იგავნი სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 19
- 1უბიწოდ მავალი ღარიბი სჯობს, მრუდებაგიანსა და თანაც უგუნურს.
- 2ცოდნის გარეშე არ ვარგა კაცი და ვინც ნაბიჯებს იჩქარებს - შესცოდავს.
- 3ადამიანს თავისი უგუნურება უმრუდებს გზაკვალს, მისი გული კი უფალზე წყრება.
- 4ქონება მრავალ მეგობარს ჰმატებს, უქონელს თავისი მოყვასიც კი შორდება.
- 5სასჯელს ვერ აცდება ცრუ მოწმე და ვერ გადარჩება ტყუილის მოლაპარაკე.
- 6მრავალი ეძიებს დიდებულთა კეთილგანწყობას და ყველა მეგობრობს საჩუქრების დამრიგებელთან.
- 7ძმებსაც კი სძულთ ღარიბი კაცი; კიდევ უფრო გაურბიან მას მეგობრები; ევედრება მათ, მაგრამ არავინ პასუხობს.
- 8სიბრძნის შემძენს თავისი თავი უყვარს; ვინც გონიერებას ინარჩუნებს სიკეთეს ჰპოვებს.
- 9ცრუ მოწმე სასჯელს ვერ აცდება და ტყუილების მოლაპარაკე დაიღუპება.
- 10ბრიყვს არ შეეფერება ფუფუნება, მით უმეტეს მონას - მთავრებზე ბატონობა.
- 11განსჯის უნარი რისხვაში ნელს ხდის ადამიანს; მისი ღირსება დანაშაულის დავიწყებაა.
- 12ლომის ბრდღვინვასავითაა მეფის რისხვა, მისი კეთილგანწყობა კი ბალახზე დაფენილი ცვარივით.
- 13ბრიყვი ვაჟი მამის უბედურებაა, ცოლის ჭირვეულობა კი შეუწყვეტელი წვეთა.
- 14სახლი და ქონება - მამისგან მიღებული მემკვიდრეობაა, გონიერი ცოლი კი უფლისგანაა.
- 15სიზარმაცემ ძილქუში იცის და უქნარა კაცი იშიმშილებს.
- 16მცნების დამცველი თავის თავს იცავს, უფლის გზების აბუჩად ამგდები მოკვდება.
- 17ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის.
- 18გაწვრთენ შენი შვილი, სანამ ჯერ კიდევ არის იმედი; შეხედე, ნუ დაღუპავ მას.
- 19ფიცხი და მრისხანე კაცი მკაცრად დასაჯე, რადგან თუ დაინდობ, მაინც მოგიწევს დასჯა.
- 20შეისმინე რჩევა და მიიღე შეგონება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე.
- 21მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება.
- 22კაცი თავისი სიკეთით ფასობს; გაჭირვებული სჯობს მატყუარას.
- 23უფლის შიშს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი; კმაყოფილი დაიძინებს და ბოროტება არ ეწევა.
- 24ზარმაცი ლანგარში ჩაყოფს ხელს, მაგრამ პირთან მიტანა ეზარება.
- 25დამცინავს სცემე და გულუბრყვილო დაჭკვიანდება; შეაგონე კეთილგონიერს და მიხვდება.
- 26მამის გამძარცველი და დედის გამგდები შემარცხვენელი და უპატიო შვილია.
- 27ჩემო შვილო, შეწყვიტე იმ დარიგების მოსმენა, რომელიც გონიერი ნათქვამიდან გადახვევას მოგიწოდებს.
- 28აბუჩად იგდებს სამართალს არამზადა მოწმე, ბოროტთა პირი უმართლობას ყლაპავს.
- 29აბუჩად ამგდებთათვის სასჯელია გამზადებული, რეგვენთა ზურგისთვის კი - ცემა.
იტვირთება შემდეგი თავი