იგავნი სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 12
- 1შეგონების მოყვარულს ცოდნა უყვარს, ბრიყვს კი ეჯავრება მხილება.
- 2კეთილი კაცი უფლისგან მადლს მოიხვეჭს, ავისმზრახველ კაცს კი მსჯავრს დასდებს.
- 3კაცი ბოროტებით ვერ დაფუძნდება, მართალთა ფესვი კი არ შეირყევა.
- 4გამრჯე ქალი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი ძვლების ხრწნასავითაა.
- 5მართალთა ფიქრები სამართლისკენაა, ბოროტეულთა ზრახვები კი ვერაგობისკენ.
- 6ბოროტეულთა სიტყვები სისხლის დასაღვრელად აქეზებენ, მართალთა ბაგეები კი იხსნიან მათ.
- 7დაემხობიან ბოროტეულნი და აღარ იქნებიან, მართალთა სახლი კი იდგება.
- 8კაცს მისი გონიერების მიხედვით შეაქებენ, გულმრუდეს კი მოიძულებენ.
- 9სჯობს უბრალო კაცი იყო და მსახური გყავდეს, ვიდრე დიდებულად მოგქონდეს თავი და პური გაკლდეს.
- 10მართალი თავისი პირუტყვის სიცოცხლეზეც ზრუნავს, ხოლო ბოროტეულთა სიბრალულიც კი სასტიკია.
- 11თავისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება, ამაოების მდევნელი კი ჭკუანაკლულია.
- 12უკეთურს ბოროტეულთა ნადავლი სწადია, მართლის ფესვი კი ნაყოფს გამოიღებს.
- 13ბოროტი თავისი ცოდვილი ბაგეებით ებმება მახეში, მართალი კი თავს აღწევს გასაჭირს.
- 14თავისი პირის ნაყოფის გამო სიკეთით გაძღება კაცი. თავისი ხელის საზღაური უკან უბრუნდება ადამიანს.
- 15სულელს თავისი გზა სწორი ჰგონია, ბრძენი კი რჩევას ითვალისწინებს.
- 16უგუნური მყისვე ავლენს თავის გაბრაზებას, გონიერი კი არ იმჩნევს წყენას.
- 17ჭეშმარიტების მოლაპარაკე სიმართლეს ამბობს, ცრუმოწმე კი - სიცრუეს.
- 18ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს, ბრძენის ენა კი კურნებაა.
- 19ჭეშმარიტებით სავსე ბაგენი სამარადისოდ დაფუძნდებიან, ცრუ ენა კი წამიერია.
- 20ავისმზრახველთა გულში სიცრუეა, მშვიდობის მრჩეველთ კი სიხარული აქვთ.
- 21არავითარი ზიანი არ შეემთხვევა მართალს, ბოროტეულნი კი უბედურებით არიან სავსენი.
- 22ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე, ერთგულნი კი ახარებენ მას.
- 23გონიერი კაცი ცოდნას ფარავს, უგუნურთა გული კი სისულელეს აცხადებს.
- 24ბეჯითის ხელი იბატონებს, ზარმაცი კი მონად იქცევა.
- 25დარდიანი გული თრგუნავს კაცს, კეთილი სიტყვა კი ახარებს.
- 26მართალი კაცი თავისი მოყვასის დამკვალიანებელია, ბოროტეულთ კი მათივე გზა დაღუპავს.
- 27ზარმაცი კაცი ნანადირევსაც კი არ შეიწვავს, კაცის ყველაზე დიდი ქონება სიბეჯითეა.
- 28სიმართლის გზაზე სიცოცხლეა; სიკვდილი არ არის მის ბილიკებზე.
იტვირთება შემდეგი თავი