- 1
პავლე, ქრისტე იესოს პატიმარი, და ძმა ტიმოთე, ფილიმონს, ჩვენს საყვარელ ძმასა და თანამშრომელს,
- 2
ასევე აპფიას, საყვარელ დას, და არქიპოსს, ჩვენს თანამებრძოლს და ეკლესიას შენს სახლში:
- 3
მადლი თქვენ და მშვიდობა, ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
- 4
ყოველთვის ვმადლობ ჩემს ღმერთს და გიხსენებ ჩემს ლოცვებში,
- 5
მესმის რა შენი სიყვარული და რწმენა, უფალ იესოსა და ყველა წმიდანის მიმართ რომ გაქვს,
- 6
ვლოცულობ, რათა ქმედითი იყოს შენი რწმენის გაზიარება, რომ სრულად შეიცნო ყველა ის სიკეთე, რაც ჩვენშია ქრისტესთვის,
- 7
რადგან დიდი სიხარული და ნუგეში გვაქვს შენს სიყვარულში, ვინაიდან შენით გახალისდნენ წმიდანთა გულები, ძმაო.
- 8
ამიტომ, თუმცა ქრისტეში მაქვს დიდი სითამამე, რომ გიბრძანო, რისი ქმნაც გმართებს,
- 9
მაგრამ უფრო გთხოვ სიყვარულით, არა ვინმე სხვა, არამედ მე, მოხუცებული პავლე, ახლა კი პატიმარიც, ქრისტე იესოსთვის;
- 10
გთხოვ ჩემს შვილ ონისიმეზე, რომელიც ჩემს ბორკილებში ვშვი.
- 11
იგი ოდესღაც გამოუსადეგარი იყო შენთვის, ახლა კი გამოსადეგია შენთვისაც და ჩემთვისაც.
- 12
გიგზავნი მას, ხოლო შენ მიიღე იგი, როგორც ჩემი გული.
- 13
მინდოდა ჩემთან დამეყენებინა იგი, რათა შენს მაგივრად მომმსახურებოდა სახარების ბორკილებში.
- 14
მაგრამ შენი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ ვინდომე, რათა შენი კეთილი საქმე ნაძალადევი კი არა, ნებაყოფლობითი ყოფილიყო.
- 15
ვინაიდან იქნებ იმიტომ დაგშორდა დროებით, რომ სამუდამოდ მიგეღო იგი,
- 16
ოღონდ უკვე არა როგორც მონა, არამედ მონაზე მეტი, როგორც საყვარელი ძმა, განსაკუთრებით ჩემთვის და, მით უმეტეს, შენთვის - ხორციელადაც და უფალშიც.
- 17
მაშ, თუ თანაზიარად მიგაჩნივარ, მიიღე იგი, ვითომც მე ვიყო.
- 18
თუ რამე გაწყენინა ან მართებს, მე მომკითხე.
- 19
მე, პავლე, ჩემი ხელით ვწერ ამას: მე გადავიხდი, რათა არ გითხრა, რომ შენ თავად მოვალე ხარ ჩემი.
- 20
მაშ ასე, ძმაო, ნება მომეცი ვისარგებლო შენგან უფალში. გაახალისე ჩემი გული ქრისტეში.
- 21
შენი მორჩილების იმედით მოგწერე და ვიცი, რომ იმაზე მეტსაც გააკეთებ, ვიდრე ვამბობ.
- 22
ამასთან ერთად ბინაც გამიმზადე, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ მოგეცემით თქვენი ლოცვით.
- 23
მოგიკითხავენ ეპაფრა, ჩემი თანაპატიმარი ქრისტე იესოსთვის,
- 24
მარკოზი, არისტარქოსი, დემასი და ლუკა - ჩემი თანამშრომლები.
- 25
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულს, ამინ!