მიქა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 7

  1. 1
    ვაი მე, რომ ნარჩენი ხილის შემგროვებელს და ყურძნის მომცვრელს დავემსგავსე! მაგრამ ერთი მტევანიც აღარ დარჩა საჭმელად, პირველმოწეული ლეღვიც კი სანატრელი გამიხდა.
  2. 2
    მოისპო ღვთისნიერი ქვეყანაზე, აღარავინ დარჩა წრფელი კაცთა შორის. ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ ბადით ხელში.
  3. 3
    გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მოსამართლე ქრთამს ითხოვენ; დიდებული ხარბი გულით ლაპარაკობს და სამართალს ამრუდებს.
  4. 4
    საუკეთესო მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, უწრფელესი კი ძეძვზე უარესია; დადგა შენი გუშაგის დღე, დღე შენი მონახულებისა. დაგიდგა შფოთვის ჟამი.
  5. 5
    ნუ ენდობი ახლობელს, ნუ დაეყრდნობი მეგობარს, შენს მკერდზე მწოლისგანაც კი დაიცავი შენი ბაგეთა კარი.
  6. 6
    რადგან შვილი არცხვენს მამას, ასული თავისი დედის წინააღმდეგ აღსდგა, რძალი - დედამთილის წინააღმდეგ. კაცის მტრები მისი ოჯახის წევრები არიან.
  7. 7
    მე კი უფალს შევცქერი, ჩემი ხსნის ღმერთის მოლოდინში ვარ; მომისმენს ჩემი ღმერთი.
  8. 8
    ნუ ხარობ ჩემზე, მტერო! რომც დავეცე, წამოვდგები, ბნელშიც რომ დავჯდე, უფალია ჩემი ნათელი!
  9. 9
    უფლის გულისწყრომას დავითმენ, რადგან შევცოდე მის წინაშე, ვიდრე ჩემს საქმეს არ განიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; სინათლეში გამომიყვანს და ვიხილავ მის სიმართლეს.
  10. 10
    იხილავს ამას ჩემი მტერი და შერცხვება, რომ მეუბნებოდა: სად არის უფალი, შენი ღმერთიო? იხილავენ ჩემი თვალები ჩემს მტერს, ქუჩის ტალახივით რომ გაითელება.
  11. 11
    შენი კედლების აშენების დღე შენი საზღვრების გავრცელების დღე იქნება.
  12. 12
    იმ დღეს იქნება, რომ შენამდეც მოვლენ აშურიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან; ეგვიპტიდან მდინარე ევფრატამდე, ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე.
  13. 13
    გაუდაბურდება ქვეყანა მის მკვიდრთა გამო, მათ საქმეთა ნაყოფის გამო.
  14. 14
    დამწყემსე შენი ხალხი შენი კვერთხით, შენი სამკვიდრო ფარა, მარტოდმარტო რომ ცხოვრობს ტყეში, ქარმელის შუაგულში! იბალახოს ბაშანში და გილყადში, როგორც უწინდელ დღეებში.
  15. 15
    გიჩვენებ სასწაულებს, როგორც იმ დღეებში გიჩვენე, როცა გამოხვედი ეგვიპტის ქვეყნიდან.
  16. 16
    ერები იხილავენ და შერცხვებათ თავიანთი ძლიერებისა, ხელს აიფარებენ პირზე და ყურები დაუყრუვდებათ.
  17. 17
    გველივით მტვერს ალოკავენ, მიწაზე მძრომი ქვეწარმავალივით; კანკალით გამოძვრებიან თავიანთი ციხე-სიმაგრეებიდან, შიშით მოვლენ უფალთან, ჩვენს ღმერთთან და შენს წინაშე შეძრწუნდებიან.
  18. 18
    ვინ არის შენი მსგავსი ღმერთი, დანაშაულს რომ პატიობს და აღარ უხსენებს ცოდვას თავისი სამკვიდროს ნატამალს? სამუდამოდ არ მრისხანებს იგი, რადგან სიკეთის მოყვარულია.
  19. 19
    კვლავ შეგვიბრალებს და ფეხქვეშ გათელავს ჩვენს დანაშაულს; ზღვის სიღრმეებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას.
  20. 20
    მისცემ იაკობს ჭეშმარიტებას და აბრაჰამს - სიკეთეს, ძველთაგანვე რომ შეჰფიცე ჩვენს მამებს.