იგავნი სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისგან მოდის.
- 2კაცის ყველა გზა სუფთაა მის თვალში, მაგრამ უფალი სწონის სულებს.
- 3უფალს მიანდე შენი საქმეები და შენი გეგმები განმტკიცდება.
- 4უფალმა ყველაფერი თავისი მიზნისთვის შექმნა, ბოროტეულიც კი - ავი დღისთვის.
- 5ყველა გულით ამაყი საძაგელია უფლისთვის, უსათუოდ დაუსჯელი ვერ გადარჩება ასეთი.
- 6წყალობითა და ჭეშმარიტებით გამოისყიდება დანაშაული, უფლის შიშით განერიდებიან ბოროტებას.
- 7როდესაც მოსაწონია უფლისათვის კაცის გზები, მტერთანაც კი შეარიგებს მას.
- 8სჯობს სიმართლით მცირედი, უმართლობით მოხვეჭილ დიდ შემოსავალს.
- 9კაცი თავის გულში გეგმავს გზას, ნაბიჯებს კი უფალი წარუმართავს.
- 10ღვთიური განაჩენია მეფის ბაგეზე, განკითხვისას არ უნდა უმართლობდეს მისი პირი.
- 11მართალი სასწორი და საწყაო აქვს უფალს, მისი შექმნილია აბგის ყველა საწონი.
- 12სისაძაგლეა მეფეთათვის უკანონობის ქმნა, რადგან სიმართლით განმტკიცდება ტახტი.
- 13მოსაწონია მეფეთათვის მართალი ბაგენი და უყვართ მათ წრფელად მოლაპარაკენი.
- 14სიკვდილის მაუწყებელია მეფის რისხვა, ბრძენი კი დააცხრობს მას.
- 15მეფის ხალას მზერაში სიცოცხლეა, მისი კეთილგანწყობა კი გაზაფხულის წვიმის ღრუბელივითაა.
- 16სიბრძნის შეძენა ოქროზე ბევრად უკეთესია, გონიერების შეძენა - რჩეულ ვერცხლზე უმჯობესი.
- 17წრფელთა გზა ბოროტებისგან განშორებაა, თავისი გზის დამცველი სიცოცხლეს უფრთხილდება.
- 18დაღუპვას წინ სიამაყე უძღვის, დაცემას - ქედმაღლობა.
- 19ჯობია თავმდაბლობის სული გქონდეს და მდაბიოებთან იყო, ვიდრე ამაყებთან იყოფდე ნადავლს.
- 20საქმის გონივრულად მკეთებელი სიკეთეს ჰპოვებს; ნეტარია უფალზე დაიმედებული.
- 21გულით ბრძენს გონიერს უწოდებენ, ტკბილი საუბარი დამაჯერებლობას მატებს.
- 22გონიერება სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, უგუნურთა შეგონება კი სისულელეა.
- 23ბრძენის გული გონიერს ხდის მის პირს და მის ბაგეთ ცოდნას მატებს.
- 24სასიამოვნო სიტყვები გოლეული თაფლივითაა, ტკბილი - სულისთვის და კურნება - ძვლებისთვის.
- 25არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილია.
- 26მშრომელს თავისი მადა აშრომებს, შიმშილი უბიძგებს შრომისკენ.
- 27უღირსი კაცი სიავეს განიზრახავს, მწველი ცეცხლივითაა მისი სიტყვები.
- 28უკუღმართი კაცი განხეთქილებას თესავს, ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.
- 29მოძალადე მოყვასს აცდუნებს და უკეთურ გზაზე ატარებს.
- 30ვინც თვალებს ჭუტავს უკუღმართობას განიზრახავს, ვინც ბაგეს იკვნეტს ბოლომდე მიჰყავს ბოროტი ზრახვები.
- 31ჭაღარა, დიდების გვირგვინია, სიმართლის გზაზე იპოვება იგი.
- 32რისხვაში ნელი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის მმართველი კი ქალაქის ამღებს.
- 33წილს კალთაში ყრიან, მაგრამ ყველა განაჩენი უფლისგან მოდის.
იტვირთება შემდეგი თავი