მათეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

თავი 1

  1. 1
    წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაჰამის ძისა.
  2. 2
    აბრაჰამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი;
  3. 3
    იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
  4. 4
    რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი.
  5. 5
    სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
  6. 6
    იესემ შვა მეფე დავითი; მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
  7. 7
    სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
  8. 8
    ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
  9. 9
    ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
  10. 10
    ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ყამონი; ყამონმა შვა იოშია;
  11. 11
    იოშიამ შვა იეხონია და ძმანი მისნი ბაბილონში გადასახლების წინ.
  12. 12
    ბაბილონში გადასახლების შემდეგ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი.
  13. 13
    ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;
  14. 14
    აზორმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იახინი; იახინმა შვა ელიჰუდი.
  15. 15
    ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი.
  16. 16
    იაკობმა შვა იოსები, მარიამის ქმარი, ვისგანაც იშვა იესო, რომელიც ქრისტედ იწოდება.
  17. 17
    ამრიგად, მთელი მოდგმა აბრაჰამიდან დავითამდე - თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე - თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე - თოთხმეტი თაობა.
  18. 18
    იესო ქრისტეს შობა კი ამგვარად მოხდა: დედამისის, მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე შეუღლდებოდნენ ისინი, აღმოჩნდა რომ ორსულად იყო სულიწმიდისგან.
  19. 19
    იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ სურდა მისი სახალხოდ მხილება და გადაწყვიტა ფარულად გაეშვა იგი.
  20. 20
    ამას ფიქრობდა და აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: "იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის.
  21. 21
    გააჩენს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, ვინაიდან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან”.
  22. 22
    ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს:
  23. 23
    "აჰა, დაორსულდება ქალწული, გაუჩნდება ძე და უწოდებენ მას სახელად იმანუელს, რაც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი!”
  24. 24
    ძილისგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უბრძანა უფლის ანგელოზმა, და მიიღო თავისი ცოლი.
  25. 25
    და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არ შვა ძე და უწოდა მას სახელად იესო.
იტვირთება შემდეგი თავი