეჩვენა, რომლისგანაც ადრე შვიდი ეშმაკი განდევნა.
- 10ისიც წავიდა და შეატყობინა მასთან მყოფთ, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ.
- 11ხოლო მათ, მოისმინეს რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, მაგრამ არ დაიჯერეს.
- 12ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, როცა სოფლისკენ მიდიოდნენ.
- 13ისინი მივიდნენ და სხვებს შეატყობინეს, მაგრამ არც იმათი დაიჯერეს.
- 14მოგვიანებით ეჩვენა თერთმეტს, სუფრასთან მსხდართ და ურწმუნოება და გულქვაობა უსაყვედურა, რადგან არ ირწმუნეს მათი, რომლებმაც აღმდგარი იხილეს იგი.
- 15უთხრა მათ: "წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება.
- 16ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება; ხოლო, ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება.
- 17მორწმუნეებს კი თან ახლდებათ ასეთი ნიშნები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან და ახალი ენებით ილაპარაკებენ.
- 18გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან”.
- 19ასე, მათთან საუბრის შემდეგ, უფალი იესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღმერთის მარჯვნივ.
- 20ისინი კი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი ნიშნებით.