მათეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეის უდაბნოში.
- 2ამბობდა: "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო.
- 3ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა: ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”.
- 4თვითონ იოანეს აქლემის ბეწვისგან ჰქონდა სამოსი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა; საზრდოდ კალია და ველური თაფლი ჰქონდა.
- 5მიდიოდა მასთან იერუსალიმი, მთელი იუდეა და იორდანეს მთელი მხარე.
- 6ინათლებოდნენ მისგან მდინარე იორდანეში და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ.
- 7დაინახა რა მისკენ მოსანათლად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: "იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალი რისხვისგან გაქცევა?
- 8მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი!
- 9და ნუ იფიქრებთ თქვათ თქვენში, მამად აბრაჰამი გვყავსო; ვინაიდან გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაჰამს შვილები.
- 10ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ.
- 11მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად; ჩემ შემდეგ მომავალი კი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ! ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით”.
- 12მისი ფიწალი მის ხელშია. იგი გაწმედს თავის კალოს, ბეღელში დაახვავებს თავის ხორბალს, ბზეს კი დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით.
- 13მაშინ მოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო.
- 14იოანე წინაღუდგა და უთხრა: "მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოდიხარ ჩემთან?”
- 15იესომ კი მიუგო და უთხრა: "ასე იყოს ახლა, ვინაიდან ამგვარად გვმართებს მთელი სიმართლის აღსრულება”. მაშინღა დართო ნება.
- 16მოინათლა რა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და იხილა მან სული ღმერთისა, მტრედივით ჩამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა.
- 17და აჰა, ხმა ციდან მეტყველი: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”.
იტვირთება შემდეგი თავი