რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 36
- 1მივიდნენ გილყად მაქირის ძის, მენაშეს ძის მამისსახლთა საგვარეულოს მთავარნი იოსების ძეთა საგვარეულოდან და განაცხადეს მოსესა და ისრაელის ძეთა მამამთავრების წინაშე:
- 2თქვეს: "უფალმა უბრძანა ჩვენს ბატონს, რომ წილისყრით მისცეს ისრაელის ძეთ ქვეყანა სამკვიდრებლად და უფლისგან ებრძანა ჩვენს ბატონს, რომ ჩვენი ძმის, ცელაფხადის სამკვიდრებელი მის ასულებს მისცეს.
- 3და თუ ისინი ისრაელის ძეთა სხვა რომელიმე ტომის ძეებს მისთხოვდებიან, მაშინ მოაკლდება მათი წილი ჩვენი მამების სამკვიდრებელს და მიემატება იმ ტომისას, სადაც ისინი გათხოვდებიან, ხოლო ჩვენს წილხვედრ სამკვიდრებელს მოაკლდება;
- 4როცა ისრაელიანთათვის ზეიმის დღე დადგება, მაშინ მათი სამკვიდრო იმ ტომისას მიემატება, სადაც გათხოვდებიან და მოაკლდება ჩვენი მამების ტომის სამკვიდროს მათი წილი”.
- 5და ამცნო მოსემ ისრაელის ძეთ უფლის სიტყვისამებრ: "მართალს ამბობს იოსების ძეთა ტომი.
- 6ეს არის, რაც ბრძანა უფალმა ცელაფხადის ასულებზე: ვინც მოეწონებათ, იმათ მისთხოვდნენ, ოღონდ მამისეული ტომის საგვარეულოში გათხოვდნენ.
- 7რათა არ გადავიდეს ისრაელის ძეთა სამკვიდრებელი ტომიდან ტომზე; ვინაიდან ისრაელის ძეთაგან თითოეული თავის მამათა ტომის სამკვიდრებელზე უნდა იყოს მიწებებული.
- 8ყოველი ასული, რომელიც წილს ისრაელის ძეთა რომელიმე ტომში იმკვიდრებს, თავისი მამის ტომის საგვარეულოსას უნდა მისთხოვდეს, რათა თითოეულმა თავის მამათა სამკვიდრებელი დაიმკვიდროს ისრაელის ძეებში.
- 9არ უნდა გადადიოდეს სამკვიდრო ერთი ტომიდან სხვა ტომზე, ვინაიდან თავის სამკვიდრებელზე უნდა იყოს მიწებებული ისრაელის ძეთა თითოეული ტომი”.
- 10როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ცელაფხადის ასულები.
- 11და თავიანთ ბიძაშვილებს მისთხოვდნენ ცოლად ცელაფხადის ასულები: მახლა, თირცა, ხოგლა, მილქა და ნოყა.
- 12იოსების ძის, მენაშეს ძეთა საგვარეულოებში გათხოვდნენ ისინი; და დარჩა მათი სამკვიდრო თავისი მამის ტომის საგვარეულოს.
- 13ეს არის მცნებანი და წესები, რომლებიც მოსეს ხელით ამცნო უფალმა ისრაელის ძეთ მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ.