მარკოზის სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 6

  1. 1
    გამოვიდა იქიდან და მივიდა თავის სამშობლოში. მოწაფეებიც გაჰყვნენ მას.
  2. 2
    შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა, საიდან აქვს ეს ყველაფერი? რა არის ეს სიბრძნე, მას რომ აქვს მიცემული და სასწაულები მისი ხელით რომ ხდება?
  3. 3
    განა ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები? და ცდუნდებოდნენ მასში.
  4. 4
    უთხრა მათ იესომ: "წინასწარმეტყველი არსად არ არის პატივის გარეშე, გარდა თავისი სამშობლოსი, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა”.
  5. 5
    და ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა.
  6. 6
    უკვირდა მათი ურწმუნოება და მიმოდიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა.
  7. 7
    მოუხმო თორმეტს და დაიწყო მათგან ორ-ორის გაგზავნა; და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე.
  8. 8
    და დაარიგა, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა კვერთხისა: არც პური, არც ფუთა, არც სპილენძი სარტყლით.
  9. 9
    ჩაეცვათ სანდლები და არ მოესხათ ორი მოსასხამი.
  10. 10
    და ეუბნებოდა: "რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან;
  11. 11
    თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან გამოსვლისას, თქვენი ფეხიდან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათდა დასამოწმებლად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორასთვის უფრო ასატანი იქნება სამსჯავროს დღეს, ვიდრე იმ ქალაქისთვის”.
  12. 12
    წავიდნენ და ქადაგებდნენ მონანიებას.
  13. 13
    და მრავალი ეშმაკი გამოდევნეს, ზეთს სცხებდნენ ბევრ ავადმყოფს და კურნავდნენ.
  14. 14
    გაიგო რა მეფე ჰეროდემ, რადგან ცნობილი გახდა მისი სახელი, თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ მოქმედებენო ძალები მასში.
  15. 15
    ერთნი ამბობდნენ: ელიააო; სხვები კი წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანიო.
  16. 16
    ეს რომ ჰეროდემ გაიგო, თქვა: "ეს იოანეა, მე რომ თავი მოვკვეთე, ის აღმდგარა მკვდრეთით”.
  17. 17
    რადგან ჰეროდემ თვითონ გაგზავნა ხალხი, შეაპყრობინა იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩააგდო, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, რადგან ცოლად შეირთო იგი.
  18. 18
    ვინაიდან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: "არ გეკუთვნის შენი ძმის ცოლი ცოლად”.
  19. 19
    ჰეროდიას კი სძულდა იგი და მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო.
  20. 20
    რადგან ეშინოდა ჰეროდეს იოანესი; იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და იფარავდა; ბევრს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას.
  21. 21
    დადგა მარჯვე ჟამი, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ვახშამი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ წარჩინებულთ;
  22. 22
    შევიდა ჰეროდიას ასული, იცეკვა და აამა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს; და უთხრა მეფემ ქალიშვილს: "რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ”.
  23. 23
    დაუფიცა: "რაც გინდა მთხოვე, მოგცემ; ჩემი სამეფოს ნახევარსაც კი”.
  24. 24
    გამოვიდა და ჰკითხა დედამისს: "რა ვთხოვო?” იოანე ნათლისმცემლის თავიო - უპასუხა მან.
  25. 25
    მყისვე დაბრუნდა მეფესთან და უთხრა: "მინდა, რომ ახლავე იოანე ნათლისმცემლის თავი მომართვა ლანგრით”.
  26. 26
    შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო არ ისურვა მისთვის უარის თქმა.
  27. 27
    მაშინვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და იოანეს თავის მოტანა უბრძანა; ისიც წავიდა და საპყრობილეში მოჰკვეთა თავი.
  28. 28
    მოიტანა მისი თავი ლანგრით და ქალიშვილს გადასცა, ქალიშვილმა კი დედამისს მისცა.
  29. 29
    ეს რომ იოანეს მოწაფეებმა გაიგეს, მივიდნენ, აიღეს მისი ცხედარი და სამარხში ჩაასვენეს.
  30. 30
    შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს ყოველივე, რაც გააკეთეს და ასწავლეს.
  31. 31
    უთხრა მათ: "წამოდით უდაბურ ადგილას მხოლოდ თქვენ და მცირედ მოისვენეთ”. რადგან მრავლად იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ.
  32. 32
    და მარტონი წავიდნენ ნავით უდაბურ ადგილას.
  33. 33
    მაგრამ დაინახეს ისინი მიმავალნი და იცნო ბევრმა; ყოველი ქალაქიდან აედევნენ ფეხით და მათზე ადრე მივიდნენ იქ.
  34. 34
    გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება.
  35. 35
    უკვე გვიანი იყო; მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: "ეს ადგილი უდაბურია და თანაც უკვე გვიანია.
  36. 36
    გაუშვი ეს ხალხი გარშემო სანახებსა და სოფლებში, რომ საზრდო იყიდონ თავიანთთვის”.
  37. 37
    მაგრამ მიუგო მათ და უთხრა: "თქვენ მიეცით მათ საჭმელი”. უპასუხეს: "წავიდეთ, ორასი დინარის პური ვიყიდოთ და ამათ მივცეთ საჭმელად?”
  38. 38
    უთხრა: "რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ!” ნახეს და უთხრეს: "ხუთი და ორიც თევზი”.
  39. 39
    მაშინ უბრძანა მათ, ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ მწვანე ბალახზე.
  40. 40
    და დასხდნენ მწყობრად, ას-ასად და ორმოცდაათ-ორმოცდაათად.
  41. 41
    აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, პურები დატეხა და მოწაფეებს მისცა, რომ მათთვის ჩამოერიგებინათ. ორი თევზიც ყველას გაუნაწილა.
  42. 42
    ყველამ ჭამა და გაძღა.
  43. 43
    დარჩენილი ნატეხებით კი თორმეტი გოდორი გაავსეს.
  44. 44
    და ხუთი ათასამდე მამაკაცი იყო პურის მჭამელი.
  45. 45
    და მყისვე აიძულა მოწაფეები ასულიყვნენ ნავში და წინდაწინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე თვითონ ხალხს გაუშვებდა.
  46. 46
    ისინი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა სალოცად.
  47. 47
    საღამოჟამს ნავი შუაგულ ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო იყო ხმელეთზე.
  48. 48
    დაინახა, რომ უჭირდათ ნიჩბების მოსმა, რადგან პირქარმა დაუბერა. ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სიარულით წავიდა მათკენ და უნდოდა გვერდი აევლო.
  49. 49
    ხოლო მათ, ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, იფიქრეს, მოჩვენებააო და შეჰყვირეს;
  50. 50
    რადგან ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ; ის მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: "გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!”
  51. 51
    ავიდა მათთან ნავში და ჩადგა ქარი. დიდად გაუკვირდათ და გაოცდნენ ისინი;
  52. 52
    ვინაიდან ჯერ პურობის ამბავსაც ვერ მიმხვდარიყვნენ, რადგან გულები ჰქონდათ გაქვავებული.
  53. 53
    გაღმა გავიდნენ, გენესარეთის მიწას მიადგნენ და ღუზა ჩაუშვეს.
  54. 54
    როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, იქაურებმა უმალვე იცნეს იგი.
  55. 55
    მთელი ის ქვეყანა შემოირბინეს; ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ, აქ არისო, საწოლებით გამოჰყავდათ ავადმყოფები.
  56. 56
    სადაც შედიოდა, სოფლებში, ქალაქებსა თუ სანახებში, მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ ავადმყოფებს და ევედრებოდნენ, რომ მისი სამოსლის კალთას მაინც შეხებოდნენ და ყველა, ვინც შეეხო, განიკურნა.
იტვირთება შემდეგი თავი