რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 14
- 1ხმამაღლა მოსთქვამდა მთელი თემი და იტირა ხალხმა იმ ღამეს.
- 2წუწუნებდნენ ისრაელიანები მოსეზე და აჰარონზე და უთხრა მათ მთელმა თემმა: "ნეტავ ეგვიპტეში მოვმკვდარიყავით ან ამ უდაბნოში დავხოცილიყავით!
- 3რისთვის მივყავართ უფალს ამ ქვეყანაში, რათა მახვილით დავეცეთ? ნადავლად იქცევიან ჩვენი ცოლები და ჩვენი ბავშვები. განა უმჯობესი არ იქნება ჩვენთვის ეგვიპტეში დაბრუნება!”
- 4უთხრეს ერთმანეთს: "ამოვირჩიოთ მეთაური და დავბრუნდეთ ეგვიპტეში”.
- 5და პირქვე დაემხნენ მოსე და აჰარონი ისრაელის ძეთა მთელი კრებულის წინაშე.
- 6და შემოიხიეს სამოსელი იეშუა ნავეს ძემ და ხალებ იეფუნეს ძემ, რომლებიც ქვეყნის მზვერავთაგანნი იყვნენ.
- 7უთხრეს ისრაელის მთელ თემს: "ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ძალზე კარგი ქვეყანაა.
- 8მოვიქცეთ უფლისთვის სათნოდ, შეგვიყვანს ამ ქვეყანაში და მოგვცემს ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი.
- 9ოღონდ ნუ ამბოხდებით უფლის წინააღმდეგ და იმ ქვეყნის ხალხისა ნუ გეშინიათ, რადგან ჩვენი ნადავლია იგი. ვინაიდან განერიდა მათ მფარველი, ჩვენს შორის კი თავად უფალია, ნუ გეშინიათ”.
- 10და თქვა მთელმა თემმა: "ქვებით ჩავქოლოთ ესენი!” მაგრამ უფლის დიდება გამოჩნდა საკრებულო კარავში მთელი ისრაელის წინაშე.
- 11უთხრა უფალმა მოსეს: "როდემდე უნდა მგმოს ამ ხალხმა? როდემდე არ უნდა სჯეროდეს ჩემი და იმ სასწაულებისა, რომლებიც მოვახდინე მათ შორის?
- 12განვგმირავ მას შავი ჭირით და გავანადგურებ და შევქმნი შენგან ერს, მასზე უფრო დიდსა და ძლიერს”.
- 13უთხრა მოსემ უფალს: "მოისმენენ ეგვიპტელნი, რომელთა შუაგულიდანაც გამოიყვანე ეს ხალხი შენი ძლიერებით,
- 14და ეტყვიან ამ ქვეყნის მცხოვრებთ, რომლებმაც გაიგეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორის ხარ, რომ შენ, უფალი, პირისპირ ეცხადები მათ, შენი ღრუბელი ადგას თავზე, დღისით ღრუბლის სვეტში მიდიხარ მათ წინ და ღამით - ცეცხლოვან სვეტში;
- 15თუ ერთი კაცივით გაჟლეტ ამ ხალხს, მაშინ იტყვიან ერები, რომელთაც სმენიათ შენი დიდება:
- 16რახან ვერ შეძლო უფალმა ამ ხალხის იმ ქვეყანაში მიყვანა, რომელიც ფიცით აღუთქვა მათ, ამიტომ დახოცა ისინი უდაბნოში.
- 17ახლა, გთხოვ, განდიდდეს უფლის ძალა, როგორც ნათქვამი გაქვს:
- 18სულგრძელია უფალი და მრავალმოწყალე, ბრალისა და დანაშაულის მიმტევებელი, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება დანაშაულს; მამათა ცოდვების მომკითხავი შვილებისგან, მესამე და მეოთხე თაობაში.
- 19გთხოვ, მიუტევე ეს ცოდვა ამ ხალხს შენი დიდი მოწყალებისამებრ, როგორც პატიობდი მას დანაშაულს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე”.
- 20უთხრა უფალმა მოსეს: "მიმიტევებია, შენი სიტყვისამებრ.
- 21ჭეშმარიტად, ცოცხალი ვარ და აღივსება უფლის დიდებით მთელი ქვეყანა.
- 22ვერცერთი იმ კაცთაგანი, რომელმაც იხილა ჩემი დიდება და ჩემი ნიშნები, ეგვიპტეში და უდაბნოში რომ მოვახდინე, ათჯერ რომ გამომცადეს და მაინც არ ისმინეს ჩემი ხმა,
- 23ვერ იხილავს ქვეყანას, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს; ვერცერთი ჩემი მოძულე ვერ იხილავს მას.
- 24მხოლოდ ხალებს, ჩემს მსახურს, მივიყვან იმ ქვეყანაში, რომელიც ნახა, რადგან სხვა სული ჰქონდა და ბოლომდე მომყვებოდა; მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას.
- 25ყამალეკი და ქანაანელნი ველზე ცხოვრობენ. ხვალ მობრუნდით და გაემგზავრეთ უდაბნოში წითელი ზღვის გზით”.
- 26და უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
- 27"როდემდე უნდა დრტვინავდეს ეს ბოროტი ხალხი ჩემზე? ვისმინე ისრაელის ძეთა დრტვინვა, რომლითაც დრტვინავენ ისინი ჩემზე,
- 28უთხარი მათ: ცოცხალი ვარ მე, ამბობს უფალი. როგორც ილაპარაკეთ ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით.
- 29ამ უდაბნოში დაეყრება თქვენი გვამები, თქვენი, ვინც აღრიცხულნი ხართ, ოცი წლის ასაკიდან და უფროსნი, რადგან დრტვინავდით ჩემზე.
- 30ვერ შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელზეც აღვმართე ხელი, რათა დამემკვიდრებინეთ მასში, გარდა ხალებ იეფუნეს ძისა და იეშუა ნავეს ძისა.
- 31და თქვენს ბავშვებს, რომლებზეც ამბობდით, ნადავლად იქცევიანო, მათ შევიყვან იქ და იხილავენ იმ ქვეყანას, რომელიც შეიძულეთ.
- 32თქვენი გვამები კი ამ უდაბნოში დაეყრება.
- 33მწყემსებივით იხეტიალებენ თქვენი ძეები უდაბნოში ორმოც წელს და დაისჯებიან თქვენი ორგულობის გამო, ვიდრე არ დაიყრება თქვენი გვამები უდაბნოში.
- 34იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, ქვეყანას რომ ზვერავდით, რადგან ორმოცი დღე ზვერავდით - თითო დღე თითო წელიწადზე, ორმოცი წლის განმავლობაში დაისჯებით, რათა გამოსცადოთ ჩემთან დაპირისპირება.
- 35მე, უფალი, ვამბობ: ასე მოვექცევი ამ ბოროტ თემს, რომელიც აღდგა ჩემს წინააღმდეგ: აქ, ამ უდაბნოში მოკვდებიან და შთაინთქმებიან”.
- 36ის კაცები კი ქვეყნის დასაზვერად რომ გაგზავნა მოსემ და დაბრუნებისას, იმ ქვეყანაზე ბოროტი ხმების დაყრით აღაშფოთეს მთელი თემი მის წინააღმდეგ,
- 37წყლულებით დაიხოცნენ უფლის წინაშე, იმ ქვეყანაზე ბოროტი ხმების დაყრის გამო.
- 38მხოლოდ იეშუა ნავეს ძე და ხალებ იეფუნეს ძე დარჩნენ ცოცხლები იმ კაცთაგან, რომლებიც ქვეყნის დასაზვერად იყვნენ წასულები.
- 39თქვა მოსემ ეს სიტყვები ისრაელის ძეთა წინაშე და ფრიად დამწუხრდა ხალხი.
- 40ადგნენ დილაადრიანად, ავიდნენ მთის მწვერვალზე და თქვეს: "მივიდეთ იმ ადგილზე, რომელზეც გვითხრა უფალმა, რადგან შევცოდეთ”.
- 41უთხრა მოსემ: "რისთვის გადადიხართ უფლის ბრძანებას? ნახავთ, რომ არაფერი გამოვა.
- 42ნუ ახვალთ, რადგან არაა უფალი თქვენ შორის, რათა არ შეიმუსროთ თქვენი მტრების წინაშე.
- 43რადგან ყამალეკი და ქანაანელნი არიან თქვენს წინაშე და დაეცემით მახვილით, ვინაიდან ზურგი აქციეთ უფალს და აღარ იქნება თქვენთან”.
- 44მაგრამ არ შეისმინეს და ავიდნენ მთის მწვერვალზე; უფლის აღთქმის კიდობანი და მოსე კი არ გასულან ბანაკიდან.
- 45ჩამოვიდნენ ყამალეკნი და ქანაანელნი, რომლებიც იმ მთაზე მკვიდრობდნენ, და შემუსრეს და განდევნეს ისინი ხორმამდე.
იტვირთება შემდეგი თავი