რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 12
- 1და ილაპარაკეს მირიამმა და აჰარონმა მოსეს წინააღმდეგ ქუშელი ქალის გამო, რომელიც ცოლად მოიყვანა; რადგან ქუშელი ქალი ითხოვა ცოლად;
- 2თქვეს: "ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაკებოდა?” და გაიგონა ეს უფალმა.
- 3ყველაზე თავმდაბალი კაცი იყო მოსე დედამიწის ზურგზე.
- 4უთხრა უფალმა მოსეს, აჰარონსა და მირიამს მოულოდნელად: გამოდით სამივე საკრებულო კარავთან. და გავიდნენ სამივენი.
- 5ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში, დადგა კარვის შესასვლელთან და დაუძახა აჰარონსა და მირიამს. ორივემ წინ წაიწია.
- 6უთხრა: "ისმინეთ ჩემი სიტყვები: თუ არის ვინმე წინასწარმეტყველი თქვენ შორის, მე, უფალი, ჩვენებაში რომ ვეცხადები და სიზმარში ვლაპარაკობ მასთან;
- 7მაგრამ ასეთი არ არის ჩემი მსახური მოსე; მთელ ჩემს სახლში ის არის ერთგული.
- 8პირისპირ ველაპარაკები, პირდაპირ და არა იგავებით. უფლის სახეს ჭვრეტს იგი. როგორ არ შეგეშინდათ მოსეს - ჩემი მსახურის წინააღმდეგ რომ ლაპარაკობთ?”
- 9აღინთო უფლის რისხვა მათზე და განშორდა უფალი.
- 10აშორდა ღრუბელი კარავს და აჰა, თოვლივით დაფარა კეთრმა მირიამი. შეხედა აჰარონმა მირიამს და, აჰა, კეთროვანია იგი.
- 11უთხრა აჰარონმა მოსეს: "გევედრები, ჩემო ბატონო, ცოდვად ნუ ჩაგვითვლი, რამეთუ შევცოდეთ ჩვენი უგუნურებით.
- 12ნუ მიემსგავსება მირიამი იმ მკვდარს, ნახევრადშეჭმული რომ გამოდის დედის საშოდან”.
- 13და შეჰღაღადა მოსემ უფალს: "ღმერთო, განკურნე, გევედრები!”
- 14უთხრა უფალმა მოსეს: "სახეში რომ მიეფურთხებინა მამამისს მისთვის, შვიდი დღე ხომ შერცხვენილი უნდა ყოფილიყო? შვიდი დღე ჩაიკეტოს ბანაკის გარეთ და შემდეგ დაბრუნდეს”.
- 15და დატუსაღდა მირიამი ბანაკის გარეთ შვიდი დღით; არ დაძრულა ხალხი მირიამის დაბრუნებამდე.
იტვირთება შემდეგი თავი