რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 34
- 1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
- 2"უბრძანე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: როდესაც შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, ესაა ქვეყანა, რომელიც გერგებათ სამკვიდრებლად, ქანაანის ქვეყანა მისი საზღვრებით,
- 3სამხრეთის მხარედ გექნებათ ცინის უდაბნო ედომის ნაპირებით; სამხრეთის საზღვარი მარილოვანი ზღვის ბოლოდან აღმოსავლეთის მიმართულებით გექნებათ.
- 4სამხრეთიდან ყაკრაბიმის მაღლობისკენ გაუხვევს თქვენი საზღვარი, გაივლის ცინისკენ და სამხრეთით კადეშბარნეაყს მიებჯინება, ხაცარადარისკენ გავა და ჩაუვლის ყაცმონს.
- 5ყაცმონიდან ეგვიპტის ხევისკენ გაუხვევს საზღვარი და ზღვას მიებჯინება.
- 6დასავლეთის საზღვრად დიდი ზღვის სანაპირო გექნებათ; ეს იქნება თქვენთვის დასავლეთის საზღვარი.
- 7ეს გექნებათ ჩრდილოეთის საზღვრად: დიდი ზღვიდან ჰორის მთისკენ გაატარეთ იგი.
- 8ჰორის მთიდან ხამათის მისადგომამდე გაატარეთ, მიებჯინება საზღვარი ცედადს;
- 9ზიფრონისკენ გავა საზღვარი და იქნება მისი ბოლო ხაცარ-ყენანთან. ეს გექნებათ ჩრდილოეთის საზღვრად.
- 10აღნიშნეთ თქვენთვის ხაზი აღმოსავლეთის საზღვრისთვის ხაცარ-ყენანიდან შეფამის მიმართულებით,
- 11შეფამიდან რიბლასკენ, ყაინის აღმოსავლეთით დაეშვება საზღვარი და ქინერეთის ზღვის სანაპიროს აღმოსავლეთიდან შეეხება.
- 12იორდანესკენ ეშვება საზღვარი და მარილოვან ზღვას ებჯინება. ეს იქნება თქვენი ქვეყნის საზღვრები ყოველი მხრიდან”.
- 13ასე უბრძანა მოსემ ისრაელის ძეთ: "ესაა ქვეყანა, რომელსაც წილის ყრით დაიმკვიდრებთ, რომლის მიცემაც ბრძანა უფალმა ცხრა ტომისთვის და ნახევარი ტომისთვის.
- 14რადგან რეუბენისა და გადის ძეთა ტომებმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა, საკუთარი მამისსახლების მიხედვით მიიღეს თავ-თავისი სამკვიდრო.
- 15ამ ორმა და ნახევარმა ტომმა თავისი სამკვიდრო იორდანეს გაღმა, იერიხოს მახლობლად, აღმოსავლეთით მიიღო”.
- 16უთხრა უფალმა მოსეს:
- 17"ეს არის იმ კაცთა სახელები, რომლებიც დაანაწილებენ თქვენთვის ქვეყანას: ელეაზარ მღვდელი და იეშუა, ნავეს ძე.
- 18ყოველი ტომიდან თითო მთავარი მოიყვანეთ ქვეყნის დასანაწილებლად.
- 19აი, მათი სახელები: იუდას ტომიდან, ხალებ იეფუნეს ძე;
- 20სიმონის ძეთა ტომიდან, სამუელი, ამიჰუდის ძე;
- 21ბენიამინის ტომიდან, ელიდადი, ქისლონის ძე;
- 22დანის ძეთა ტომიდან, მთავარი ბუკი, იოგლის ძე;
- 23იოსების ძეთაგან: მენაშეს ძეთა ტომიდან, მთავარი ხანიელი, ეფოდის ძე;
- 24ეფრემის ძეთა ტომიდან, მთავარი კემუელი, შიფტანის ძე;
- 25ზებულონის ძეთა ტომიდან, მთავარი ელიცაფანი, ფარნაქის ძე;
- 26ისაქარის ძეთა ტომიდან, მთავარი ფალტიელი, ყაზანის ძე;
- 27აშერის ძეთა ტომიდან, მთავარი ახიჰუდი, შელომის ძე;
- 28ნაფთალის ძეთა ტომიდან, მთავარი ფედაჰელი, ამიჰუდის ძე”.
- 29ამათ უბრძანა უფალმა ქანაანის ქვეყნის განაწილება ისრაელის შვილებისთვის.
იტვირთება შემდეგი თავი