მათეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 25
- 1მაშინ ცათა სამეფო დაემსგავსება იმ ათ ქალწულს, თავიანთი ლამპრები რომ აიღეს და ნეფის შესახვედრად გამოვიდნენ.
- 2ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი - გონიერი.
- 3ლამპრები კი აიღეს უგუნურებმა, მაგრამ ზეთი არ გაიყოლეს თან.
- 4ხოლო გონიერებმა ლამპრებთან ერთად ზეთიც თან გაიყოლეს ჭურჭლებით.
- 5ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველამ ჩათვლიმა, და დაეძინათ.
- 6შუაღამისას დაიძახეს: აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!
- 7წამოდგნენ ქალწულები და გამართეს თავიანთი ლამპრები.
- 8სთხოვეს გონიერებს უგუნურებმა: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, რადგან გვიქრება ლამპრები.
- 9გონიერებმა კი მიუგეს პასუხად: ჩვენც და თქვენც რომ არ დაგვაკლდეს, უმჯობესია ვაჭრებთან წახვიდეთ და თქვენთვის იყიდოთო.
- 10ვიდრე საყიდლად იყვნენ წასულნი, მოვიდა ნეფე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიკეტა.
- 11მოგვიანებით მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.
- 12ხოლო მან მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ!
- 13ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა”.
- 14"ვინაიდან ეს ისე მოხდება, კაცმა რომ გამგზავრებამდე მოუხმო თავის მონებს და თავისი ქონება ჩააბარა.
- 15ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი და სხვას - ერთი; თითოეულს მისი შეძლების მიხედვით, და წავიდა.
- 16ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, იშრომა და დამატებით ხუთი მოიგო.
- 17ორის მიმღებმაც ორი სხვა მოიგო.
- 18ხოლო ერთის მიმღები, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი.
- 19კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ.
- 20მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: ბატონო, ხუთი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა სხვა ხუთი ტალანტიც მოვიგე.
- 21უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.
- 22მივიდა ორი ტალანტის მიმღები და უთხრა: ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტიც მოვიგე.
- 23უთხრა მას ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ; შედი შენი ბატონის სიხარულში.
- 24მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ მკაცრი კაცი ხარ - იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია.
- 25შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს.
- 26მაშინ მიუგო ბატონმა პასუხად: ბოროტო და უქნარა მონავ! იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია;
- 27ამიტომ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას სარგებლითურთ მივიღებდი ჩემსას.
- 28ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს.
- 29ვინაიდან ყოველ მქონებელს მიეცემა და ჭარბად ექნება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
- 30ეს უსარგებლო მონა კი გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
- 31ხოლო, როცა თავისი დიდებით მოვა ძე კაცისა და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.
- 32შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისგან.
- 33დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, თხებს კი - თავის მარცხნივ.
- 34მაშინ ეტყვის მეფე მარჯვნივ მდგომთ: მოდით, მამაჩემის მიერ კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო.
- 35ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ;
- 36შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მიპატრონეთ; საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.
- 37მაშინ ეტყვიან მას მართლები პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?
- 38როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ?
- 39როდის გიხილეთ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?
- 40მეფე მიუგებს მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ.
- 41მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის.
- 42ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით; მწყუროდა და არ მასვით;
- 43უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი, და საპყრობილეში, და არ მომინახულეთ.
- 44მაშინ ისინიც მიუგებენ პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?
- 45მაშინ მიუგებს იგი პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, როგორც არც ერთს ამ მცირეთაგანს არაფერი გაუკეთეთ - არც მე გამიკეთეთ!
- 46და წავლენ ისინი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში”.
იტვირთება შემდეგი თავი