რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 32

  1. 1
    დიდძალი საქონელი ჰყავდათ რეუბენიანებს და გადიანებს. ნახეს იაყზერისა და გილყადის ქვეყანა და, აჰა, გამოსადეგი იყო ის ადგილი საქონლისთვის.
  2. 2
    მივიდნენ გადისა და რეუბენის ძენი და უთხრეს მოსეს, ელეაზარ მღვდელს და თემის თავკაცებს:
  3. 3
    "ყატაროთი, დიბონი, იაყზერი, ნიმრა, ხეშბონი, ელყალე, სებამი, ნებო და ბეყონი -
  4. 4
    ქვეყანა, რომელიც მოსრა უფალმა ისრაელის თემის წინაშე, გამოსადეგი ყოფილა საქონლისთვის, შენს მსახურებს კი ჰყავთ საქონელი”.
  5. 5
    კიდევ უთხრეს: თუ ვპოვეთ მადლი შენს თვალში, მიეცეს ეს ქვეყანა შენს მსახურთ სამკვიდრებლად; ნუ გადაგვიყვან იორდანეს გაღმა”.
  6. 6
    უთხრა მოსემ გადის ძეთ და რეუბენის ძეთ: "თქვენი ძმები ომში წავლენ და თქვენ აქ ისხდებით?
  7. 7
    რატომ უცრუებთ გულს ისრაელის ძეთ იმ ქვეყანაში გადასვლაზე, რომელიც მათთვის აქვს მიცემული უფალს?
  8. 8
    ასე მოიქცნენ თქვენი მამები, როცა ქვეყნის დასაზვერად გავგზავნე ისინი კადეშ-ბარნეაყიდან.
  9. 9
    მივიდნენ ეშქოლის ხეობამდე, იხილეს ქვეყანა და გული აუცრუეს ისრაელის ძეთ იმ ქვეყანაში შესვლაზე, რომელიც მათთვის ჰქონდა მიცემული უფალს.
  10. 10
    და აღინთო უფლის რისხვა იმ დღეს და ასე დაიფიცა:
  11. 11
    ვერ იხილავს ეგვიპტიდან გამოსული ეს ხალხი, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ქვეყანას, რომელზეც შევფიცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რადგან არ გამომყვნენ მთელი გულით.
  12. 12
    გარდა ხალებისა, კენიზელი იეფუნეს ძისა და იეშუა ნავეს ძისა, რადგან ისინი მიჰყვებიან უფალს.
  13. 13
    აღინთო უფლის რისხვა ისრაელზე და ახეტიალა უდაბნოში ორმოც წელს, ვიდრე არ შთაინთქა მთელი თაობა, რომელიც ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.
  14. 14
    და აჰა, ახლა თქვენ აღმდგარხართ თქვენი მამების მაგიერ, ცოდვილ კაცთა ნაშიერნო, რათა კვლავ გააძლიეროთ უფლის მრისხანება ისრაელის მიმართ.
  15. 15
    თუ მიიქცევით მისგან, მაშინ კვლავ მიატოვებს მას უდაბნოში და დაღუპავთ მთელ ამ ხალხს”.
  16. 16
    ეახლნენ მას და უთხრეს: "აქ ავაშენებთ ცხვრის ფარეხებს ჩვენი საქონლისთვის და ქალაქებს ჩვენი ბავშვებისთვის.
  17. 17
    ჩვენ თვითონ კი შეიარაღებულნი წავალთ ისრაელის ძეთა წინ, ვიდრე არ მივიყვანთ თავ-თავის ადგილებამდე; ხოლო ჩვენი ბავშვები დარჩნენ გამაგრებულ ქალაქებში ამ ქვეყნის მკვიდრთა გამო.
  18. 18
    არ დავბრუნდებით ჩვენს სახლებში, ვიდრე ისრაელის თითოეული ძე არ დაიმკვიდრებს თავის სამკვიდრებელს.
  19. 19
    რადგან არ დავიმკვიდრებთ მათთან ერთად იორდანეს გაღმა და იქით, ვინაიდან გვერგო ჩვენ სამკვიდროდ იორდანეს აღმოსავლეთი მხარე.
  20. 20
    უთხრა მათ მოსემ: "თუ ასე მოიქცევით, შეიარაღდებით და წახვალთ ომში უფლის წინაშე,
  21. 21
    თითოეული თქვენგანი შეიარაღებული გადავა იორდანეს გაღმა უფლის წინაშე, ვიდრე არ განდევნის თავის მტრებს თავის პირისგან,
  22. 22
    და დაპყრობილი იქნება ქვეყანა უფლის წინაშე.
  23. 23
    თუ ასე არ მოიქცევით, აჰა, შესცოდავთ უფალს: იცოდეთ, რომ თქვენი ცოდვა გიპოვით თქვენ.
  24. 24
    აიშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისთვის და ფარეხები თქვენი ცხვრისთვის და ის, რაც წარმოთქვა თქვენმა ბაგემ - შეასრულეთ.
  25. 25
    და უთხრეს მოსეს გადისა და რეუბენის ძეებმა: "ისე მოიქცევიან შენი მსახურნი, როგორც ბრძანებს ჩვენი ბატონი.
  26. 26
    ჩვენი ბავშვები და ჩვენი ცოლები, ჩვენი პირუტყვი და მთელი ჩვენი საქონელი აქ დარჩებიან, გილყადის ქალაქებში;
  27. 27
    ყველა შენი მსახური გადავა, ვინც საბრძოლველადაა შეიარაღებული უფლის წინაშე, როგორც ამბობს ჩვენი ბატონი”.
  28. 28
    და უბრძანა მათზე მოსემ ელეაზარ მღვდელს, იეშუა ნავეს ძესა და ისრაელიანთა ტომების მამისსახლთა მთავრებს.
  29. 29
    უთხრა მათ მოსემ: "თუ თქვენთან ერთად გადავლენ გადისა და რეუბენის ძენი იორდანეს გაღმა უფლის წინაშე საომრად შეიარაღებულნი და დაგემორჩილებათ ის ქვეყანა, მაშინ მიეცით მათ გილყადის ქვეყანა სამკვიდრებლად.
  30. 30
    ხოლო თუ არ გადავლენ შეიარაღებულნი თქვენთან ერთად, მაშინ თქვენ შორის მიიღებენ ისინი წილს ქანაანის ქვეყანაში”.
  31. 31
    მიუგეს გადისა და რეუბენის ძეებმა: "როგორც უთხრა უფალმა შენს მსახურებს, ისე მოვიქცევით.
  32. 32
    შეიარაღებულნი გადავალთ ქანაანის ქვეყანაში უფლის წინაშე, სამკვიდრებელი კი იორდანეს გამოღმა გვექნება”.
  33. 33
    და მისცა მოსემ გადისა და რეუბენის ძეთ და იოსების ძის - მენაშეს ნახევარტომს, ამორელთა მეფის სიხონისა და ბაშანის მეფის ყოგის სამეფო, მიწა თავისი ქალაქებითა და სავარგულებით, ქვეყნის ქალაქები ირგვლივ.
  34. 34
    და ააშენეს გადის ძეებმა დიბონი, ყატაროთი, ყაროყერი,
  35. 35
    ყატაროთ-შოფანი, იაყზერი, იაგბეჰა,
  36. 36
    ბეთნიმრა და ბეთჰარანი, გამაგრებული ქალაქები ცხვრის ფარეხებიანად.
  37. 37
    რეუბენის ძეებმა ააშენეს ხეშბონი, ელყალე და კირიათაიმი,
  38. 38
    ნებო და ბაყალ-მეყონი (რომელთაც შეცვლილი აქვთ სახელები) და სიბმა; დაარქვეს თავის აშენებულ ქალაქებს სახელები.
  39. 39
    წავიდნენ მენაშეს ძის, მაქირის შთამომავალნი გილყადში, დაიპყრეს იგი და განდევნეს იქ მცხოვრები ამორელნი.
  40. 40
    და მისცა მოსემ გილყადი მაქირს, მენაშეს ძეს და ის დამკვიდრდა იქ.
  41. 41
    მენაშეს ძე, იაირი კი წავიდა, დაიპყრო მათი სოფლები და უწოდა მათ "ჰავოთ იაირ”.
  42. 42
    და წავიდა ნობახი, დაიპყრო კენათი თავის სოფლებიანად და მას თავისი სახელი, ნობახი უწოდა.
იტვირთება შემდეგი თავი
რიცხვნი 32 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა