მიქა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1ვაი უმართლობისა და სიავის განმზრახველთ თავიანთ სარეცლებზე, გათენებისთანავე რომ მოჰყავთ სისრულეში, რადგან მათ ხელთ არის ძალა.
- 2მოუნდებათ მიწა - ართმევენ, მოუნდებათ სახლები - იტაცებენ; ძალადობენ ადამიანსა და მის სახლზე, კაცსა და მის სამკვიდრებელზე.
- 3ამიტომ ასე ამბობს უფალი: "აჰა, ისეთი სიავის მოწევას ვაპირებ თქვენი მამების სახლებზე, რომლიდანაც ქედს ვერ დაიძვრენთ და მედიდურად ვეღარ ივლით, რადგან უბედურების ჟამი იქნება.
- 4იმ დღეს ანდაზებს გამოთქვამენ თქვენზე, დიდი გლოვა იქნება და იტყვიან: სრულად გავნადგურდით! ჩემი ხალხის წილხვედრი სხვებს მიეცა, როგორ წამერთვა?! ჩვენი მიწები უცხოთ დაუნაწილდა!
- 5ამიტომ არ გეყოლება შენი წილის საბლით გადამზომი უფლის საკრებულოში.
- 6ნუ წინასწარმეტყველებთ! - ამბობენ ცრუწინასწარმეტყველები, - ნუ წინასწარმეტყველებთ, რადგან შერცხვენა არ გვეწევაო!
- 7ასე არ ამბობენ იაკობის სახლო! განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმენი? განა სიკეთე არ მოაქვს ჩემს სიტყვებს მათთვის, ვინც წრფელად იქცევა?
- 8ხალხი, გუშინ რომ ჩემი იყო, დღეს მტრად აღმიდგა. სამოსელსა და მოსასხამს ხდით ბრძოლიდან დაბრუნებულთ, მშვიდად მომავალთ.
- 9ჩემი ხალხის დედაკაცებს აძევებთ მათი სანუკვარი სახლებიდან, მათ ბავშვებს საუკუნოდ ართმევთ ჩემს დიდებას.
- 10ადექით და წადით, რადგან არ არის აქ განსასვენებელი ადგილი, შებილწულია იგი და სასტიკად განადგურდება.
- 11რომ მოგატყუოთ ქარისა და სიცრუის მადევარმა კაცმა, მე გიწინასწარმეტყველებთო ღვინოსა და მაგარ სასმელზე! ამ ხალხის სასურველი წინასწარმეტყველიც ის იქნებოდა!
- 12უცილობლად შემოგკრებ, იაკობ, მთლიანად. შევკრებ ისრაელი ხალხის მონარჩენს, ერთად შევკრებ მათ, როგორც ცხვარს ფარეხში და ფარას - შუაგულ საძოვარზე; ახმაურდებიან ისინი, ხალხის სიმრავლის გამო.
- 13აივლის მათ წინაშე მნგრეველი, კედლებს შემუსრავენ, კარიბჭეს გაივლიან და გამოივლიან! მეფე წარუძღვებათ წინ, უფალი კი - სათავეში”.
იტვირთება შემდეგი თავი