- 1
აბდიას ხილვა: ასე ამბობს უფალი ღმერთი ედომზე - ამბავი გვესმა უფლისგან, მაცნეები დაეგზავნათ ხალხებს: ადექით, გავიდეთ მის წინააღმდეგ საბრძოლველად!
- 2
აჰა, დაგამცირებ ხალხთა შორის, მოძულებული ხარ ფრიად.
- 3
გაცდუნა შენმა გულის ამპარტავნობამ, კლდის ნაპრალში დასახლებულო, შენი სადგომის სიმაღლეებში; გულში ამბობ: ვინ დამცემს მიწამდე?
- 4
არწივივით მაღლა რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიდო ბუდე, იქიდანაც დაგცემ ძირს! - ამბობს უფალი.
- 5
ქურდები რომ დაგცემოდნენ თავს ან ღამის ყაჩაღები, ასე არ გაჩანაგდებოდი! განა მხოლოდ თავის სამყოფს არ მოიპარავდნენ ისინი? ყურძნის მკრეფავნიც რომ შემოგსეოდნენ, განა ცოტა ყურძენს მაინც არ დაგიტოვებდნენ?
- 6
როგორ გაძარცვულა ესავი, როგორ გაუჩხრეკავთ მისი საგანძურები!
- 7
საზღვრამდე გდევნა ყველა შენმა მოკავშირემ, გიმუხთლეს და დაგძალეს შენთან მშვიდობით მცხოვრებლებმა; შენივე პურის მჭამელებმა დაგიგეს მახე: გონიერება არ არის მათში!
- 8
განა იმ დღეს არ იქნება - ამბობს უფალი - რომ მოვსპობ ბრძენკაცებს ედომში და გონიერებას - ესავის მთაზე?
- 9
შედრკებიან შენი ვაჟკაცები, თემანო, რადგან მახვილით ამოწყდება ყოველი კაცი ესავის მთაზე.
- 10
იმის გამო, რომ ძალადობდი შენს ძმაზე, იაკობზე, სირცხვილი დაგფარავს და სამუდამოდ მოიკვეთები.
- 11
იმ დღეს, როცა იდექი და გვერდიდან უყურებდი, უცხოტომელებს რომ მიჰქონდათ მისი ქონება, უცხო თესლი შევიდა მის კარიბჭეში და წილი ჰყარა იერუსალიმზე, შენც ერთი იმათგანივით იყავი.
- 12
არ უნდა გეყურებინა შენი ძმის დღისთვის, მისი ჭირის დღისთვის და არ უნდა გეხარა იუდაელებზე მათი განადგურების დღეს; არ უნდა გეტრაბახა მათი გაჭირვების დღეს.
- 13
არ უნდა შესულიყავი ჩემი ერის კარიბჭეში მათი უბედურების დღეს. დიახ, არ უნდა გეყურებინა მისთვის მისი ჭირის დღეს და ხელი არ უნდა გეხლო მისი ქონებისთვის მისი უბედურების დღეს.
- 14
არ უნდა მდგარიყავი გზაჯვარედინზე მისი ლტოლვილების გასაწყვეტად და არ უნდა გაგეცა მისი ნატამალი გაჭირვების დღეს.
- 15
რადგან ახლოა უფლის დღე ყველა ხალხზე. როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან; ყველაფერი მოგეზღვება.
- 16
რადგან როგორც თქვენ სვამდით ჩემს წმიდა მთაზე, ისევე შესვამენ ხალხები განუწყვეტლივ. შესვამენ და შთაინთქმებიან და იქნებიან, თითქოს არასოდეს ყოფილან.
- 17
სიონის მთაზე კი გადარჩენილნი იქნებიან და წმიდა იქნება იგი; დაეუფლება იაკობის სახლი თავის სამკვიდროს.
- 18
იაკობის სახლი ცეცხლი იქნება, იოსების სახლი - ალი, ხოლო ესავის სახლი - ნამჯა; ცეცხლს წაუკიდებენ და შთანთქავენ მათ, ისე რომ ვერავინ გადარჩება ესავის სახლიდან, რადგან უფალმა ბრძანა.
- 19
სამხრეთში მცხოვრებნი ესავის მთას დაიმკვიდრებენ, დაბლობში მცხოვრებნი - ფილისტიმს; ისრაელი ეფრემის და სამარიის მხარეს დაიმკვიდრებს, ბენიამინი - გილყადს.
- 20
ისრაელის ძეთა განთესილი ლაშქარი ცარეფთამდე დაიმკვიდრებს ქანაანს. სეფარადში განთესილი იერუსალიმი სამხრეთის ქალაქებს დაიმკვიდრებს.
- 21
ავლენ გამათავისუფლებელნი სიონის მთაზე, ესავის მთის განსაკითხად და უფლისა იქნება სამეფო.